ავტორი:

"საუბარს, რომ ჩვენ დასასვენებლად და გასარუჯად წავედით, სამწუხაროდ, პრეზიდენტიც შეუერთდა" - გია ვოლსკი

"საუბარს, რომ ჩვენ დასასვენებლად და გასარუჯად წავედით, სამწუხაროდ, პრეზიდენტიც შეუერთდა" - გია ვოლსკი

იმაზე საუბარს, რომ ჩვენ დასასვენებლად და გასარუჯად წავედით, როგორც ეს ზოგიერთ როყიო განცხადებებში მოვისმინეთ, სამწუხაროდ, პრეზიდენტიც შეუერთდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, როცა პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომის აუცილებლობაზე საუბრობს, სჯობდა განცხადება იმაზე გაეკეთებინა, რომ უმრავლესობის და ოპოზიციის ერთად მუშაობაა საჭირო კომიტეტებში.

"ჩვენ ვფიქრობთ და გვინდა, რომ ასე იყოს, რომ ის შეცდომაშია შეყვანილი და სრული ინფორმაცია არ ჰქონდა, რომ კომიტეტები მუშაობას აგრძელებდნენ. სჯობდა ერთი განცხადება, ორი ან მეტი იმაზე გაკეთებინა, რომ ამ კომიტეტებში ერთად ყოფნაა საჭირო, რაც მიმდინარეობს. ის რაც პრეზიდენტმა გააკეთა, ეს იყო მინიშნება, რომ თითქოს არაფერი კეთდება და უმრავლესობა დასასვენებლად წავიდა", - განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, რას უპასუხებს ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამუშაო პროცესში მისი წარმომადგენელი უნდა ჩაერთოს, ვოლსკი აცხადებს, რომ "პრეზიდენტი არ უნდა ეცადოს თავის საკონსტიტუციო უფლებამოსილებას გადააჭარბოს.

"არევა ფუნქცია- მოვალეობების ცუდ დაღს ამჩნევს ქვეყანას. არასდროს არ მონდომებია მაგალითად, გერმანიის პრეზიდენტს ჩართულიყო ისეთ პროცესებში, რომელიც ბუნდესტაგში მიმდინარეობს და მას აბსოლუტურად არ ეხება", - აცხადებს ვოლსკი.

დეპუტატი ელჩების დანიშვნის ნაწილში ზურაბიშვილის განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, "კონსტიტუციის და საკუთარი ფუნქციების კომენტირებისას, ზურაბიშვილი ცდება იმ ჩარჩოებს, რაც პრეზიდენტისთვის არის განსაზღვრული".

რაც შეეხება ანტიდასავლურ რიტორიკაზე პრეზიდენტის მიერ "ქართულო ოცნების" კრიტიკას, ვოლსკი აცხადებს, რომ მათ გუნდს ანტიდასავლური რიტორიკა არ ახასიათებს. მისივე თქმით, არსებობს გარკვეული თემები, რაც ეხება მაგალითად ,ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას და სამწუხაროა, რომ არავინ სვამს 308 ევროპარლამენტარის წინაშე კითხვას, "თუ რატომ შეურაცხყოფს და რატომ არის ასეთი აგრესიული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ".

ამასთან, ვოლსკი აღნიშნავს, რომ სანამ პრეზიდენტი რუსეთთან მმართველი გუნდის დამოკიდებულებაზე გააკეთებს განცხადებებს ამ საკითხებზე ზურაბიშვილს უფრო სიღრმისეული ანალიზის გაკეთება მართებს, რადგან არსებობს საქართველოს მიერ მოგებული საქმეები რუსეთის წინააღმდეგ, რაც შეეხება უკრაინაში რუსეთის აგრესიას, ვოლსკი აცხადებს, აქაც საქართველო უამრავ საერთაშორისო დოკუმენტს მიუერთდა.

" არათუ არცერთ საერთაშორისო დოკუმენტს არ ჩამოვრჩით და ავტორები არ გავხდით, არამედ იქაც რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ტრიბუნალშია საქმე შეტანილი, ამიტომ ამ საკითხებზე ზურაბიშვილს უფრო სიღრმისეული ანალიზის გაკეთება მართებს წინასწარ", - განაცხადა ვოლსკიმ.