ავტორი:

რა უნდა იცოდე, სანამ სამართლის სამაგისტრო პროგრამას აირჩევ - ინტერვიუ სამართლის სკოლის დეკანთან და მოსამართლესთან

რა უნდა იცოდე, სანამ სამართლის სამაგისტრო პროგრამას აირჩევ - ინტერვიუ სამართლის სკოლის დეკანთან და მოსამართლესთან

საქსტატის მონაცემებით, 2020-2021 წლებში სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე ჯამში 30 319 სტუდენტი სწავლობდა, სამაგისტროზე კი - 5 275. საინტერესოა, რომ როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო საფეხურზე სამართალი ერთ-ერთი წამყვანი დარგია.

უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის, საბაკალავრო პროგრამის, დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგებიან: კონკრეტულად, რა პროფესია აირჩიონ და რის მიხედვით შეარჩიონ სამაგისტრო პროგრამა, რათა საკუთარი საქმის ნამდვილ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ?

აღნიშნულ კითხვაზე პასუხის მისაღებად „ალტე უნივერსიტეტის“ სამართლის სკოლის დეკანს ქეთევან ცხადაძესა და ამავე უნივერსიტეტის ლექტორს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს ალექსანდრე იაშვილს მივმართეთ.

სამაგისტრო პროგრამის შერჩევის მთავარი კრიტერიუმები

ქეთევან ცხადაძე განმარტავს, რომ სამაგისტრო პროგრამის შერჩევისას კურსდამთავრებულს კარგად უნდა ჰქონდეს გათვიცნობიერებული, თუ რას უკავშირდება მისი სამომავლო გეგმები და რა არის მისი მიზანი, რათა უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე სწავლა გააზრებულად განაგრძოს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისას სტუდენტმა უკვე არსებული ცოდნა გაიღრმაოს და მასში კვლევითი კომპონენტიც შეიტანოს.

„სამართალი მედიცინის მსგავსად, რეგულირებადი პროფესიაა და ხშირ შემთხვევაში შრომით ბაზარზე გასვლისას მაგისტრის ხარისხიც არის საჭირო. სოციალური გარემოსა და შრომით ბაზარზე არსებული ფაქტორების გამო, ბაკალავრიატის კურსდამთავრებული სწრაფადვე იღებს მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას, როცა ზუსტად განსაზღვრული არ აქვს, სამომავლოდ რა სურს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ ნაბიჯის გადადგმამდე კარგად დაფიქრდეს,“ - აღნიშნა მან.

ქეთევან ცხადაძის თქმით, „ალტე უნივერსიტეტის“ სამართლის სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი უპირატესობა არის ის, რომ კურსდამთავრებული ხარისხს იღებს საერთო სპეციალიზაციით, რაც ნიშნავს იმას, რომ ის პროფესიის არჩევაში შეზღუდული არ არის.

კითხვაზე, რას უნდა აძლევდეს პროგრამა კურსდამთავრებულს, დეკანი პასუხობს, რომ აღნიშნულ საფეხურზე სტუდენტი არათუ ეროვნულ კანონმდებლობასა და სამართლებრივ რეგულირებაში უნდა ერკვეოდეს სიღრმისეულად, არამედ მნიშვნელოვანია, ისწავლოს ეროვნული და საერთაშორისო სამართლის თანაფარდობა, რაც მის დასაქმების პერსპექტივას მეტად გააუმჯობესებს.

„მაგალითად, სასურველია, ერკვეოდეს, რა გავლენა მოახდინა ევროპის სამართალმა ჩვენს თანამედროვე კანონმდებლობაზე. განსაკუთრებით ახლა არის მნიშვნელოვანი ეტაპი და საინტერესოა, როგორია ქართული და ევროპული სამართლის თანაფარდობა და მათი ურთიერთკავშირი და სხვა ბევრი მიმართულებაა, რომელიც ვფიქრობ, რომ სამაგისტრო პროგრამაზე მეტად უნდა იყოს წინ წამოწეული. სამართლის მიმართულების ბაკალავრებს, მაგისტრანტებს ან თუნდაც საკუთარ პროფესიაში უკვე რეალიზებულ იურისტებსაც ვურჩევ, ყოველთვის იფიქრონ განვითარებაზე, არასდროს შეჩერდნენ ერთ პოზიციაზე, რადგან იხვეწება საერთაშორისო მიდგომები და სტანდარტები, თუნდაც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ჩემი რჩევა იქნება, არასდროს დაკმაყოფილდნენ არსებული ცოდნით და ფეხი აუწყონ ცვლილებებს, რათა მათი ცოდნაც და უნარებიც შეესაბამებოდეს თანამედროვე რეალობასა და გამოწვევებს,“ - განმარტავს სამართლის სკოლის დეკანი.

პრაქტიკა

დეკანის თქმით, „ალტე უნივერსიტეტში“ მაგისტრატურის საფეხურზე მაქსიმალურად არის გათვალისწინებული თანამედროვე, ქეისებზე სწავლების მეთოდი, რაც სტუდენტებს სამომავლოდ პრაქტიკული მუშაობის დროს ეხმარება.

