ავტორი:

"სახლში ყოფნის დიდ ნაწილს აქ ვატარებ... ვერ ვიტყვი, რომ ჩემი შვილები ამ ყველაფერში ჩართულები არიან, მაგრამ ეს სამყარო მოსწონთ" - ცნობილი მსახიობის გატაცება და ორანჟერეა თბილისის ცენტრში

"სახლში ყოფნის დიდ ნაწილს აქ ვატარებ... ვერ ვიტყვი, რომ ჩემი შვილები ამ ყველაფერში ჩართულები არიან, მაგრამ ეს სამყარო მოსწონთ" - ცნობილი მსახიობის გატაცება და ორანჟერეა თბილისის ცენტრში

ქალაქის ცენტრში, საბურთალოზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი სართულის აივანზე საოცარი ორანჟერეაა მოწყობილი. იქ წლების განმავლობაში ნაგროვები და ნაფერები უამრავი მცენარეა თავმოყრილი. ამ ყვავილების შემხედვარე ხვდები, რომ მათ პატრონებს გარემო ძალიან უყვართ და მასზე მუდმივად ზრუნავენ.

ორანჟერეის პატრონი და ჩვენი მასპინძელი ცნობილი მსახიობი, რეჟისორი და ახლა უკვე ტელეწამყვანიც ზალიკო ჩიქობავაა და მასთან ახლა არა თეატრზე, მცენარეებზე მოგვიწევს საუბარი. გვიყვება, როდის გამოვლინდა მასში მცენარეების, ბუნების ასეთი სიყვარული, როგორ უვლის და ზრუნავს უამრავ მცენარეზე და ამ ყველაფერს რა ადგილი უკავია მის ცხოვრებაში.

- ბუნება სამყაროს ნაწილია, ჩვენც მისი ნაწილები ვართ, მაგრამ სამყაროში ბუნებას სერიოზული ადგილი ჩვენზე ბევრად ადრე ეჭირა. ამიტომ ყველაფერს, რაც გარშემო იზრდება, ცოცხლობს და ხარობს, უნდა მოვუაროთ. ჩემში ბუნების სიყვარული ბავშვობიდან დაიწყო. მქონდა ფუფუნება, ბედნიერება ზაფხული სოფელში ბებია-ბაბუასთან გამეტარებინა...

დასავლეთში საქართველოში ცნობილია, რომ გარემოზე ზრუნვის უფრო მაღალი კულტურა არსებობს. ეზოს გამორჩეულად უვლიან - „წინა ეზოს“ ეძახიან ადგილს, სადაც სტუმარი პირველად ხვდება და ცდილობენ, ეზო ლამაზი ჰქონდეთ - მცენარეებით სავსე და გამწვანებული, მოვლილი, დასუფთავებული.

- კი, ეს ყველაფერი იქ მართლაც თვალშისაცემია...

- მოკლედ, ბავშვობაში ასეთ გარემოში მიწევდა სოფელში ყოფნა. ამასთან, მიწასთან ურთიერთობაც, რომელსაც ბაბუა ამუშავებდა. უვლიდა ვენახს, ბაღს, ბებია ბოსტანში საქმიანობდა. ბავშვები, მათი ექვსი შვილიშვილი, სულ ბიჭები, იმ პროცესებში ვერთვებოდით. იქვე ვსწავლობდი იმას, როგორ გაგვესხლა ვაზი, როგორ მოგვეთოხნა, მოგვერწყა, დაგვებარა, შეგვეწამლა, შაბიამნის მთელი სისტემები იყო, რაშიც ჩვენც კარგად ვერკვეოდით...

- ზოგიერთი ბავშვი ასეთ შრომას ირიდებს და გაურბის...

- როგორც ჩანს, სწორი ფორმით გვაწვდიდნენ და არ იყო იძულებითი მომენტები. შვილიშვილები ყველაფერში აზარტულად ვმონაწილეობდით... ...თბილისშიც კერძო სახლსა და ეზოში ვიზრდებოდი, რომელიც ასევე მოვლილი იყო. გვქონდა ვარდები, იასამნები და მშვენიერი მწვანე გარემო. შემდეგ მრავალსართულიან სახლში გადავედით, სადაც ქოთნის მცენარეებს დედა უვლიდა და ახარებდა. მოკლედ, ბავშვობიდან იყო ეს სიყვარული. დაბადებიდანვე და აღზრდაშიც ჩაიდო ჩემში ის, რომ მიწასთან და ბუნებასთან ურთიერთობა აუცილებელია. ქალაქში გარეშემო გაიხედავ და სიმწვანე არსად ჩანს. არადა, მწვანე სხვა ფერია თვალისთვის და ზოგადად ყოველდღიურობისთვის აუცილებელი...

...ოჯახი რომ შევქმენი, მერე უკვე მე და ჩემი მეუღლე, თათა სვანიძე მცენარეების მოვლით ერთად დავკავდით. დავიწყეთ მათი შეგროვება, მომრავლება. სასიამოვნო პროცესია, რადგანაც ქმნი გარემოს, სადაც ყოფნა გსიამოვნებს.

- საოცრად მოვლილი მცენარეები გაქვთ და ორანჟერეა აივანზე ხომ ულამაზესია...

