ავტორი:

21 ათასად შეძენილი მაჯის საათი, ანგარიში ამერიკის ბანკში და შპს-ს მფლობელობა - რა ქონებას ფლობენ დეპუტატი ალუდა ღუდუშაური და მისი იურისტი მეუღლე?

21 ათასად შეძენილი მაჯის საათი, ანგარიში ამერიკის ბანკში და შპს-ს მფლობელობა - რა ქონებას ფლობენ დეპუტატი ალუდა ღუდუშაური და მისი იურისტი მეუღლე?

"ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური პარლამენტში პოლიციიდან მოვიდა. ჯერ შს სამინისტროს საქმეთა მმართველობის საფელდეგერო სამმართველოს მომსახურების განყოფილების ინსპექტორი, შემდეგ ყაზბეგის რაინული განყოფილების უფროსის მოადგილე იყო ადმინისტრაციული პოლიციის ხაზით.

მოგვიანებით მაინც მოუხდა დედაქალაქში გადაბარგება და ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებაც. 2020 წლიდან კი პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა და ამჟამად მმართველ გუნდს წარმოადგენს.

მთიან ყაზბეგში, სოფელ არშაში დაიბადა და გაიზარდა, სკოლაც იქ დაამთავრა. უმაღლესი განათლება დედაქალაქში მიიღო და ისევ უკან დაბრუნდა. ამბობს, გეოგრაფიულად რთული რეგიონია, არაკეთილმოსურნე მეზობლები გვესაზღვრებიან და დიდხანს არ მინდოდა ამ კუთხის დატოვებაო.

ალუდა ღუდუშაურს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს - 5 წლის გოგონა და 3 წლის ვაჟი. დეპუტატის ორივე შვილი ამერიკაში, ნიუ-იორკში დაიბადა. როგორც ჟურნალ "გზისთვის" მიცემულ ინტერვიუში ალუდა ჰყვება, მეუღლე სალომე კაცაძე სასამართლოში გაიცნო.

"მაშინ უკვე ადვოკატი ვიყავი, ერთ-ერთი კომპანიის ინტერესებს ვიცავდი და საბუთების წარდგენის დროს სასამართლოში გავიცანი. ძალიან მომეწონა, შემიყვარდა და დავქორწინდით კიდეც. პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. ჩემსავით, ისიც სულ სწავლა-განათლებაშია, ახლა იურიდიულს ამთავრებს, თან ერთ-ერთი კერძო კომპანიის იურისტია. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, თანაც - იმერელი: დიპლომატიის ცოდნა და გენეტიკა საშუალებას აძლევს, სამ მოხევესთან ურთიერთობა დააბალანსოს. კარგად გამოსდის, გვიძლებს" - ამბობს ალუდა.

როგორია წყვილის ქონებრივი მდგომარეობა?

ალუდა ღუდუშაურმა ქონებრივი დეკლარაცია 2022 წელს შეავსო. როგორც ირკვევა დეპუტატი ფლობს 2 ბინას თბილისში, შარტავას ქუჩაზე, მათგან ერთი ჩუქებით აქვს მიღებული, ხოლო მეორე ბინაში 47 580 გადაიხადა. ასევე მის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი სოფელ წეროვანში, რომელიც 37 000 დოლარად იყიდა და მიწის ნაკვეთი ყაზბეგის რაიონში.

ღუდუშაურის მფლობელობაშია ძვირადღირებული საათების კოლექცია. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2 საათი ნაჩუქარია, ხოლო ორი - შეძენილი აქვს, ერთი 21 000 დოლარად, მეორე კი - 12 000 დოლარად.

დეპუტატის მეუღლის სალომე კაცაძის სახელზეა ავტომობილი TOYOTA RAV4 რომელიც 2019 წელს 15 000 დოლარად შეიძინეს.

რაც შეეხება დანაზოგს, ალუდა ღუდუშაურს უფიქსირდება დანაზოგი 44 000 ევროს ოდენობით, ასევე უძრავი ქონების გასხვისებით მიღებული 192 000 დოლარი, ხოლო სალომე კაცაძის სახელზე დანაზოგის სახით ფიქსირდება 14500 დოლარი.

ალუდა ღუდუშაური არის შპს ჯეო კონსალტინგ-ის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი.

შემოსავლის სახით დეპუტატს საპარლამენტო საქმიანობიდან გასულ წელს მიღებული აქვს 46310 დოლარი, ხოლო სალომე კაცაძეს, რომელიც საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტად მუშაობდა, 2021 წელს მიღებული აქვს ანაზღაურება 7152, ასევე შპს ვიკიში იურისტის პოზიციაზე მუშაობისთვის 6000 ლარი.

დეკლარაციის შევსების დროს, ალუდა ღუდუშაურს საქართველოს ბანკის სახელფასო ანგარიშზე 106,41 ლარი ერიცხებოდა. ამერიკის ბანკის სადებეტო ანგარიშზე - 9302 დოლარი. მეუღლეს, სალომე კაცაძეს თიბისი ბანკის სახელფასო ანგარიშზე 730,82 ლარი ჰქონდა, ხოლო საქართველოს ბანკის მიმდინარე ანგარიშზე - 72,2 ლარი.