ავტორი:

რა საფრთხე ემუქრებოდათ ქართველებს მთებში - მთიელთა ბანდიტური  რაზმების ბაზები და გზები ძველ საქართველოში

რა საფრთხე ემუქრებოდათ ქართველებს მთებში - მთიელთა ბანდიტური  რაზმების ბაზები და გზები ძველ საქართველოში

უძველესი დროიდან საქართველოსა და იმიერკავკასიას მთის ვიწრო ბილიკები აკავშირებდა ერთმანეთთან. აღმოსავლეთ საქართველოში გასაყიდ ადამიანთა კონტინგენტის ხელში ჩაგდება, უპირატესად, დაუფარავი ძალისმიერი საშუალებით ხდებოდა, ამიტომაც აქ ადამიანებით ვაჭრობის ორგანიზაციაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ გზებსა და კომუნიკაციებს, რომლებითაც ლეკთა ბანდები გადაადგილდებოდნენ და ამ ვაჭრობის ცნობილ ცენტრებს უკავშირდებოდნენ.

ლეკთა თარეშისა და ადამიანებით ვაჭრობის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გზას, რომელიც აჭარიდან საქართველოს გავლით ახალციხისკენ მიემართებოდა. ლეკებს ტყვეები ტყეებსა და მთებში გამავალი ფარული გზებით გადაჰყავდათ ახალციხეში, იქიდან კი შავი ზღვის ნავსადგურებში - ბათუმსა და ფოთში.

სწორედ ამ საიმედო მარშრუტის დახმარებით, მათ განამტკიცეს ურთიერთობა თურქებთან, დააწესეს რეგულარული მიმოსვლა ადამიანებით მთავარმოვაჭრე ჭარსა და ახალციხეს შორის. საქართველო ამ დანაშაულებრივი ტრანზიტის ძირითად მაგისტრალად იქცა. ავაზაკებმა ბინა დიდი ხნით დაიდეს ახალციხეში, ჩილდირის საფაშოში. მოთარეშეები რაზმებად იყოფოდნენ. ზოგი ნადავლს აცილებდა, ზოგი კი ახლების მოტაცებასა და „საქონლის“ მარაგის შევსებაზე ზრუნავდა. ავაზაკები ფაშასთან იყვნენ გარიგებული. თუ ზამთარი დადგებოდა, ახალციხის ფაშას სამსახურში იმ პირობით უდგებოდნენ, რომ ნება მისცემოდათ ეძერცვათ ქართლი, იმერეთი და სამეგრელო. ამაში ისინი ფაშასგან გასამრჯელოსაც იღებდნენ.

XVIII ს-ის დამდეგიდან, მას შემდეგ, რაც ჭარისა და თალიშის „თავისუფალი საზოგადოებები“ საბოლოოდ ჩამოყალიბდა, მტაცებელი მთიელები მოქმედებდნენ არა მხოლოდ ახალციხიდან ან დაღესტნის ხეობებიდან, არამედ, აქ შექმნილი საკუთარი ბაზებიდან. ადამიანზე მონადირე მთიელთა საყრდენი ბაზები არსებობდა კახეთის განაპირა სოფლებში და ქართლშიც. ძველი ციხეები თუ ეკლესია-მონასტრები ლეკმა ავაზაკებმა თავიანთ ბუნაგებად აქციეს. აქ ინახავდნენ ნაძარცვ ქონებას, თავს უყრიდნენ დატყვევებულ ადამიანებსა და მოტაცებულ პირუტყვს. ამ თავშესაფრებით ლეკები ათწლეულების მანძილზე სარგებლობდნენ და მათი მოშლა ძნელად თუ ხერხდებოდა.

ლეკი მოთარეშეები განსაკუთრებით აქტიურობდნენ გაზაფხულსა და შემოდგომაზე, როდესაც გლეხები სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე გადიოდნენ. ლეკები შემოდგომაზე, ღამის გადიდებასა და აგრილებასთან ერთად, აძლიერებდნენ თავიანთ თავდასხმებს: „ეს ლეკნი აქ გავაზს დგანან, ხომ აგრილდა და აღარ წავლენ“ „კიდეც აგრილდა, მთის ჯარის მოსვლის დრო არის“, - წერდა დავით II ვახტანგ VI-ს მეორე წერილში. როგორც კი ზაფხული მიიწურებოდა, ისინი ზაფხულის საძოვრებიდან -იალაღებიდან - ზამთრის საძოვრებზე - ყიშლაღებზე - ეშვებოდნენ. კახეთის ბარი მშვენიერ საძოვარს წარმოადგენდა მათთვის.

აქ ჩამოდენილ ჯოგებს თან მოყვებოდნენ თავიანთი პატრონები - დაღესტნის ფეოდალები და ტომთა ბელადები, რომელთა მეორე ძირითადი საქმიანობა ამ დროს ადამიანებისა და ნადავლის ტაცება იყო. მთიელთა მტაცებლური ექსპედიციების მთავარი ორგანიზატორები დაღესტნის ფეოდალები და ტომთაბელადები იყვნენ, რომელთა სახელები ბლომად შემოუნახავს ქართულ წყაროებს: თარღუს შამხალი, ნურსალ-ბეგი, მალაჩი, გალეგა, ომარ-ხანი, ჩონჩულ მუსა, კოხტა ბელადი, ბენდა და სხვ. წარტყვევნის ორგანიზაციის თვალსაზრისით, ყველაზე უფრო ხშირი და სამძიმო ლეკთა წვრილ-წვრილი გუნდების თარეში იყო. ომან ხერხეულიძის ცნობით, ლეკები „ორასობით და სამასობით დადიოდნენ მრავალთა ადგილთა“, „...ქურდულად ასობით, ორასობით და უმეტესობითაც ვლიდნენ მრავალთა ადგილთა ცალ-ცალკე და ამით დიდად შეამჭირვეს ქართლი“.

ადამიანებით საშუამავლო ვაჭრობაში თურქებთან ერთად აქტიურობდნენ ბერძნები და ლაზებიც, რომელთაც იაფად ნაყიდი ტყვე-მონები ცნობილ ბაზრებზე, უპირატესად ყველაზე ძვირ ბაზარზე - იმპერიის დედაქალაქში მიჰყავდათ. დამოწმებული მასალების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ XVIII საუკუნის II ნახევარშიც ადამიანებით ვაჭრობა საქართველოსა და კავკასიაში კარგად აწყობილი და ორგანიზებული სარეწი იყო. ჩამოყალიბებული სისტემის მოსასპობად საჭირო იყო მრავალმხრივი ღონისძიებები, მტკიცე ხელისუფლება და სამხედრო ძალა, სამწუხაროდ, რეგიონში ასეთი ძალა და ორგანიზაცია იმჟამად არ არსებობდა.

ამ ძალიან საინტერესო თემას, ვრცლად წაიკითხავთ „საქართველოს ისტორიის პალიტრა“-ს მეექვსე ტომში, რომელიც 18 ივლისს გამოვიდა. გამოცემიდან ერთი კვირის განმავლობაში, წიგნის სპეციალური ფასი 13 ლარი იქნება, გაზეთთან ერთად კი - 15 ლარი.

თებერვლიდან ისტორიკოს ჯაბა სამუშიას ხელმძღვანელობითა და 20-ზე მეტი ისტორიკოს-მკვლევრის ავტორობით, გამომცემლობა "პალიტრა L” საქართველოს ისტორიის 15-ტომეულს - „საქართველოს ისტორიის პალიტრა“ - გამოსცემს. სერიის წიგნები თვეში ერთხელ, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გაიყიდება.

მეექვსე ნაწილი ხელმისაწვდომი იქნება „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების წერტილებშიც. ასევე, გამოწერა შესაძლებელია საიტიდანაც http://www.palitral.ge.

15-ტომეულში გადმოცემული ამბები უძველესი დროიდან დაიწყება და უახლეს პერიოდამდე მოვა. ეს იქნება მართლაც საქართველოს პალიტრა, მთელი თავისი მრავალფეროვანი თემებით: მონებით ვაჭრობა, კვების, ჩაცმის, მედიცინის, ვაჭრობის, ზღვაოსნობის თუ ეპიდემიების ისტორია და საზოგადოებისთვის საინტერესო არაერთი მიმართულება.

ავტორი: თეა ინასარიძე