სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში ტყის ხანძრები მძვინვარებს, გარდაცვლილია ასობით ადამიანი

სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში ტყის ხანძრები მძვინვარებს, გარდაცვლილია ასობით ადამიანი

მეხანძრეები პორტუგალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, საბერძნეთსა და მაროკოში ტყის ხანძრებს ებრძვიან, რაც გამოწვეულია ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურით. ხანძრებს უკვე ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პორტუგალიაში სიცხემ 47 გრადუსს, ესპანეთში კი 45-ს მიაღწია, რამაც ტყის ხანძრები გამოიწვია და ათასობით ადამიანი იძულებული გახდა ევაკუირებულიყო.

მედიის ცნობით, პორტუგალიაში მაღალი ტემპერატურა კვირის ბოლომდეა მოსალოდნელი, რაც ხანძრის გაჩენის რისკებს არ ამცირებს. პორტუგალიის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 7-13 ივლისის პერიოდში, სიცხის შედეგად, 238 ადამიანი დაიღუპა.

ესპანეთს რაც შეეხება, აქ სამხედრო სასწრაფო დახმარების განყოფილების 600-ზე მეტი თანამშრომელი ეხმარებოდა მეხანძრეებსა და რეინჯერებს ტყის ათობით ხანძრის ჩაქრობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით. ესპანეთის კარლოს III-ის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, გასულ კვირაში სიცხის გამო, 360 ადამიანი დაიღუპა, მათგან 123 მხოლოდ პარასკევს გარდაიცვალა.

სამშაბათიდან მოყოლებული, საფრანგეთში 14 000-ზე მეტი მაცხოვრებელი და ტურისტი გახდა იძულებული ევაკუაციისთვის მიემართა და თავშესაფარში გადასულიყო. საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მაღალი ტემპერატურის და ქარის გამო მომდევნო დღეებში ხანძრის ჩაქრობა გართულდება.

ხანძრის კერები გაჩნდა კუნძულ კრეტაზეც, რამაც 1000-ზე მეტი ოჯახი აიძულა ევაკუირებულიყო. ამ კვირაში, ხანძრის შემთხვევები ხორვატიასა და უნგრეთშიც დაფიქსირდა.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა