ავტორი:

"ყვავილის აცრის იდეა ინგლისში  საქართველოდან იქნა გატანილი“ - როგორ მკურნალობდნენ ეპიდემიებს მე-19 საუკუნის საქართველოში

"ყვავილის აცრის იდეა ინგლისში  საქართველოდან იქნა გატანილი“ - როგორ მკურნალობდნენ ეპიდემიებს მე-19 საუკუნის საქართველოში

ეპიდემიების გავრცელების ყველაზე ხშირი შემთხვევები მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში იყო. შავი ჭირის და ქოლერის გაჩენის მუდმივი კერა საქართველოს სამხრეთით მოსაზღვრე სახელმწიფოები - თურქეთი და სპარსეთი იყო.

პირველად შავი ჭირის ეპიდემია საქართველოში 1803-1807 წლებში გაჩნდა. მეორედ - 1811-1812 წლებში. მესამედ 1838-1843 წლებში. შემდეგ 1855-სა და 1857 წლებში. ეპიდემიები საკმაოდ დიდ მსხვერპლს იწვევდა. 1803 წლის 15 ივნისიდან 1804 წლის ივლისამდე, შავმა ჭირმა მარტო ქართლ-კახეთში, თბილისის ჩათვლით 1670 კაცი იმსხვერპლა.

1811-1812 წწ. ეპიდემიის დროს ავად გახდა 5592 კაცი, აქედან გარდაცვლილა 4255. ეს მონაცემები არასრულყოფილია, რადგან მასში არ შედის სამხედრო ნაწილებში დაბალი ჩინის მოხელეთა და ჯარისკაცთა დაავადება-სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რადგან მათი აღრიცხვა სამხედრო უწყების ხაზით ხდებოდა; გარდა ამისა, თვით სამოქალაქო ავადმყოფთა აღრიცხვის ორგანიზაციაც არ იყო მოწესრიგებული და, რასაკვირველია, სტატისტიკური მონაცემებიც არასრულყოფილია.

1828-1830 წწ. გაჩნდა ახალი დაავადება - ქოლერა. საქართველოში ამ დროს ქოლერით 25 809 კაცი გახდა ავად, აქედან გარდაიცვალა 13 795.

შავი ჭირის ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები საკმაოდ კარგად იყო შემუშავებული (დაავადებულთა და თვით დაავადებული უბნების სრული იზოლაცია უაღრესად მკაცრი რეჟიმით, ნახმარი ნივთების დეზინფექცია მაშინდელი მეთოდებით. საკარანტინო სამსახურისა და რეჟიმის გამოყენება და სხვ.), რაც ხელს უწყობდა ეპიდემიის ლიკვიდაციას. ახალციხეში 1834-43 წწ. შავი ჭირის ეპიდემიის დროს შექმნილი იყო განსაკუთრებული „ამიერკავკასიის მხარის შავი ჭირის ეპიდემიისაგან დაცვის კომიტეტი“, რომლის თავმჯდომარედ, ეპიდემიის ლიკვიდაციამდე, ცნობილი ქართველი პოეტი- ალექსანდრე ჭავჭავაძე იყო. 1828 წლიდან კავკასიაში არსებობდა გადამდებ სნეულებასთან მებრძოლი განსაკუთრებული კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: საქართველოს სამოქალაქო გუბერნატორი, თბილისის სამხედრო ჰოსპიტლის მთავარი ექიმი, გუბერნიის პროკურორი, საექიმო მმართველობის ინსპექტორი, ოპერატორი და საკარანტინო ინსპექტორი.

საქართველოში მაშინ გავრცელებული ყოფილა შავი ჭირით დაავადებულთა „ძირმაგარიდან“ ნეკროზული ქსოვილისა და ჩირქის აღება, მისი შენახვა მომავალი წლისათვის და ფხვნილად ქცევის შემდეგ მისი მიღება წყალში გახსნილი სახით. საინტერესოა, რომ მაშინდელი სწავლული ექიმები ამაში ხედავდნენ „დამღუპველ ცრუმორწმუნეობას“, რომელიც თითქოს წარმოადგენდა „დაუშრობელ წყაროს“... შავი ჭირის „გამუდმებული ეპიდემიებისა“ აღმოსავლეთში. რასაკვირველია, ეს „დამღუპველი ცრუმორწმუნეობა“ კი არ იყო, არამედ გენიალური ხალხური გააზრება გახლდათ, რომელმაც შემდეგში საფუძველი ჩაუყარა იმუნოლოგიას.

