ავტორი:

ცნობილი შეფების მიერ ჩატარებული ხინკლის მასტერკლასი და მთის კვირეულის საზეიმო გახსნა - რა ხდებოდა თუშეთში, სადაც პრემიერი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა (ფოტოები)

ცნობილი შეფების მიერ ჩატარებული ხინკლის მასტერკლასი და მთის კვირეულის საზეიმო გახსნა - რა ხდებოდა თუშეთში, სადაც პრემიერი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა (ფოტოები)

"გვინდა, რომ დავამკვიდროთ მთის კვირეული, იმისთვის, რომ ყოველწლიურად ტრადიციულად გაიმართოს მთაში მთის კვირეული და აღვნიშნოთ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სიამაყე, მთის დღეები", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ომალოში, მთის კვირეულის ფარგლებში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის პრიორიტეტია, რომ მთას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭოს.

"მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ინიციატივით, გვინდა, რომ დავამკვიდროთ მთის კვირეული, იმისთვის, რომ ყოველწლიურად ტრადიციულად გაიმართოს მთაში მთის კვირეული და აღვნიშნოთ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სიამაყე, მთის დღეები.ამ არაჩვეულებრივ ადგილას, თუშეთში, ჩვენი სურვილია, რომ ძალიან ბევრი დამსვენებელი, ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს. ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, რომ მთას განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭოთ. რა თქმა უნდა, საჭიროა მეტი ინვესტიციების განხორციელება მთაში, მეტი ყურადღების მიქცევა" - განაცხადა პრემიერმა.

მთის კვირეული თუშეთში, ყაზბეგში, სვანეთსა და რაჭაში საქართველოს მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით იმართება. წელს პირველად, ფესტივალის ფარგლებში ხინკლის დღეები მოეწყო. მოქალაქეები გაეცნენ მთის ხინკლის ისტორიას, საფესტივალო სივრცეში გამოფენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიული შემეცნებითი კუთხე, ასევე სტუმრები დაესწრნენ ქსოვისა და რეწვის გაკვეთილებს.

თუშეთსა და ყაზბეგში ცნობილმა შეფებმა, ლევან კობიაშვილმა, დიმიტრი შარაშიძემ და ესმა კუნჭულიამ ადგილობრივ მზარეულებთან ერთად ხინკლის მომზადების მასტერკლასები და ადგილობრივი კერძების დეგუსტაცია ჩაატარეს. ადგილზე ასევე ცოცხალი ლუდი მომზადდა. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო სპორტული აქტივობები და შემეცნებითი ტურები.

მთის დღეების მუსიკალურ პროგრამაში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი მუსიკალური ჯგუფები და მომღერლები, როგორებიც არიან: “ბანი”, ”გუფილენდი“, “ჩვენებურები და ლელა ნაყეური”, ნოდარიკო ხუციშვილის ბენდი, “რეზო და ბავშვები”.

სტუმრები ღამეს სპეციალურად მოწყობილ კემპინგის ზონაში გაათენებენ. 23 ივლისს მთის დღეები გაიმართება მესტიასა და შოვში, სადაც ასევე წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი გასართობი და შემეცნებითი პროგრამა,ადგილობრივი კერძების მასტერკლასები და დეგუსტაცია.