ავტორი:

"მზად ვართ, ავიღოთ კიევი და ნატოს ქვეყნები“ - კადიროვი პუტინს "უზენაეს მეთაურს" უწოდებს, უკრაინაში რუსეთის შეჭრას კი "წმინდა ბრძოლას სატანიზმის წინააღმდეგ"

"მზად ვართ, ავიღოთ კიევი და ნატოს ქვეყნები“ - კადიროვი პუტინს "უზენაეს მეთაურს" უწოდებს,  უკრაინაში რუსეთის შეჭრას კი "წმინდა ბრძოლას სატანიზმის წინააღმდეგ"

"მზად ვართ, იოლად ავიღოთ კიევი და ნატოს ქვეყნები“, - ამ შინაარსის განცხადებას "ტელეგრამის" საკუთარ არხზე ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი, რამზან კადიროვი ავრცელებს.

მისი თქმით, უკვე დაკომპლექტებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან შექმნილი სპეციალური დანიშნულების პოლკი "ჩრდილოეთი-ახმატი“. როგორც კრემლის მარიონეტი "ტელეგრამზე" წერს, პოლკის შემადგენლობაში არიან მეომრები, რომლებმაც საბრძოლო გამოცდილება სირიასა და უკრაინაში მიიღეს.

კადიროვმა ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს განაცხადა, რომ მამის, ახმატ კადიროვის სახელობის ახალ ჩეჩნურ ბატალიონებს ქმნიდა, სახელწოდებებით: "ჩრდილოეთი-ახმატი", "სამხრეთი-ახმატი", "დასავლეთი-ახმატი" და "აღმოსავლეთი-ახმატი". ბატალიონები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯარების შემადგენლობას შეავსებენ.

ჩეჩნეთის ლიდერმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომს და მას უწოდა "წმინდა ბრძოლა სატანიზმის წინააღმდეგ".

"იმ ჯოჯოხეთური სისაძაგლის მიმართ, რომელსაც დასავლეთი ავრცელებს მსოფლიოში დღეს, არავის შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა, გარდა რუსეთისა. ძალიან მადლობელი ვარ ჩვენი უზენაესი მეთაურის, რომელმაც მიიღო ასეთი სწორი გადაწყვეტილება და მოგვცა საშუალება მივიღოთ მონაწილეობა ამ წმინდა ბრძოლაში სატანიზმის წინააღმდეგ. ჩვენ მზად ვართ, ბრძანების შემთხვევაში, უფრო შორს წავიდეთ, იოლად ავიღოთ კიევი და ნატოს ქვეყნები... ნამდვილ ბრძოლებში გამობრძმედილ ჩვენს ქვედანაყოფებს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს მსოფლიოს ვერანაირი არმია... მხოლოდ ერთი ბრძანება ჩვენი პრეზიდენტისგან და ჩვენ მზად ვართ დავამსხვრიოთ დასავლური სახელმწიფოების ცრუ-დემოკრატიული, ფსევდო-ლიბერალური და სამხედრო-ბარბაროსული კამპანია, რაც აფუჭებს მსოფლიო საზოგადოებას, რათა მთელი მსოფლიო დაიმორჩილონ... რუსეთთან ბრძოლა არ არის ჰოლივუდის სამოქმედო ფილმი. მოამზადეთ თეთრი დროშები! ჯერ სერიოზულად არც კი დაგვიწყია!“ - წერს კადიროვი.

შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ჩეჩნეთის ხელისუფლების ინფორმაციით, უკრაინაში საბრძოლველად 8 ათასზე მეტი სამხედრო პირი, პოლიციელი და მოხალისე გაგზავნეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. მოხალისეები უკრაინაში იძულებით მიჰყავდათ, ჩეჩენთა ბატალიონებს კი დიდი დანაკარგი ჰქონდათ. ოფიციალური ინფორმაცია ამის თაობაზე არ ვრცელდება, რადგან კადიროვის ხელისუფლება დაღუპულთა რიცხვს საგულდაგულოდ მალავს.