ქოლერის ეპიდემიოლოგიის საკითხში ბევრი რამ გაუგებარი იყო, როგორც ჩანს, არ იცოდნენ ქოლერა ჰაერით ვრცელდებოდა თუ შეხებით, რის გამოც უამრავ შეცდომას უშვებდნენ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისა და მკურნალობისას. ქოლერის მკურნალობაში თბილისელ ექიმებსაც შეუმუშავებიათ მკურნალობის ახალი მეთოდები: სამედიცინო სამმართველოს უფროსს ე. ანდრეევსკის გამოუყენებია თეთრი ნავთი (Nაპჰტოგენუინა Pეტრალეუმ), 10-10 წვეთი ღვინოში ან არაყში, 3-ჯერ დღეში 2-3 დღის განმავლობაში, ანდრეევსკი და ექ. პ. საბოლშიკოვი ირწმუნებიან მის რადიკალურ ეფექტიანობას; ა. ი. პრიბილის მიერ რეკომენდებული იყო სისხლის გამოშვება და კალომელის შიგნით მიღება.

საქართველოში ყვავილი უძველესი დროიდან ყოფილა გავრცელებული, მისი საწინააღმდეგო ღონისძიება – აცრა ძველთაგანვე გამოუმუშავებია ქართველ ხალხს: XI საუკუნის „უსწორო კარაბადინში“ ყვავილი, წითელასთან ერთად, დღევანდელი ტერმინით (სახელწოდებით) და მისგან დიფერენცირებულადაა ნახსენები და აღწერილი. აღსანიშნავია, რომ ყვავილის აცრის იდეა ინგლისში ედუარდ ჯენერის სამშობლოში - საქართველოდან იქნა გატანილი ვარიოლაციის სახით.

საქართველოში 1808 წლიდან დაიწყო ყვავილის აცრა ვაქცინაციით. 1843 წელს მთელ საქართველოს გუბერნიებში აცრილი იყო 11 333 ბავშვი (ყვავილის ამცრელთა რაოდენობა

105 იყო). ჰქონდათ მოკლე ინსტრუქცია ყვავილის აცრის სახელმძღვანელოდ ქართულ, თათრულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

აცრის გავრცელებამ თავისი შედეგი გამოიღო, დაავადებულთა რიცხვმა მკვეთრად იკლო და დაავადებულთა შორის სიკვდილიანობაც ძალზე ნაკლები იყო; მაგალითად, 1857 წელს ვავილს თბილისის გუბერნიაში სპორადული ხასიათი ჰქონდა. აუცრიათ 108 750, ყვავილით დაავადებულთა რიცხვი გუბერნიაში 337 ყოფილა, აქედან გარდაცვლილა მხოლოდ – 13. გორში 229 დაავადებულიდან არც ერთი არ გარდაცვლილა. საერთოდ 50-იანი წლებისათვის ყვავილის აცრის საქმე თანდათან გაუმჯობესდა.

ამ ძალიან საინტერესო თემას, ვრცლად წაიკითხავთ „საქართველოს ისტორიის პალიტრა“-ს მეშვიდე ტომში, რომელიც 15 აგვისტოს გამოვა და გამოცემიდან ერთი კვირის განმავლობაში, მისი სპეციალური ფასი 13 ლარი იქნება, გაზეთთან ერთად კი - 15 ლარი.

21 თებერვლიდან ისტორიკოს ჯაბა სამუშიას ხელმძღვანელობითა და 20-ზე მეტი ისტორიკოს-მკვლევრის ავტორობით, გამომცემლობა "პალიტრა L” საქართველოს ისტორიის 15-ტომეულს - „საქართველოს ისტორიის პალიტრა“ - გამოსცემს.

ტომეულში თავმოყრილია ყველაფერი ქართველი ხალხის შესახებ.

მეშვიდე ნაწილი - „ქართული მედიცინის ისტორია“ ხელმისაწვდომი იქნება „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების წერტილებშიც. ასევე, გამოწერა შესაძლებელია საიტიდანაც http://www.palitral.ge.

15-ტომეულში გადმოცემული ამბები უძველესი დროიდან დაიწყება და უახლეს პერიოდამდე მოვა. ეს იქნება მართლაც საქართველოს პალიტრა, მთელი თავისი მრავალფეროვანი თემებით: მონებით ვაჭრობა, კვების, ჩაცმის, მედიცინის, ვაჭრობის, ზღვაოსნობის თუ ეპიდემიების ისტორია და საზოგადოებისთვის საინტერესო არაერთი მიმართულება.

თეა ინასარიძე