ავტორი:

“მე ვითხოვ ისეთ რაღაცას, რისი თხოვნაც არასდროს მენდომებოდა, მე ვითხოვ იარაღს” - უკრაინის პირველი ლედი აშშ-ის კონგრესს

“მე ვითხოვ ისეთ რაღაცას, რისი თხოვნაც არასდროს მენდომებოდა, მე ვითხოვ იარაღს” - უკრაინის პირველი ლედი აშშ-ის კონგრესს

უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ აშშ-ის კონგრესის დეპუტატებს სიტყვით მიმართა. გამოსვლისას პირველმა ლედიმ შეერთებულ შტატებს საჰაერო თავდაცვის სისტემების უკრაინისთვის გაგზავნა სთხოვა.

„სამწუხაროდ, ომი არ დასრულებულა, ტერორი გრძელდება და მოგმართავთ ყველას სახელით, ვინც დაიღუპნენ, იმ ადამიანების სახელით, რომლებმაც დაკარგეს ხელები და ფეხები, მათ სახელით, ვინც ჯერ კიდევ ცოცხლები და კარგად არიან და ვინც ელოდება ოჯახების დაბრუნებას ფრონტიდან. მე ვითხოვ ისეთ რაღაცას, რისი თხოვნაც არასდროს მენდომებოდა, მე ვითხოვ იარაღს“, - განუცხადა მან სენატორებსა და კონგრესმენებს.

ოლენა ზელენსკას თქმით, ის ითხოვს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, „რათა რაკეტებმა არ მოკლან ბავშვები ეტლში“.

უკრაინის პირველმა ლედიმ დასძინა, რომ მას, ისევე როგორც ბევრ უკრაინელ დედას, სურს, რომ შვილებს მომავლის იმედი მისცეს.

„შეძლებს თუ არა ჩემი შვილი სკოლაში დაბრუნებას შემოდგომაზე, არ ვიცი, როგორც მილიონობით დედამ უკრაინაში. შეძლებს თუ არა ჩემი ქალიშვილი სასწავლო წლის დასაწყისში უნივერსიტეტში სწავლას და ნორმალურ სტუდენტურ ცხოვრებას? მე არ შემიძლია პასუხის გაცემა, ”- თქვა მან.

ზელენსკამ აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემების ქონის შემთხვევაში მათ ამ ყველაფერზე პასუხი ექნებოდათ.

„ჩვენ გვექნებოდა პასუხები, რომ გვქონდა საჰაერო თავდაცვის სისტემები”, - განაცხადა ზელენსკამ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს იმ დახმარებისთვის, რომელიც ქვეყანამ უკვე გაუგზავნა უკრაინას.

„ამერიკელმა ხალხმა და ამერიკელმა ოჯახებმა, კონგრესმა და პრეზიდენტმა ბაიდენმა უკვე ბევრი რამ გააკეთეს იმისთვის, რომ მტერს წინ აღვუდგეთ და დავიცვათ მილიონობით უკრაინელი. ჩვენ მადლობელი ვართ, ნამდვილად მადლობლები, რომ შეერთებული შტატები დგას ჩვენ გვერდით ამ ბრძოლაში ადამიანური ცხოვრების ჩვენი საერთო ღირებულებების და დამოუკიდებლობისთვის. სანამ რუსეთი კლავს, ამერიკა გვარჩენს და ამისთვის მადლიერები ვართ“, - განაცხადა პირველმა ლედიმ.

უკრაინის პირველი ლედი სამშაბათს თეთრ სახლში აშშ-ის პირველ ლედის ჯილ ბაიდენს პირადად შეხვდა.