ავტორი:

"თეირანი და მოსკოვი "დასავლური სიცრუის" წინააღმდეგ" - პუტინის, ალი ხამენეისა და ერდოღანის ირანში გამართული შეხვედრის დეტალები: რაზე შეთანხმდნენ ლიდერები

"თეირანი და მოსკოვი "დასავლური სიცრუის" წინააღმდეგ" - პუტინის, ალი ხამენეისა და ერდოღანის ირანში გამართული შეხვედრის დეტალები: რაზე შეთანხმდნენ ლიდერები

თეირანში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ირანელ და თურქ კოლეგებს, ალი ხამენეისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ერდოღანს შეხვედრისას მედიატორის როლი ჰქონდა. ანკარა ცდილობს თავისი როლი ითამაშოს მარცვლეულის იმპორტის საკითხთან დაკავშირებით.

  • პუტინმა შეხვედრას "ნამდვილად სასარგებლო და საკმაოდ არსებითი" უწოდა. მისივე განცხადებით, მხარეები ერთობლივი დეკლარაციის მიღებაზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც, ისინი პირობას დებენ, რომ სირიაში ვითარების "ნორმალიზაციისთვის" გააძლიერებენ თანამშრომლობას.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მან და ერდოღანმა უკრაინული და რუსული მარცვლეულის ექსპორტის, ასევე სასურსათო უსაფრთხოების საკითხი განიხილეს.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა თურქეთის ლიდერი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ მოლაპარაკებებში შუამავლობის გამო შეაქო და დასძინა, რომ გარკვეული პროგრესი იყო.

  • ირანის უზენაესმა ლიდერმა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ თეირანი და მოსკოვი ფხიზლად უნდა დარჩნენ "დასავლური სიცრუის" წინააღმდეგ

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ირანში ვიზიტად მყოფ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ თეირანი და მოსკოვი ფხიზლად უნდა დარჩნენ "დასავლური სიცრუის" წინააღმდეგ.

ამასთან, ხამენეი თეირანსა და მოსკოვს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის მოწოდებითაც გამოვიდა.

"ომი სასტიკი და რთული მოვლენაა და ირანს სულაც არ ახარებს ის, რომ უბრალო ხალხი ამისგან იტანჯება“ , - განაცხადა ირანის უზენაესმა ლიდერმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, ხამენეიმ თქვა, რომ ამერიკული დოლარი თანდათან უნდა მოიხსნას მსოფლიო ვაჭრობიდან და ეს ეტაპობრივად შეიძლება გაკეთდეს.

  • პუტინი მარცვლეულის იმპორტის შესახებ

"რუსული მარცვლეულის მიწოდებაზე შეზღუდვები უნდა მოიხსნას, იყო შეთანხმება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არავინ იყო წინააღმდეგი, მათ შორის შეერთებული შტატები", - განაცხადა პუტინმა ირანში გამართული შეხვედრების შემდეგ.

"ხელს შევუწყობთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, მაგრამ გამოვდივართ იქიდან, რომ მოიხსნება ყველა შეზღუდვა, რომელიც რუსული მარცვლეულის საჰაერო გზით ექსპორტთანაა დაკავშირებული. ამაზე თავდაპირველად საერთაშორისო ორგანიზაციებთან შევთანხმდით. ეს ყველაფერი აქამდე არავის გაუპროტესტებია, მათ შორის ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს”, - აღნიშნა პუტინმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ სურსათის საერთაშორისო ბაზრებზე ვითარების გასაუმჯობესებლად შეზღუდვები მოიხსნება.

“როგორც იცით, ამერიკელების მიერ მსოფლიო ბაზარზე რუსული სასუქების მიწოდებაზე შეზღუდვები ფაქტობრივად მოიხსნა. იმედი მაქვს, თუ მათ გულწრფელად სურთ გააუმჯობესონ ვითარება სურსათის საერთაშორისო ბაზრებზე, იგივე მოხდება რუსული მარცვლეულის მიწოდებასთან დაკავშირებით”, - განაცხადა პუტინმა.

  • პუტინი უკრაინასთან ომის შესახებ

"უკრაინამ უარი თქვა მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე, კიევს არც ახლა აქვს მათი შესრულების სურვილი", - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესაძლო შეხვედრის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

"მოლაპარაკებების პირობების შესაქმნელად ჩვენი ჯარები გავიდნენ უკრაინის ცენტრიდან, კიევიდან. კიევის ხელისუფლებამ უარი თქვა ამ შეთანხმების შესრულებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პრაქტიკულად მიღწეული იყო. ასე რომ, საბოლოო შედეგი, რა თქმა უნდა, არ არის დამოკიდებული შუამავლებზე, არამედ მხარეების სურვილზე, შეასრულონ მიღწეული შეთანხმებები. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ კიევის ხელისუფლებას ასეთი სურვილი არ აქვს“, - განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს ირანში ვიზიტის შემდეგ.