ავტორი:

"ყველაფერი სამშობიარო ტრავმით დაიწყო და შემდეგ, აქ ჩატარებული ოპერაციებისას, მძიმე ქირურგიული შეცდომები დაუშვეს" - ბრძოლა ჯაბას სიცოცხლისთვის გრძელდება

"ყველაფერი სამშობიარო ტრავმით დაიწყო და შემდეგ, აქ ჩატარებული ოპერაციებისას, მძიმე ქირურგიული შეცდომები დაუშვეს" - ბრძოლა ჯაბას სიცოცხლისთვის გრძელდება

ჯაბა მურცხვალაძეს პირადად არასდროს შევხვედრივარ, მაგრამ მას და მის ოჯახს მეც, ქართველი საზოგადოების ნაწილიც და ჩვენი ვებგვერდის მკითხველებიც უკვე ვიცნობთ, ბევრმა იცის მისი დიაგნოზი - ჰიდროცეფალია (პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც თავის ქალაში მომატებულია თავ-ზურგ-ტვინის სითხის რაოდენობა.) და, აქედან გამომდინარე, ჯანმრთელობის ხშირად დამძიმება; 29 წლის ჯაბას, რომელიც არა მარტო თავად არის შშმ პირი, არამედ - მისი ოჯახის ორი წევრიც შშმ პირი გახლავთ, ბევრჯერ შეწევიან გულისხმიერი ადამიანები და სწორედ მათი დიდი ძალისხმევითა და თანადგომით მოვიდა დღემდე. სამწუხაროდ, ახალგაზრდა კაცს მუდმივად სჭირდება საზღვარგარეთ გამოკვლევა და შინ მკურნალობა, ამიტომ მისი მამა - გოგიტა მურცხვალაძეც იძულებულია, კვლავ საზოგადოებას მიმართოს დასახმარებლად.

- ბატონო გოგიტა, სიახლე ხომ არაფერია ჯაბასთან, როგორ გრძნობს თავს - უკეთ არის თუ პირიქით - დაუმძიმდა მდგომარეობა?

- ნამდვილად დამძიმდა მდგომარეობა იმიტომ, რომ ეპილეფსია ხომ ახასიათებდა, ნახევარი წლის წინ გულყრა დაეწყო, გათიშვები. ადრე კრუნჩხვაში რომ ჩავარდებოდა ხოლმე, როგორც ახასიათებს ამ მდგომარეობას, ისე ემართებოდა... რაც გათიშვა დაეწყო, ვთქვათ, რომ ვაბანავებ ან ვაჭმევ, უეცრად პულსი უვარდება და თითქმის 1 წუთის განმავლობაში მთლიანად ითიშება. ადრეც გვყავდა თურქეთში და ახლაც, იქაური დიაგნოზით ვიცით მიზეზი, რომ ეპილეფსიურ მოვლენებს და გულყრას ბავშვის თავის ტვინის მრავლობითი კისტა იწვევს. როგორც გვითხრეს, ჯაბას ოპერაცია დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან შესაძლებელია, ყველაფერი ფატალურად დამთავრდეს. ამიტომ ძალიან გვინდა, იმ შედეგს მაინც მივაღწიოთ, რომ კისტა მედიკამენტებით გაიწოვოს. ხშირად მსმენია, რომ სხვადასხვა ორგანოში არსებული კისტა მედიკამენტოზური მკურნალობით გაწოვილა. ძალიან მინდა, რომ ამგვარ შედეგს ჩვენც მივაღწიოთ. ჯაბას მონაცემები უცხოეთის ბევრ კლინიკაში გვაქვს დაგზავნილი და ველოდებით, ეგებ რომელიმე კლინიკიდან გამოგვეხმაურონ და მედიკამენტებით გავუგრძელოთ მკურნალობა. ოპერაციას ვერ გავბედავთ და ბავშვის სიცოცხლეს საფრთხეში ვერ ჩავაგდებთ. 29 წლის არის ჯაბა და აქამდე ხალხის თანადგომითა და დახმარებით მოვიყვანეთ. სწორედ ხალხის დახმარებით განვაგრძობთ ძვირადღირებულ მკურნალობას, პერიოდულად - გამოკვლევებს და იმედს ვეჭიდებით, რომ თუკი უცხოეთის რომელიმე კლინიკიდან გამოგვეხმიანებიან, ისევ ხალხის დახმარებით, ახალი მკურნალობით შედეგსაც მივაღწევთ.

- ახლა შინ განაგრძობთ ჯაბას მკურნალობას?

- შინ ვმკურნალობთ და როცა საჭიროა, ვცდილობთ, გამოკვლევისთვის თურქეთში გადავიყვანოთ. ძალიან ცუდად კი გამომდის ნათქვამი, მაგრამ... აქ ჩატარებული გამოკვლევები, გნებავთ თურქეთში, გნებავთ - გერმანიაში, საფრანგეთში თუ ისრაელში, არადამაჯერებელი გახდა. არ ვიცი, შესაძლოა, აქ არ იყო სათანადო აპარატურა. მაგრამ ისიც ფაქტია და საყოველთაოდაა ცნობილი ჩემი ბავშვის ამბავი, რომ ყველაფერი აქაური სამშობიარო ტრავმით დაიწყო და შემდეგ, აქ ჩატარებული ოპერაციებისას, მძიმე ქირურგიული შეცდომები დაუშვეს. ამიტომ სულ მაქვს ეჭვი, ვაითუ, აქაური გამოკვლევის პასუხები სწორი არ იყოს, სწორედ ის მაფერხებს, რომ კიდევ რამე შეცდომა არ დაუშვან.

