ავტორი:

"მამამისი განადგურებულია, იმ ნაჯღაბნის სჯერა ვინმეს?!" - რას ამბობენ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ქართველი გოგონას ახლობლები

"მამამისი განადგურებულია, იმ ნაჯღაბნის სჯერა ვინმეს?!" - რას ამბობენ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ქართველი გოგონას ახლობლები

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ შს სამინისტრომ საქართველოს მოქალაქის, 24 წლის ქრისტინე თაკალანძს დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მათი ცნობით, გოგონა ქართული სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა.

"საქართველოს მოქალაქე, 24 წლის ქრისტინე თაკალანძე, რომელსაც აფხაზეთის მოქალაქეობა არ ჰქონდა, საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. გოგონა გალის რაიონში, სოფელ ნაბაკევში ცხოვრoბდა. გამოძიების ვერსიით, დაკავებული საქართველოს სპეცსამსახურების დავალებით, საიდუმლოდ მოქმედებდა, აგროვებდა და ამ უწყებას გადასცემდა საიდუმლო სახელმწიფო, სამხედრო და აფხაზეთში კანონით აკრძალულ ინფორმაციებს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული", - აცხადებენ აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროში.

მისივე ცნობით, "უწყება აგრძელებს გამოძიებას დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად."

  • AMBEBI.GE-სთან საუბარში დაკავებული გოგონას ახლობელი ჰყვება, რომ ქრისტინე ზუგდიდში დედასთან ერთად ცხოვრობდა და პერიოდულად გალში, მამის სახლში გადადიოდა. იმავე სახლში ცხოვრობს მისი ძმაც და გოგონა მათ სახლის საქმეებში ეხმარებოდა.

"ულაგებდა, ურეცხავდა, ორი კაცი ცხოვრობდა სახლში და ქალის ხელი სჭირდებოდათ. ქრისტი ხანდახან მიდიოდა მათთან. ახლა გალში თხილის შეგროვების სეზონი იწყება და სავარაუდოდ, იმიტომ იყო იქ, რომ მათ დახმარებოდა. რა ჯაშუშობა?! რა სისულელე მოიფიქრეს, ვინ დაიჯარებს ამას, რომ 21-ე საუკუნეში ქაღალდზე უწერენ ჯაშუშს რა და როგორ გააკეთოს. მამამისი განადგურებულია.

საწყალ გოგოს, იმ მედიკამენტების ჩამონათვალი აქვს ჩამოწერილი, რომლის წამოღებაც სავარაუდოდ, იქაურმა ახლობლებმა, მეზობლებმა სთხოვეს იმ შემთხვევაში, თუ გალში ან ზუგდიდში მოხვდებოდა. ეს ხომ ჩვეულებრივი რამეა გალში მცხოვრებლებისთვის?! ერთი ან ორი კვირის სამყოფი სურსათი და მედიკამენტები მიაქვთ.

რუსების სამხედრო ბაზებზე ჩიტი ვერ გადაფრინდება, ქრისტის რა ინფორმაცია უნდა მოეპოვებინა. იმ ნაჯღაბნის სჯერა ვინმეს?! "გუგლ თრანსლეითით" აქვთ ნათარგმნი ვითომ რაღაც დავალება, ინტერნეტისა და მობილურის სამყაროში ქაღალდზე ვინ წერს გეგმას, ან დავალებას?! დარწმუნებული ვარ, თავად აფხაზებიც დაიჯერებენ, ან თუ დაიჯერებენ, მხოლოდ ისინი, ვისაც ქართველი "მტრის ხატის" გამწვავება სჭირდება", - ამბობს გოგონას ახლობელი.

  • აფხაზური მედიის ცნობით, ქრისტინა თაკალანძე სოხუმის იზოლატორში გადაიყვანეს.

დაკავებული ქართველი გოგონას საქმის გარშემო დიდი ინტერესია ადგილობრივ მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ეს არის "ბიჭვინთის აგარაკების" გარშემო დაწყებული საპროტესტო ტალღის გადასაფარად წამოწყებული კამპანია მოსახლეობისთვის იმის საჩვენებლად, თუ რამხელა საფრთხე მოდის საქართველოს მხრიდან, სადაც "თურმე გამოუცდელ გოგონებს ქირაობენ საიდუმლო ინფორმაციის მოსაპოვებლად."

"საქმის პათოსი ასეთია - ასეთი მძიმე არჩევანის წინაშე ვდგავართ, არ შემოვუშვებთ რუსებს, რომლებიც კეთილი ზრახვებით მოქმედებენ, ჩვენი ინფრასტრუქტურის აღდგენა სურთ და შემოვლენ ქართველები. ანუ აირჩიეთ რომელი გინდათო. რა საცოდაობაა, რომ ასე პრიმიტიულად მოქმედებენ და რაც მთავარია, სჯერათ, რომ ასეთ საქმეებში კარგად გაწვრთნილი ინალ არძინბას გეგმას დავიჯერებთ", - წერენ ისინი.

  • თუმცა, ისეთებიც არიან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქართველი გოგონა სპეცსამსახურებისგან დირექტივებს ქაღალდზე დაწერილი გაუგებარი ფრაზებით იღებდა.

"იმედი მაქვს, რომ ამჯერად მასაც ასე ლუკავასავით ფულზე არ გაცვლიან", წერს აფხაზი ინტერნეტმომხმარებელი.

"გგონიათ, მხოლოდ ის ერთია ასეთი? ყველა უნდა გაყარო აქედან. ჩვენ კი მათ აქ ჩვენს მიწაზე საცხოვრებელ ადგილს და უფლებებს ვაძლევთ. აფხაზეთში 25-წლიანი პატიმრობა იქნება მისთვის და სხვებისთვის გაკვეთილი", - მიაჩნია კიდევ ერთს, რომელიც კომენტარს "მაკუში მასილის" ფსევდონიმით აქვეყნებს.

"დღეს ინალ არძინბას დაბადების დღეა და ვფიქრობ, საუკეთესო საჩუქარი გაუკეთა თავს თავს, "ჩანერგილი აგენტი" იპოვეს და გამოააშკარავეს, ოღონდ 20 ივლისს დაუკავებიათ და რატომღაც ახლა გაასაჯაროვეს. "ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების" რუსეთისთვის გადაცემის გარშემო რომ ვითარება დაიძაბა, მაშინ გამოიტანეს სააშკარაოზე.

მშვენიერი სცენარია, რადგან ბევრმა დაიჯერა... დაკავებულს ხელჩანთაში ედო ხელნაწერი გეგმა. მრავალფეროვნებისთვის, კიდევ რამდენიმე ადამიანის პირადი დოკუმენტები ჰქონდათ და მობილური. შეშის ღუმელში შეყრილი, ქართულად დაწერილი წერილები არ გამოგვრჩეს. ეს სერიოზული მტკიცებულება შეიძლება იყოს", - წერს ლიო კვარჩია.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ დაკავება არის უკანონო და ამუშავებულია ცხელი ხაზი. ასევე, ინფორმირებული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები და უკანონო პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად, ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.ლალი პაპასკირი