ავტორი:

"ხელისუფლების მხრიდან თავდასხმა აშშ-ის რომელიმე წარმომადგენელზე არ ყოფილა - თუ შეურაცხყოფა ვნახეთ, ეს იყო რადიკალური ოპოზიციის მხრიდან" - არჩილ თალაკვაძე

"ხელისუფლების მხრიდან თავდასხმა აშშ-ის რომელიმე წარმომადგენელზე არ ყოფილა - თუ შეურაცხყოფა ვნახეთ, ეს იყო რადიკალური ოპოზიციის მხრიდან" - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების არცერთი წარმომადგენლის მხრიდან თავდასხმა ან შეურაცხყოფა აშშ-ის მთავრობაზე ან მის რომელიმე წარმომადგენელზე არ ყოფილა და ეს მომავალშიც გამორიცხულია.

არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმა აშშ- ის ელჩ კელი დეგნანზე, ასევე მის გუნდზე არ შეესაბამება პარტნიორებს შორის არსებულ კომუნიკაციას.

თალაკვაძის განმარტებით, თავდასხმა და შეურაცხყოფა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან იყო.

"ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ აშშ-ის ხელისუფლებაზე, რომელიმე მის წარმომადგენელზე საქართველოს ხელისუფლების რომელიმე ოფიციალური წარმომადგენლის მხრიდან არასდროს ყოფილა არანაირი თავდასხმა და ასეთი მომავალშიც გამორიცხულია. აშშ არის საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ ათწლეულობის განმავლობაში ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და ურთიერთობა გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ძალიან ფასეულია. თუ თავდასხმა და შეურაცხყოფა ვნახეთ, ეს იყო რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ამას არაერთი შეფასება მოჰყვა. ყველას გვახსოვს, "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, თუ რა შეფასებებს აკეთებდნენ დასავლეთის ელჩების მიმართ ამ წლების განმავლობაში, წარსულშიც და საერთოდ, ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რასაც აკეთებენ, მმართველ პარტიას გადააბრალონ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა გუშინ ბრიფინგი საქართველოზე საუბრით გახსნა. მისი თქმით, დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები აშშ- ის ელჩ კელი დეგნანზე და მის გუნდზე არ შეესაბამება პარტნიორებს შორის არსებულ კომუნიკაციას. მისივე განცხადებით, აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, თუმცა, ზოგიერთი ქართველი ოფიციალური პირის რიტორიკა მოსახლეობის ამ მიზნიდან ყურადღების გადატანას ემსახურება.

ასევე იხილეთ: