ავტორი:

"რუსებმა მათ ეფექტიანი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს, უჭირთ, ჯერჯერობით" - რას წარმადგენს ჰაიმარსის“ ტიპის სისტემები და რა გარდატეხა შეიტანეს რუსეთ-უკრაინის ომში?

"რუსებმა მათ ეფექტიანი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს, უჭირთ, ჯერჯერობით" - რას წარმადგენს ჰაიმარსის“ ტიპის სისტემები და რა გარდატეხა შეიტანეს რუსეთ-უკრაინის ომში?

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც უკრაინელმა სამხედროებმა აშშ-ის მიერ მიწოდებული "ჰაიმარსის“ სარაკეტო სისტემების დახმარებით რუსული საბრძოლო მასალის 50 საწყობი გაანადგურეს. ამასთანავე, მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინამ პირველი თვითმავალი საზენიტო "გეპარდის“ ტიპის დანადგარების პარტიაც მიიღო.

როგორც ექსპერტები ამბობენ, აგვისტო-სექტემბერი რუსეთ-უკრაინის ომში გადამწყვეტი იქნება, რადგან ამ დროს უკრაინა ფრონტზე დასავლეთიდან მიღებული უახლესი დამრტყმელი შეიარაღების გამოყენებას სრულფასოვნად დაიწყებს

"ჰაიმარსების“ მიწოდებამ შედეგი უკვე გამოიღო, მაგალითისთვის გამოდგება ის, რომ მელიტოპოლის აეროპორტი უკვე აღარ არსებობს, დაიბომბა და, ფაქტობრივად, მთლიანად განადგურდა რუსების იარაღის საწყობები (მაგ. დონბასში). ექსპერტების თქმით, უკრაინამ სწორი სტრატეგია აირჩია, "ჰაიმარსებს“ რუსული ლოჯისტიკის გასანადგურებლად რომ იყენებს - რუსეთს ზურგში უნადგურებს მარაგებს, საწყობებს, საკომუნიკაციო კავშირებს, რკინიგზის კვანძებსა და ა.შ.

როგორც სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, "ჰაიმარსის“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს ძალიან მაღალი საბრძოლო ეფექტიანობა აქვთ, რამაც შეცვალა ბრძოლის ტაქტიკა და რაც მეტი იქნება მათი რაოდენობა, მეტად გარდამტეხ როლს ითამაშებს რუსეთ-უკრაინის ომში.

ირაკლი ალადაშვილი:

"საერთოდ, ყველა ომში მოწინააღმდეგე მხარეები ცდილობენ გამოიყენონ შეიარაღების ახალი სახეობა, რომელიც ერთგვარი მოულოდნელობა იქნება მეორე მხარისთვის და მას დიდი საბრძოლო ეფექტიანობაც ექნება. მაგალითად, თავის დროზე, ჰიტლერი ცდილობდა ბრიტანეთის ქალაქების წინააღმდეგ გამოეყენებინა "ფაუ-1“ და "ფაუ -2“ - ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები, ასევე, მეორე მსოფლიო ომის დასასრულ, ამერიკამ გამოიყენა იაპონიის წინააღმდეგ ატომური ბომბები.

5 თვე შესრულდა რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან, რუსეთის მხრიდან ყველა ტიპის სახეობის იარაღი იქნა გამოყენებული, გარდა მასობრივი განადგურების იარაღისა (ქიმიური და ბირთვული, საბედნიეროდ, ჯერ საქმე აქამდე არ მისულა). როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთი ჯაბნის უკრაინას შეიარაღების რაოდენობით, პირველ რიგში, არტილერიის მხრივ. რუსეთს, ყოფილ საბჭოთა საწყობებში ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი უზარმაზარი რაოდენობის საარტილერიო ჭურვები, რაკეტები, საავიაციო ბომბები და ა.შ. რომლებსაც ასე ფართოდ იყენებს. უნდა ითქვას, რომ რუსეთის მიერ გამოყენებული საბჭოთა შეიარაღების უმეტესობა არის უმართავი რაკეტები და საავიაციო ბომბები, რომლებიც არ გამოირჩევა დიდი სიზუსტით, მიზანი რომ დააზიანონ, ერთის ნაცვლად, ესვრიან 10-ს, ერთ-ერთი მაინც რომ მოხვდეს. სწორედ ამიტომაცაა, რომ რუსულ საარტილერიო და საავიაციო დაბომბვებს უკრაინის ქალაქებში მნიშვნელოვანი რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა.

