ავტორი:

როდიდან შეწყდება წვიმები ზღვისპირეთში და როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი ქვეყნის მასშტაბით - ინტერვიუ სვეტლანა ნიორაძესთან

როდიდან შეწყდება წვიმები ზღვისპირეთში და როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი ქვეყნის მასშტაბით - ინტერვიუ სვეტლანა ნიორაძესთან

ბოლო დღეებია საქართველოში შედარებით გრილი ამინდებია. ძირითადად ნალექია ზღვისპირა ქალაქებში, რის გამოც დამსვენებლები წუხან.

როდიდან გამოიდარებს და როგორი ამინდები გველოდება მომდევნო დღეებში, ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე გვესაუბრა:

- 11 ივლისიდან დასავლეთ საქართველოში მეტწილად წვიმიანი და გრილი დღეებია, მაგრამ ეს არ არის უჩვეულო მოვლენა დასავლეთ საქართველოსთვის. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს კლიმატწარმომმქნელი ფაქტორებიდან უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს შავი ზღვა, დასავლეთიდან გავრცელებული ჰაერის მასებს ყოველთვის ახლავს თან ნალექიანი ამინდი. ეს არ არის უჩვეულო ან რაღაც განსაკუთრებული მოვლენა. დღეს და ხვალ ისევ ნალექია მოსალოდნელი, ორშაბათიდან ნალექი შესუსტდება და გამოიდარებს... წვიმები შეწყდება და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს.

- ისევ დასავლეთ საქართველოს რომ დავუბრუნდეთ, რამ გამოიწვია ასეთი ჭარბი ნალექი?

- ვიმეორებ, გასული ორი კვირის ნალექი არ წარმოადგენს დასავლეთ საქართველოსთვის უჩვეულო მოვლენას. ივლისის თვის პირველი დეკადა საკმაოდ თბილი იყო, ბათუმში 31 გრადუსამდეც ადიოდა ტემპერატურა... მეორე დაკადაში, 11-დან დაწყებული ტემპერატურა მკვეთრად დაეცა. ძლიერი ნალექი არ ყოფილა, დაბალი ტემპერატურა იყო, რაც რა თქმა უნდა, ძალიან შემაწუხებელია, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

- როდიდან არის სასურველი აჭარაში დასასვენებლად წასვლა?

- ორშაბათიდან უკვე შეიძლება წასვლა... 25 ივლისიდან ტემპერატურა უკვე მოიმატებს და 26 ივლისიდან კარგი ამინდებია, ზღვაზე მზეც და სითბოც იქნება... თუმცა აჭარაში დამსვენებლებს სულ უნალექო ამინდებს მაინც ვერ ვპირდებით. იგივეს ვეტყოდი იმერეთის, სამეგრელოს მოსახლეობას... ორშაბათიდან მთელ დასავლეთ საქართველოში ნალექი დაიკლებს. ყოველი დღე უნალექო არ იქნება, მაგრამ ამინდი დასტაბილურდება... აგვისტო და სექტემბერი წინ გვაქვს და მზიანი , უნალექო ამინდებიც იქნება.