ავტორი:

ბიზნეს-კომპანიების ლიკვიდაცია რუსეთში: ერთმანეთის მიყოლებით დახურული ობიექტები და უმუშევრობის პიკი - "თუ არაფერი შეიცვალა, სიტუაცია დაიძაბება"

ბიზნეს-კომპანიების ლიკვიდაცია რუსეთში: ერთმანეთის მიყოლებით დახურული ობიექტები და უმუშევრობის პიკი - "თუ არაფერი შეიცვალა, სიტუაცია დაიძაბება"

უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, რუსეთში ბიზნეს-კომპანიების ლიკვიდაცია გრძელდება... ამ მხრივ ანტირეიტინგებში ჩრდილოეთ კავკასია ლიდერობს. რუსული მედიის ცნობით, ეს რეგიონი ბიზნეს-ინვესტიციების მხრივ ისედაც ნაკლებად საინტერესო იყო.

kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, რუსეთში ანტირეიტინგების სათავეში ინგუშეთია. 2022 წლის მარტი-ივნისში მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში ფაქტობრივად, მიყოლებით დაიხურა ყველა კომპანია და უმუშევრად დარჩენილი ადამიანების რაოდენობამ პიკს მიაღწია.

"შედარებით სტაბილური ვითარებაა ყარაჩაი-ჩერქეზეთში, სადაც უცხოური კომპანიების დახურვის პარალელურად, ადგილობრივი იხსნება და დაინტერესებაც იგრძნობა..." - წერს გამოცემა.

მისივე ინფორმაციით, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემდეგ, ოფიციალურად 113,5 ათასი მასშტაბური კომერციული ობიექტი დაიხურა. არაოფიციალურად, ეს მაჩვენებელი ბევრად მეტია.

"ახალი კომპანიების რეგისტრაციების რაოდენობა ბოლო თვეების განმავლობაში არ შეცვლილა - 78,6 ათასია. ამრიგად, ლიკვიდირებული ბიზნესების რაოდენობა თითქმის ორჯერ აღემატება გახსნილი ბიზნესების რაოდენობას, რომელთა მაჩვენებელი ფედერალური საგადასახადო სამსახურის მონაცემების საფუძველზე ძალიან დაბალია. აღნიშნული ინფორმაცია აუდიტისა და საკონსულტაციო ქსელის ანალიტიკურმა სამსახურმა თავის ინტერნეტ-გვერდზე 21 ივლისს წარმოადგინა" - წერს გამოცემა.

kavkaz-uzel.eu წერს, რომ რუსეთის ყველა ოლქსა და ქალაქზე სრული ინფორმაცია ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ მთლიანობაში ობიექტების დახურვის ტენდენცია იზრდება და ეს მხოლოდ უცხოურ კომპანიებს არ ეხება. "მუშაობას ვერ აგრძელებენ ის ორგანიზაციებიც, რომლებიც სწორედ დასავლეთის ქვეყნებიდან შემოტანილი პროდუქციით მუშაობდნენ".

მისივე ცნობით, უკიდურესად დაბალი მაჩვენებელია ჩრდილოეთ ოსეთშიც, სადაც ბოლო თვეებში მხოლოდ 181 ახალი კომერციული ობიექტი გაიხსნა, 487 კი დაიხურა. საინტერესო მდგომარეობაა ქალაქ სტავროპოლში, სადაც სანქციების შემდეგ 476 ახალი ობიექტი გაიხსნა, 850 კი დაიხურა, მას მიჰყვება დაღესტანიც, თუმცა, განსხვავებული ვითარებაა ჩეჩნეთში, სადაც დაიხურა 251 ობიექტი, ხოლო გაიხსნა - 255. ეს მაჩვენებელი სტატისტიკის სამსახურს არადამაჯერებლად მიაჩნია.

რუსი ინტერნეტმომხმარებლები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ რუსეთი მხოლოდ მოსკოვი და დიდი ქალაქები არ არის, სადაც სანქციების შედეგები ასე მწვავედ არ იგრძნობა. ღარიბი ოლქების მოსახლეობა ყველაზე მეტად დაზარალდა, რადგან სამუშაოდ დიდ ქალაქებში ჩამოდიოდნენ და სხვადასხვა კომპანიებში საქმდებოდნენ.

"სანქციების შემდეგ, მათ შინ დაბრუნება მოუწიათ, ასეთ ოლქებსა და რეგიონებში, ბოლო ხანებში სოციალური ვითარება არ გაუმჯობესებულა, პირიქით, დამძიმდა, ეს ხალხი უმუშევარი დარჩა. ძალოვნები ჯერ აკონტროლებენ ვითარებას, თუ არაფერი შეიცვალა, სიტუაცია დაიძაბება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოლიგარქები სთხოვენ პუტინს ომის ბედის გადაწყვეტას. დარწმუნებული არ ვარ, რომ პუტინი-პატრუშევის გუნდს ასე ადვილად შეასმენენ რამეს, მაგრამ ეს კარგი სიგნალია", - წერს ნადია კუზნიკა.

"მე არ მჯერა, რომ ჩვენი ხალხი ძალაუფლების დაკარგვის ფასად ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას მოითხოვს... ურჩევნიათ, აკაციის ნახარშისგან მომზადებული საჭმელი მიირთვან, ოღონდ რომელიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანაში რუსული ტანკები და ქვემეხები გუგუნებდნენ. ასე თავმოყვარეობას კვებავენ", - მიაჩნია ოლია ვიტონოვსკაიას.