ავტორი:

„ჩემთვის მნიშვნელოვანია უკუკავშირი როგორც მკითხველის, ისე ლიტერატურის კრიტიკოსების მხრიდან“ – „გახდი ბესტსელერი ავტორის“ გამარჯვებული მენტორთან მუშაობასა და თავის რომანზე

„ჩემთვის მნიშვნელოვანია უკუკავშირი როგორც მკითხველის, ისე ლიტერატურის კრიტიკოსების მხრიდან“ – „გახდი ბესტსელერი ავტორის“ გამარჯვებული მენტორთან მუშაობასა და თავის რომანზე

გამომცემლობა „გახდი ბესტსელერის ავტორი 2022-ის“ გამარჯვებულთა ნამუშევრებს მკითხველი წიგნის მაღაზიათა თაროებზე შემოდგომიდან იხილავს. მანამდე ავტორებმა მენტორებთან ერთად რედაქტირების ხანგრძლივი და საინტერესო პროცესი უნდა გაიარონ, რაც ახალი აღმოჩენების გაკეთებასა და წერაში უფრო დახელოვნებას გულისხმობს.

ტრადიციულად, კონკურსს წელსაც სამი გამარჯვებული ჰყავს: ირაკლი არიშვილი - „დასაწყისის დასასრული“, ოლანი ბიწაძე - „მანიტუ“ და ანუკი შატაკიშვილი - „წუთით კოსმოსში“.

სამივე მათგანი თავიანთ მენტორებთან ერთად ნამუშევრის დახვეწაზე მუშაობს, რათა მკითხველამდე სრულყოფილი ლიტერატურული ნაწარმოები მივიდეს.

ერთ-ერთი მათგანი არის ოლანი ბიწაძე, რომელმაც თავის მენტორთან - მწერალ და რედაქტორ ინა არჩუაშვილთან - ერთად საკუთარი ნამუშევრის რედაქტირება თითქმის დაასრულა და შთაბეჭდილებებს გვიზიარებს:

ოლანი ბიწაძე, „მანიტუს“ ავტორი: შეიძლება ითქვას, მუშაობის პროცესი თითქმის დასრულებულია, ბოლო ნაწილის განხილვას მოვრჩით. მთელი ეს პროცესი იყო ძალიან საინტერესო, შრომატევადი და აღმოჩენებით სავსე. რაც მთავარია, ემსახურებოდა წიგნის გაუმჯობესებას, რაზეც იმ ადამიანთან ერთად ვზრუნავდი, რომელიც უკვე პროფესიონალი მწერალია და ამ საქმეში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

როგორც უნდა ცდილობდე ემოციური ტექსტის შექმნას, მაინც, როგორც ავტორი სუბიექტური და მიკერძოებული ხარ. როცა ტექსტს უკვე მკითხველის თვალით უყურებ, სხვისი პოზიციიდან ხედავ, განსაკუთრებით კი ისეთი ადამიანის, რომელიც უკვე გამოცდილია, ხვდები, რომ რაღაცების რედაქტირება საჭიროა. ჩემთვის მნიშვნელოვანია უკუკავშირი როგორც მკითხველის, ისე ლიტერატურის კრიტიკოსების, გამოცდილი მწერლებისა და ავტორების მხრიდან.“

ინა არჩუაშვილი, მენტორი: მე და კონკურსის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა ოლანი ბიწაძემ ძალიან კოლეგიალურად ვიმუშავეთ. დამეხმარა ის ფაქტი, რომ ოლანი არის ფილოლოგი და მისთვის ბევრი რამის ახსნა არ დამჭირვებია. ის ძალიან სწორად რეაგირებს ყველა რეკომენდაციაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ოლანი არ არის გამოუცდელი ავტორი, მას სხვადასხვა დროს აქვს ტექსტები გამოქვეყნებული, თუმცა ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი და გამოცდილების გაზიარება ბევრ რამეში დაეხმარა. შეიძლება, განსხვავებული მოლოდინები ჰქონდა და გარკვეულ შემთხვევებში არ გაუმართლდა, თუმცა შენიშვნებზე სწორად რეაგირებამ საბოლოო ჯამში, სწორი გზით წაგვიყვანა. ეს არის ავტორი, სამომავლოდ რომელიც აუცილებლად წინ უნდა წავიდეს და წარმატებას მიაღწიოს. ოლანი არის ძალიან გონიერი, ნიჭიერი ადამიანი და სხვათა შორის არ არის ძალიან თავდაჯერებული, მაგრამ აქვს შინაგანი სიმტკიცე და სურვილი, რომ რაც შეიძლება ბევრი მიიღოს. შესაბამისად, მაქსიმალურად ეჭიდება ყველა შენს ნათქვამ სიტყვას, გონიერება კი სწორედ ამაში მდგომარეობს.“

„გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ყველაზე პოპულარული ლიტერატურული კონკურსია, რომელიც 2017 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. კონკურსმა უკვე მკითხველთა ფართო წრეებისთვის ცნობილი არაერთი ავტორი აღმოაჩინა, რომელთა ნამუშევრებიც ხშირად ხვდება ბესტსელერთა სიაში.

R