თანამედროვე შეიარაღება, რაც შექმნა რუსეთმა - კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტები, ისკანდერის ბალისტიკური რაკეტები, უფრო ზუსტი იარაღებია. უკრაინასაც, ძირითადად, შეიარაღებაში ჰქონდა საბჭოთა პერიოდის არამართვადი რაკეტები, მაგრამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, 23 ივნისიდან ამერიკელებმა დაიწყეს "ჰაიმარსის“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გადაცემა. შესაძლოა, თვის ბოლომდე მათი რიცხვი 20-მდე ავიდეს. თვითონ ეს სახელი შეიძლება ბევრს არაფერს ამბობს იმიტომ, რომ მეორე მსოფლიო ომში სტალინი იყენებდა იმავე კლასის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს - "კატიუშებს“ და დღესაც ორივე მხარე აქტიურად იყენებს იმავე გრადის, "ურაგანის", სმერჩის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს.

"ჰაიმარსს“ შეუძლია როგორც უმართავი, ასევე მართვადი რაკეტების გაშვება. ეს მართვადი რაკეტები, რომლებიც მიეწოდა უკრაინას, მაქსიმუმ 84 კმ. სიშორეზე მოქმედებს. ისინი იმართება ინერციული და ჯიპიესის სისტემების კომბინაციით და რაკეტას აქვს გასაოცარი სიზუსტე (დაახლოებით 3-5 მეტრის სიზუსტით ხვდება აღებულ მიზანს, მაგ. შენობას). აქ ლაპარაკია სტაციონარულ სამიზნეებზე, რომლის კოორდინატები ჯიპიესით მანამდეა ცნობილი. ერთი თვის განმავლობაში, რაც უკრაინელებმა "ჰაიმარსიდან“ დაიწყეს მართვადი და ზუსტი რაკეტების გაშვება, როგორც თავდაცვის მინისტრი ამბობს, რუსებს 50 დიდი საბრძოლო მასალის საწყობი აუფეთქეს, მაგრამ საერთო ჯამში, მათ შორის დაახლოებით 100-მდე მნიშვნელოვანი ობიექტია აფეთქებული - ხიდები, იარაღის საწყობები, მართვის პუნქტები და სხვა, ანუ ამ "ჰაიმარსს“ ძალიან მაღალი საბრძოლო ეფექტიანობა აღმოაჩნდა და რუსებმა მათ ამ ერთი თვის განმავლობაში ეფექტური წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს, უჭირთ, ჯერჯერობით.

მათი განეიტრალება შეიძლება 2 გზით:

1. "ჰაიმარსის“ მიერ გაშვებული რაკეტები ჰაერში ჩამოაგდონ თავისი საჰაერო თავდაცვის ანტირაკეტებით, მაგრამ ვინაიდან "ჰაიმარსის“ რაკეტები გამოირჩევა დიდი სიჩქარით და რადგან ისინი მართვადია, მათი ჩამოგდება ძალიან რთულია.

2. მეორე საშუალებაა თვითონ ამ "ჰაიმარსის“ მობილური დანადგარების აფეთქება, რაც უფრო მომგებიანია. რუსებს ესეც უჭირთ, იმიტომ, რომ ეს რაკეტები არის ბორბლებიანი ჯავშანმანქანები, რომლებსაც უკრაინელები ძირითადად ღამით უშვებენ და ეს მანქანები დგანან ასფალტირებულ გზაზე. მას 6 რაკეტის გასაშვებად ნახევარი წუთი ჰყოფნის და როგორც კი მათ გაუშვებს, მერე დიდი სიჩქარით ტოვებს ადგილს. რუსებმა რომც აღმოაჩინონ რაკეტების გაშვების ადგილი, ვიდრე საწინააღმდეგო კონტრსაბატარეო ზომებსს მიიღებენ, "ჰაიმარსის“ დანადგარი იმ ადგილიდან უკვე ათეული კილომეტრითაა დაშორებული. რუსებს აკლიათ სადაზვერვო და დამრტყმელი დრონები და ახლა ლაპარაკია ირანიდან დიდი რაოდენობით დრონების შესყიდვაზე. რუსებს უნდათ, რაც შეიძლება მეტი დრონი ამუშაონ, რომ ამით მაინც აღმოაჩინონ "ჰაიმარსების“ დარტყმის ადგილი.