- მოდი, ბატონო გოგიტა, თქვენი გეგმაც გაგვაცანით, რომ ადამიანებმაც, ვისაც თქვენი დახმარება სურთ, თანადგომა აღმოგიჩინონ...

- ახლახან, თურქეთი რომ მოვიარეთ, სერიოზული ხარჯი გვქონდა, ველოდებით კლინიკების შეხმიანებასაც, რომ ჯაბა კვლავ გამოსაკვლევად წავიყვანოთ. ამ ახალი გამოკვლევის თანხასთან ერთად, კვლევებს შორისაც, ხომ, ყოველთვის გვაქვს ძვირად ღირებული მედიკამენტოზური მკურნალობა, ამიტომ... ფაქტობრივად, მუდმივად გვჭირდება დახმარება. ვერ წარმოიდგენთ, რა მადლიერი ვართ ადამიანების. არ მინდა, ვინმემ ცუდად გამიგოს, მაგრამ, გულწრფელად ვამბობ - მართლაც ანთებული სანთლით ვლოცავ იმ ადამიანებს, ვინც წლების განმავლობაში გვერდში გვიდგას. ვინმეს შეიძლება ეგონოს, რომ აქ სტატიები რომ ქვეყნდება, ათი ათასობით შემოგვდის თანხა, არადა, ეს არის 1200-1700 ლარის ფარგლებში. ეს ადამიანები სულით და გულით გვეხმარებიან, ეხმარებიან ჩვენს შვილს, ვისაც როგორ შეუძლია, თუნდაც - 1, 5, 20 ლარით. მათი წყალობით არის, რომ დღეს ბავშვი ცოცხალი მყავს. მადლობის მეტი რა მეთქმის. ეს ფული გვყოფნის, მკურნალობის გასაგრძელებლად, გამოკვლევებს შორის რომ გადავანაწილოთ თანხა.

ახლა კი ადამიანებს ვთხოვ, შეძლებისდაგვარად დაგვეხმარონ, რომ ბავშვი კვლავ წავიყვანოთ უცხოეთში გამოსაკვლევად. მოუთმენლად ველოდებით დადებით პასუხს კლინიკებიდან, რომ ჯაბა გამოიკვლიონ და მოახერხონ, დაგვინიშნონ შესაბამისი მკურნალობა შინ მედიკამენტებით, რათა გაიწოვოს კისტა და ბავშვს გულყრა შეუწყდეს. როგორც კი შეგვეხმიანებიან, მაშინვე უნდა გავემგზავროთ, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის, რადგან დრო არ ითმენს. ჩვენი პენსია - ჩემი, ჯაბასი და ჩემი მეუღლის ამას ვერ გაწვდება, მე თან შშმ პირიც ვარ. აბა, რა ვქნათ?

- ჯაბას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ხალხის შვილობილი - მართლაც ხალხის იმედად რომ არის...

- მართლა ასეა და მადლობის მეტი რა მეთქმის! ერთიც მინდა დავამატო თქვენი მეშვეობით: ბევრმა არ იცის, რომ ჩემი მეორე ოჯახი არის "პატრიარქის კურთხევით პილიგრიმი“ - სხვადასხვა ეკლესიის მომლოცველები. თითქმის 65-მდე ეკლესია-მონასტერი მოვილოცეთ და ყველა ეკლესიაში სანთლებს ვანთებთ, ღმერთმა ამრავლოს საქართველოში ქველმოქმედი და კეთილი ხალხი - მარტო ჩემი შვილის გამო არ ვამბობ, ძალიან ბევრ ბავშვს სჭირდება დახმარება, ბევრ ადამიანს სჭირდება. კიდევ ერთს ვიტყვი: მე ყოველთვის მეამაყება, რომ ჩემს შვილს ცხონებული ლალი გუნთაიშვილი (გაზეთ "კვირის პალიტრის“ დამფუძნებელი და პირველი მთავარი რედაქტორი - ი.ხ.) "კვირის პალიტრის“ შვილობილს ეძახდა და ამის მოწმეა წლების განმავლობაში გაზეთის მთავარი რედაქტორის მოადგილე, ქალბატონი ნუცა დუმბაძე. ძალიან მახარებს, რომ ჩემი შვილისთვის გაღებულ სიკეთე, რასაც ქალბატონმა ლალიმ ჩაუყარა საფუძველი, დღესაც გრძელდება. ყველას, მთელ "კვირის პალიტრის“ მედიასახლს დიდი მადლობა თანადგომისთვის. ღმერთის წყალობით, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

საბანკო ანგარიშები, სადაც შეგიძლიათ დაეხმაროთ ჯაბას:

საქველმოქმედო ფონდი "ხომლი" ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლად. ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი: GE42BG0000000162421607

თიბისი ბანკი: GE45TB7420136080100007

თიბისი ბანკი. მიმღები: გოგიტა მურცხვალაძე. ანგარიში: GE57TB7080645064300028

ლიბერთი ბანკი. ბანკის კოდი: LBRTGE22 მიმღების ანგარიში: GE04LB0711186007624000

ავტორი: ირმა ხარშილაძე