„სამაგისტრო საფეხურზე სამეცნიერო კვლევის დაგეგმვისა და პრაქტიკული უნარების გამომუშავების კომპონენტი უფრო მეტად უნდა იყო გაძლიერებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა უნარის შეძენისთვის, სამართლის რომელი მიმართულებაც უნდა აირჩიოს სტუდენტმა მომავალში,“ - აღნიშნავს ქეთევან ცხადაძე.

„ალტე უნივერსიტეტის“ ლექტორი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ალექსანდრე იაშვილიც ხაზს უსვამს იურისტის სამომავლო საქმიანობაში პრაქტიკული ცოდნისა და უნარების მნიშვნელობას. მისი თქმით, ამ მხრივ უნივერსიტეტის როლი საკმაოდ დიდია.

„ლექტორი ორიენტირებული უნდა იყოს ინფორმაციის დაბალანსებულად მიწოდებაზე და თეორიასთან ერთად, პრაქტიკული კომპონენტიც გაითვალისწინოს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ასევე, ლექტორმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს სხვადასხვა მეთოდოლოგია, მათ შორის, პრეზენტაციების მეთოდი. თავის მხრივ, სტუდენტებმაც თავიანთი კვლევა თუ სხვა ნამუშევარი ამგვარად უნდა წარადგინონ. ეს ხელს შეუწყობს კვალიფიკაციაში წარმატებით შესვლას და თუნდაც სასამართლო სხდომაზე სწორი აქცენტების გაკეთებას, საკუთარი პოზიციის არგუმენტებით გამყარებასა და დასაბუთებას,“ - აღნიშნა ალექსანდრე იაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია როლური თამაშები და იმიტირებული პროცესები, რომლითაც მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამომუშავებას შეძლებენ.

კონტაქტები

„იურისტის მთავარი მონაპოვარი, ალბათ კონტაქტებია, რაც გარკვეულწილად წარმატებაზეც მიანიშნებს, რადგან ეს მის ცნობადობას უწყობს ხელს,“ - განმარტავს ქეთევან ცხადაძე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტი და კონკრეტულად, სამართლის სამაგისტრო პროგრამა, მას აღნიშნული კონტაქტების შეძენაში ეხმარებოდეს.

„ჩვენი მთავარი ორიენტირი არის ის, რომ სტუდენტმა თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, კონტაქტებიც შეიძინოს, რაც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებისა და დამსაქმებლების მხარდაჭერით ხდება. პირველ ეტაპზეც, როცა „ალტე უნივერსიტეტის“ სამაგისტრო პროგრამა მუშავდებოდა, გავითვალისწინეთ ჩვენი პარტნიორების მაქსიმალური ჩართულობა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან, რათა კურსდამთავრებული უფრო კვალიფიციური ყოფილიყო და დასაქმების შესაძლებლობა პოტენციურად უფრო გაზრდილიყო. ამასთან, მნიშვნელოვანია ის, რომ სამუშაო ადგილმა არ უნდა ჩაანაცვლოს უნივერსიტეტი, რადგან უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ უკვე პრაქტიკული ცოდნითა და უნარებით მომზადებული სტუდენტი უნდა გაუშვას შრომის ბაზარზე,“ - განმარტა ქეთევან ცხადაძემ.

მისი თქმით, „ალტე უნივერსიტეტის“ პარტნიორები არიან როგორც საჯარო უწყებები, ისე საადვოკატო ბიუროები და არასამთავრობო ორგანიზაციები, სადაც სტუდენტები პრაქტიკას გადიან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი აღნიშნავს, რომ „ალტე უნივერსიტეტის“ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სალექციო პროცესში შეიძინონ მნიშვნელოვანი კონტაქტები და კომუნიკაცია ჰქონდეთ დარგის წამყვან სპეციალისტებთან როგორც აკადემიური, ისე პრაქტიკული მიმართულებით. მისივე თქმით, მათ შორის მნიშვნელოვანია ისიც, რომ „ალტე უნივერსიტეტის“ მაგისტრანტები პროგრამის ფარგლებში იღებენ ისეთ ცოდნას, რაც მათ თუნდაც ადვოკატის გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში ეხმარება.

„ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია სტუდენტმა შეიძინოს კონტაქტები და მეორე მხრივ, შეძლოს პრაქტიკული საქმიანობის წამოწყება ეფექტურად. აღსანიშნავია, რომ „ალტე უნივერსიტეტის“ სტარტაპ-გარაჟი სამართლის სამაგისტრო პროგრამის, ისევე როგორც ბიზნესის მიმართულების სტუდენტს, აძლევს შესაძლებლობას, თუნდაც საკუთარი კომპანია შექმნას, რაშიც მხარდაჭერას აუცილებლად მიიღებს უნივერსიტეტისგან,“ - განმარტა ალექსანდრე იაშვილმა.

თუ შენც ხარ დაინტერესებული სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით, შეავსე წინასწარი რეგისტრაციის ფორმა და მიიღე დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ.

R