"ჰაიმარსებმა“, ფაქტობრივად, მინი გარდატეხა შეიტანეს ამ ომში, იმიტომ, რომ აქამდე თუ რუსეთი ფლობდა საბრძოლო უპირატესობას, "ჰაიმარსების“ მიერ აფეთქებული საწყობების შემდეგ, განსაკუთრებით დონბასში, რუს არტილერისტებს უკვე ძალიან შეუმცირდათ ჭურვების რაოდენობა. ამიტომაც ლოგიკურია, უკრაინელები რომ ითხოვენ 50 ან 100 ასეთი დანადგარის გადაცემას (ამერიკელები ეუბნებიან, მაქსიმუმ, 30-40 შეიძლება მოგცეთო). უკრაინელებმა ამასობაში უკვე ისწავლეს "ჰაიმარსების“გამოყენება. ფრონტის ხაზი გადაჭიმულია 2000 კმ-ზე და იქ 20-30 დანადგარი ძალიან ცოტაა. "ჰაიმარსს“ რამდენიმე ტიპის რაკეტის გაშვება შეუძლია და ყველაზე შორსმსროლელი 300 კმ-მდე მიფრინავს. მათ მიცემაზე ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავს იკავებს იმიტომ, რომ მას არ უნდა, რომ უკრაინელებმა გარკვეულ მომენტში ამ 300 კმ-ზე მფრენი რაკეტით დარტყმა მიაყენონ რუსულ სამხედრო აეროდრომებს, საიდანაც აფრენილი ბომბდამშენები უკრაინულ ქალაქებს ბომბავენ. 300 კმ-ში ხვდება რამდენიმე ქალაქის, იმავე მილეროვოს, ვორონეჟის და სხვა აეროდრომები. ალბათ ბაიდენი იმას უფრთხის, რომ რადგან ამერიკული იარაღი იქნება გამოყენებული, რუსეთ-ამერიკის სერიოზულ დაძაბულობაში არ გადაიზარდოს“.

როგორც ცნობილია, გერმანიამ უკრაინას რამდენიმე თვითმავალი საზენიტო "გეპარდის“ ტიპის დანადგარი გადასცა. ირაკლი ალადაშვილი მათ მნიშვნელობაზეც გვესაუბრება და ამბობს, რომ 15 ცალი დანადგარი ისეთი გარდამტეხი ვერანაირად იქნება, როგორც ეს "ჰაიმარსების“ შემთხვევაშია.

"როგორც ჩანს, გერმანელებმა უკრაინაში გააგზავნეს სამი საზენიტო "გეპარდი“. თავიდან დაგეგმილი იყო 50 ცალი "გეპარდის“ გაგზავნა, შემდეგ 15-მდე ჩამოვიდნენ, არა და გერმანელებს, მგონი, ეს დანადგარები 30 წელზე მეტია მოხსნილი აქვთ შეიარაღებიდან და საწყობებში უყენიათ. პრობლემა გააჩინა იმან, რომ "გეპარდი“ არის "ლეოპარდის“ ტიპის ტანკის ბაზაზე დამონტაჟებული საზენიტო დანადგარი, რომელსაც გააჩნია რადიოლოკაციური სადგური საჰაერო სამიზნეების აღმოსაჩენად და დასამიზნებლად. ამ ჭურვებს დიდი ხარჯი აქვს, მათ აწარმოებდა შვეიცარია და მან უარი თქვა უკრაინისთვის "გეპარდების“ გადაცემაზე. შემდეგ გერმანელებმა აღმოაჩინეს ნიდერლანდებში კერძო ფირმა და ის მიაწვდის.

"გეპარდი“ საზენიტო საშუალებაა და 15 ცალი ისეთი გარდამტეხი ვერანაირად ვერ იქნება, როგორც ეს "ჰაიმარსების“ შემთხვევაშია. "ჰაიმარსებმა“ შეცვალა ბრძოლის ტაქტიკა იმ გაგებით, რომ თუ აქამდე რუსი ოკუპანტები, იმავე დონბასში თავს თუ უსაფრთხოდ გრძნობდნენ (იქ მათი შტაბები, საწყობები იყო), ახლა უცბათ აღმოჩნდა, რომ უკრაინელებს შეუძლიათ ღრმა ზურგში უდიდესი სიზუსტით ააფეთქონ და დააზიანონ მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი ობიექტები. უკრაინელებს რაც მეტი ასეთი ზუსტი გასროლა შეეძლებათ, ეს რუსეთის საოკუპაციო ძალებისთვის ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება“, - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.