ავტორი:

"რუსული ზამთრის“ საფრთხე ევროპაში - მოსალოდნელი სასურსათო კრიზისი და ენერგეტიკული რესურსები, როგორც პუტინის ომის იარაღი დასავლეთის წინააღმდეგ

"რუსული ზამთრის“ საფრთხე ევროპაში - მოსალოდნელი სასურსათო კრიზისი და ენერგეტიკული რესურსები, როგორც პუტინის ომის იარაღი დასავლეთის წინააღმდეგ

უკრაინაში რუსული ჯარის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ მსოფლიო არაერთი ურთულესი გამოწვევის წინაშე დააყენა, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე სოციალურ-ეკონომიკური კუთხით.

საბრძოლო მოქმედებები მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე მძვინვარებს, მაგრამ ომის გავლენა გლობალური მასშტაბით იგრძნობა - სურსათზე ფასების ზრდის, გაზის დეფიციტის საფრთხისა და ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების სახით.

“დატკბი ზაფხულის მზის სხივებით, სანამ შესაძლებელია - რუსული ზამთარი ევროპისკენ მიემართება“, - წერს გამოცემა Politico სტატიაში, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოქმედებებით ჩანს, რომ ის მზად არის გამოიყენოს საკვები, საწვავი და სასუქი ომის იარაღად დასავლური დემოკრატიების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან და მოსკოვს სანქციებს უწესებენ.

  • "პუტინს სურს, ევროპაში მკაცრი ზამთარი დადგეს“, - ამბობს პოლიტოლოგი ივან კრასტევი.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მიუხედავად ყველაფერისა, ევროპის ქვეყნების მთავრობებზე, მათ ერთიანობაზე რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის წინააღმდეგ, გავლენა ექნება ღარიბი, მშიერი და გაყინული ამომრჩევლის ზეწოლას და სწორედ ეს არის პუტინის მიზანიც.

ყოველივეს ემატება ლტოლვილების ნაკადის კიდევ უფრო გაზრდის შესაძლებლობა, რომელიც საკვებზე გლობალური კრიზისით იქნება გამოწვეული, ჰაერის გაუსაძლისად მაღალი ტემპერატურა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწებს აშრობს და მათ ნაკლებნაყოფიერებას განაპირობებს, კორონავირუსით ინფიცირებულთა ზდის რისკი, მომარაგების შეფერხების ალბათობა - "და ამ ყველაფრის ფონზე გასაკვირი არ არის, რომ ზოგიერთი სვამს კითხვას, შეძლებენ თუ არა დასავლური მთავრობები რუსეთის წინააღმდეგ ერთიანობის შენარჩუნებას", - წერს Politico.

გაზაფხულზე ევროპარლამენტის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, ევროკავშირის მოქალაქეების 60-მა პროცენტმა განაცხადა, რომ მზად იყო საკვებისა და ენერგორესურსებზე ფასის მატებისთვის. დაახლოებით 59% ამბობს, რომ "ევროპული ღირებულებები, როგორებიცაა თავისუფლება და დემოკრატია, პრიორიტეტი უნდა იყოს, თუნდაც ეს აისახოს ფასებზე და ცხოვრების გაძვირებაზე.“ მაგრამ ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ მსგავსი პოზიცია უფრო მეტად ჰქონდათ ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო მეტად უსაფრთხო ქვეყნების მოქალაქეებს.

  • ენერგეტიკული რესურსი, როგორც იარაღი

როგორც სურსათის, სასუქების, ნავთობისა და გაზის უზარმაზარი ექსპორტიორი, რუსეთი ევროპის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი ბერკეტებით სარგებლობს. უკვე ევროკავშირის 12 ქვეყანაში გაითიშა რუსული გაზი - ზოგან სრულად, ზოგან ნაწილობრივ.

ევროკავშირის ზოგიერთი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ენერგეტიკულ რესურსებს პუტინი ომის იარაღად იყენებს.

"პუტინი იყენებს ენერგიას, როგორც იარაღს და ის შეეცდება ჩვენს გაყოფას, თუმცა წარუმატებლად“, - ამბობს ევროკავშირის შიდა ბაზრის კომისარი, ტიერი ბრეტონი.