- თუ დრო მაქვს, მაქსიმალურად ვცდილობ, ის აივანზე გავატარო, სახლში ყოფნის დიდ ნაწილს აქ ორანჟერეაში ყოფნას ვუთმობ. ვცდილობთ, ყველა ჩვენი აივანი გავამწვანოთ, რომ თუნდაც შენობის ნაცრისფერი ფასადი გამწვანდეს და გალამაზდეს.

- ამდენი სხვადასხვა მცენარის, სხვადასხვა სტრუქტურის, ხასიათის, ბუნების მქონე ცოცხალი ორგანიზმის ერთ სივრცეში ყოფნა, გარკვეული რისკიც არის... მაგრამ ალბათ თითოეულის ენა, მოვლის წესები უკვე კარგად იცით...

- მიმაჩნია, რომ მაინც დილეტანტი ვარ, ისე არ ვუკირკიტებ მათ, როგორც ჩემი მეუღლე. როცა ახალი მცენარე მოაქვს, ლიტერატურას ეცნობა, სწავლობს მის წარმომავლობას, სტრუქტურას. თითოეულ მცენარეს თუ კარგად დააკვირდები, ანუ თუ მთელ დღეს მათთან ერთად გაატარებ, მათ ხასიათს მეტად სწავლობ.

როცა ვხედავ, რომ რომელიმემ მოიწყინა, ვხვდები, რა უნდა. ამა თუ იმ ქოთანს თუ გადავდგამ, ადგილს შევუცვლი, ახალ ადგილს ზოგჯერ ვერ ეგუებიან. ამას ასე ვხსნი, ამით მსაყვედურობენ, რადგან ადგილი არ მოსწონთ.

- შვილებიც არიან მცენარეების მოვლაში ჩართული?

- ვერ ვიტყვი, რომ ჩართულები არიან და დიდ ენერგიას ხარჯავენ, მაგრამ ეს სამყარო რომ მოსწონთ, ამას ვხედავ. მაგათ ასაკში არც მე ვყოფილვარ ამით დაკავებული, მაშინ ყვავილებს დედა უვლიდა. ამით თანდათან დავინტერესდი. მთავარია, რომ ისინი ბუნების მიმართ მშობლების ასეთ დამოკიდებულებას ხედავენ. მომავალში იქნებ გაუჩნდეთ კიდეც სურვილი, თვითონაც მოუარონ.

- მსახიობი და რეჟისორი ხართ, ალბათ ყვავილების ორანჟერეაში განლაგებას დიდ ყურადღებას აქცევთ...

- ჩვენს პროფესიას ეს სულ ახლავს. ეს თვალის ის მდგომარეობაა, რომელიც არასწორ მიზანსცენას ვერ ეგუება. კომპოზიციაშიც ყველა თანაბარ მდგომარეობას უნდა იკავებდეს. აქედან გამომდინარე, თვალის მდგომარეობა, ამ ყველაფრის ამ მიმართულებით გასწორება, პროფესიული შტრიხები ორანჟერეაში ერთვება და ცოტა გაწვალებს კიდეც, რადგან ამას ყურადღებას სულ აქცევ...

- ე.ი. მეუღლე ამ საკითხებში უფრო ღრმადაა ჩახედული...

- კი, თავისთავად, ეს მცენარეები ძირითადად მისი შეგროვებულია - სადაც არ უნდა წავიდეს, ყველა მხარიდან რაღაც მცენარე მოაქვს. 20 წელზე მეტია, რაც ერთად ვართ და ეს შეგროვების პროცესი სულ მიმდინარეობს. დიდ აივანზე 100 ქოთანია, აივნებზეც აწყვია რამდენიმე. ჯამში 100-120 ქოთანი იქნება.

- ისე, ამდენი მცენარის ერთდროულად მოვლა არ არის იოლი...

- ადვილი არ არის და სწორად გამიგეთ, არც - იაფი. ქოთანი, მცენარე, მოვლის საშუალებები... ასე რომ, ამ ყველაფერს ხარჯიც ახლავს. ისევეა, როგორც შინაური ცხოველის მოვლისას ხდება. მაგრამ როცა სიყვარულია, ამ ყველაფერში გეხმარება...

- ემოციურად რას ნიშნავს?

- ყველაზე ძვირფასი დილაა, როდესაც გაიღვიძებ, ხედავ სამყაროს, გამოდიხარ სამზარეულოში, გაიხედავ და გხვდება ბაღი, სადაც შეგიძლია, გახვიდე და დილის სიამოვნება მიიღო... შენი ხელით შექმნილ ორანჟერეაში დილით ფინჯან ყავას რომ დალევ, შეუდარებელი რამ არის. სახლიდან გასვლის წინ სტრესს გიხსნის, სხვანაირ განწყობას გიქმნის... ამას სხვებსაც ვურჩევდი, რადგანაც ცხოვრების "კაიფს" აძლიერებს.

ამიტომ მოვამრავლოთ მცენარეები, ცხოველები, - ეს ყველაფერი ცხოვრებას მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის. ადამიანი რაც უფრო დაკავებულია, მით მეტს ასწრებს. თუ მეტად დავკავდებით ამ საქმით, ამით ჩვენი სიმწვანისგან დაცლილი ქალაქი უფრო გაფერადდება. გავამრავლოთ მცენარეები და ამით თვითონ მოვუვლით ჩვენს ქალაქს, რომ უკეთესი გავხადოთ.