ავტორი:

"აზოვსტალის" კატაკომბებში ჩატანილი ქართული დროშის ისტორია - "უკრაინელმა, რომელმაც სამახსოვროდ დაიტოვა მეგობარი ქვეყნის დროშა, მტერს არ მიუგდო საჯიჯგნად და სათრევად"

"აზოვსტალის" კატაკომბებში ჩატანილი ქართული დროშის ისტორია - "უკრაინელმა, რომელმაც  სამახსოვროდ დაიტოვა მეგობარი ქვეყნის დროშა, მტერს არ მიუგდო საჯიჯგნად და სათრევად"

რუსეთ-უკრაინის ომში ბევრი ქართველი იბრძვის. ჩვენ და უკრაინელებს განსაკუთრებული სიახლოვე გვაქვს, ამასთანავე, ერთი დიდი და ბოროტი მტერი გვყავს, რომელიც ჩვენს ქვეყნებს და მოსახლეობას უზარმაზარ ტკივილს აყენებს. სოლიდარული დამოკიდებულება რუსეთისგან გადარჩენის ერთ-ერთი საშუალებაა. უკრაინის დასაცავად ქართველი და უკრაინელი ჯარისკაცები მხარდამხარ იბრძვიან. ამ პერიოდში ძმური ურთიერთობის არაერთი გასაოცარი ამბავი მოხდა, რომელთა დიდი ნაწილი ჩვენამდე ვერც აღწევს. თუმცა განსაკუთრებით ემოციური აღმოჩდა ქართული დროშის ისტორია, რომელიც უკრაინელებთან ერთად "აზოვსტალში“ "იბრძოდა" და რომელიც უკრაინელმა გმირებმა ტყვედ ჩაბარების შემდეგ რუსეთის მიერ განადგურებულ ქარხანაში კი არ დატოვეს, არამედ უპატრონეს და თან წაიღეს.

ამ ისტორიას ქართველი მებრძოლი მიხეილ გოგნაძე წერს:

"დიდი ხანია მინდა ამის დაწერა, ხან დრო არ მქონდა, ხან სიტყვებს ვერ მოვუყარე თავი, ეს მოკლე, მაგრამ ამავდროულად ძალიან ღრმა აზრის მატარებელი ისტორიაა:

მოკლედ, უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის ჯარისკაც "პანდას" 2021 წლის დეკემბერში შევხვდი, (მისი სახელი და გვარი დღემდე არ ვიცი) მისმა ჯგუფმა ჩემი ჯგუფი ჩაანაცვლა წინა ხაზზე. ის დღე მათთან დავრჩი, სიტუაცია ავუხსენი, სექტორები და ევაკუაციის გეგმა გავაცანი. მეორე დღეს დავემშვიდობეთ ერთმანეთს და ჩვენ "როტავიაზე“ წამოვედით ბაზაზე, წამოსვლისას ქართული დროშა მთხოვა, დამიტოვე სამახსოვროდო, რამდენიმე დროშა მქონდა საქართველოსი და ერთ-ერთი დავუტოვე ხელმოწერით და სამახსოვრო ორი სიტყვით. ეს ყველაფერი ხდებოდა დონეცკის ოლქში, მარიუპოლიდან სულ ორ ათეულ კულიმეტრში, ვოდინოე-შიროკინოს პოზიციებზე. (ეს ის პოზიციებია, სადაც შარშან ზაფხულს შონ პენი იყო ჩამოსული და ფილმისთვის მასალას აგროვებდა). ჩვენ დავბრუნდით ბაზაზე, ორი თვე არ იყო გასული რო ბრძანება მივიღეთ და უკან დავბრუნდით - 19 თებერვალს, დავიძარით უჟგოროდიდან და 24 თებერვალს დილით უკვე პოზიციებთან ვიყავით, ნუ, ეს სულ სხვა ისტორიაა, უბრალოდ, პირველივე დღეებიდან არ მქონია კავშირი ბიჭებთან, ვინც ჩემი პოზიცია ჩაიბარა, პირველი ტალღა მათ მიიღეს თავის თავზე, სასტიკი ბრძოლები და დაბომბვები გამოიარეს და მარიუპოლამდე დაიხიეს უკან. მარიუპოლში გამაგრდნენ და ბოლოს აზოვს შეუერთდნენ "აზოვსტალში“. სწორედ აზოვსტალიდან გამოვიდა "პანდა" კავშირზე, მაშინ გახსნა პირველად სმს-ი. გამეხარდა რა თქმა უნდა, მოვიკითხეთ ერთმანეთი და მითხრა რომ უკვე "აზოვსტალში" იმყოფებოდნენ აზოველებთან ერთად, მერე ისევ გაწყდა კავშირი, ერთი კვირით ალბათ, ისევ გამიჩნდა 16 მაისს მომწერა, ისევ აქ ვართ დანებებას არ ვაპირებთო, და ფოტო გამომიგზავნა რომელიც სულ ბოლოშია, "აზოვსტალის" კატაკომბებში გატარებული, ჭუჭყიანი მაგრამ მაინც ლამაზი ქართული დროშა უკრაინულთან ერთად. პოზიციებიდან წამოვიღე, არ დავტოვეო, იმ წუთას ალბათ ყველაზე ამაყი ადამიანი ვიყავი მთელს დედამიწაზე, რადგან ადამიანმა, რომელმაც იკისრა ტვირთად და სამახსოვროდ დაიტოვა მეგობარი ქვეყნის დროშა, მტერს არ მიუგდო საჯიჯგნად და სათრევად და შეიძლება სიცოცხლის რისკის ფასადაც კი ჩამოხსნა და წამოიღო თავიანთ დროშასთან ერთად, ადამიანმა რომელიც არც ძმა იყო ჩემი, არც თანამემამულე, არც თანამებრძოლი, რომელთანაც მხოლოდ ერთი დღე და ღამის ნაცნობობა მაკავშირებდა, გაითავისა ის ფაქტი, რომ ქართული დროშა არ დაეტოვებინა. ......

ზოგისთვის დროშა ალბათ უბრალო ნაჭრის ნაგლეჯია, ზოგი ვერ აცნობიერებს, რის ფასად ჯდება სახელმწიფოს და ჯარისკაცებს საკუთარი დროშის და გერბის დაცვა, ზოგისთვის ეს ყველაფერი უბრალოდ სულერთია, მაგრამ არა მეომრისთვის. მეომრისთვის დროშა ყველაფერია, დროშის უკან სამშობლო, სახელმწიფო და ერი დგას, ისტორია დგას.

დღეს "პანდა" ტყვეობაშია ბოლო სმს-დან ორ დღეში "აზოვსტალი“ ჩაბარდა უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებით. ვიცი, ცოცხალია და ამავდროულად ისიც მესმის, რისი გადატანა უწევს ამ ხნის განმავლობაში, ჩემთვის ის გმირია, გმირზე უგმირესი, მას ქონდა არჩევანი და მან ბრძოლა აირჩია.

მე ვამაყობ შენით ძმაო, გამძლეობას გისურვებ. აუცილებლად შევხვდებით".

ცნობისთვის, "აზოვსტალისთვის“ ბრძოლა 18 მარტიდან 20 მაისამდე გრძელდებოდა. უკრაინულმა ჯარმა ტერიტორია გმირულად დაიცვა და რუსეთის მოიერიშე რაზმები სერიოზულად დააზიანა. "აზოვსტალიდან“ ევაკუაცია ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით განხორციელდა.