ევროკავშირმა მიიღო ახალი წესები და მოუწოდებს ქვეყნებს ზამთრისთვის გაზის მარაგი შეაგროვონ და ამაზე აქედანვე იზრუნონ, თუმცა პროგნოზები არც ისე ოპტიმისტურია. ევროპელი ექსპერტები თვლიან, რომ ევროპული ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები იძლებულნი გახდებიან, ბუნებრივი აირი ჯერ სასიცოცხლოდ ნაკლებად მნიშვნელოვან სექტორს შეუწყვიტონ, მაგალითად, როგორიცაა საავტომობილო სექტორი, რასაც მოჰყვება სხვა ინდუსტრიები.

კარნეგის ანალიტიკური ცენტრის უფროსი თანამშრომელი, ალექსანდერ გაბუევი მიიჩნევს, რომ ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ პუტინმა ევროკავშირს მთლიანად გაუთიშოს გაზის მიწოდება. "მას იმედი აქვს, რომ ამის შედეგად ევროპაში იქნება მზარდი პროტესტი და უკრაინის გარშემო ევროპული ქვეყნების ერთიანობა ჩამოიშლება“, - ამბობს ის.

  • პუტინის "შიმშილის გეგმა“

საკვები პროდუქტების ფრონტზე ფასები მკვეთრად გაზრდილია რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის შემდეგ, რომელიც მარცვლეულისა და მზესუმზირის ზეთის მთავარი მიმწოდებელია. ექსპერტები სურსათზე ფასების კიდევ უფრო ზრდას პროგნოზირებენ, მოსალოდნელია ასევე სასუქზე ფასების ზრდაც, რაც თავის მხრივ, ბუნებრივი აირის ფასის ზრდასთანაა დაკავშირებული.

რამდენიმე დღის წინ გაჩნდა მოლოდინი, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნის უზრუნველყოფა მოხერხდებოდა. თურქეთის ხელშეწყობით, ხელი მოეწერა შესაბამის ხელშეკრულებასაც, თუმცა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პუტინის ნდობა არ შეიძლება - ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე საათში რუსულმა ძალებმა ოდესის პორტი დაბომბეს.

გლობალური მასშტაბით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფასები სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე 30 პროცენტით არის გაზრდილი. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მთავარი ეკონომისტის, ბეატა იავორჩიკის თქმით, სურსათზე ფასების შემცირება 2023 წლის დეკემბრამდე მოსალოდნელი არ არის. როგორც სურსათის ექსპორტიორი, ევროპა უკეთ არის მზად, ვიდრე აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ღარიბი ქვეყნები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან რუსულ და უკრაინულ იმპორტზე, უკრაინულ ხორბალზე.

  • "რა თქმა უნდა, მე არ ვიწინასწარმეტყველებ, რომ ჩვენ ვიხილავთ შიმშილს ევროპაში, მაგრამ რა თქმა უნდა, ფასები შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს“, - ამბობს მსოფლიო ბანკის უფროსი ეკონომისტი ჯონ ბაფესი.

გლობალური მასშტაბით სასურსათო სისტემა დანის პირზე გადის. თუ ხორბლის ექსპორტი უკრაინიდან ვერ მოხერხდება, სიტუაცია მკვეთრად გაუარესდება.

ყველაზე უარესი სცენარი ევროპული პერსპექტივიდან არის ის, რომ სასურსათო კრიზისი მასობრივი მიგრაციის ახალ ტალღას გამოიწვევს, რაც შემდგომ ზეწოლას მოახდენს პოლიტიკურ სისტემებზე და მათ გადაწყვეტილებებზე.

"პუტინის შიმშილის გეგმა. მიზნად ისახავს ლტოლვილების გენერირებას ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიებიდან, ეს გამოიწვევს არასტაბილურობას ევროკავშირში“, - ამბობს იელის უნივერისიტეტის ისტორიკოსი, ტომოთი სნაიდერი.

მომზადებულია Politico-ს მიხედვით