ავტორი:

"იმით, რომ ივანიშვილი საკუთარ პასუხისმგებლობას არ აღიარებს, პრობლემას ქვეყანასაც უქმნის და მასაც პირადი პრობლემებიც ექმნება" - გია ხუხუაშვილი

"იმით, რომ ივანიშვილი საკუთარ პასუხისმგებლობას არ აღიარებს, პრობლემას ქვეყანასაც უქმნის და მასაც პირადი პრობლემებიც ექმნება" - გია ხუხუაშვილი

ივანიშვილმა დეგნანთან შეხვედრა დაადასტურა, მაგრამ არც დაუდასტურებია და არც უარყვია ის ბრალდებები, რაც "ქართული ოცნებიდან“ დეგნანის მიმართ ისმის, თითქოს ის საქართველოს ომში ჩართვას ითხოვდა და ამით, ფაქტობრივად, შეთქმულების თეორიის წისქვილზე წყალი დაასხა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წერილის შეფასებებისას "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ვერ აცნობიერებს, რომ ისტორიამ მას მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა დააკისრა და ამ პასუხისმგებლობიდან თავის არიდების მცდელობა მის მდგომარეობას მხოლოდ ამძიმებს.

"იმით, რომ საკუთარ პასუხისმგებლობას არ აღიარებს, პრობლემას ქვეყანასაც უქმნის და მას პირადი პრობლემებიც ექმნება. ქვეყნის მშვიდობიანად სწორ გზაზე გაყვანის ერთადერთი გზა და მისი პრობლემების გადაწყვეტისა, არის ჩრდილიდან გამოსვლა, ამ პასუხისმგებლობის აღიარება და შესაბამისი მოქმედებები და არა მუდმივად იმის მტკიცება, რომ ის ნამდვილი პატრიოტია, მაგრამ მაინც ვერაფერს ვერ გააკეთებს,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის წერილი მხოლოდ პირად მიზნებს ემსახურება და მას სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი არაფერი უთქვამს. ამასთან ხუხაშვილის აზრით, წერილის კონტექსტში იკითხება სწორედ ის, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილია.

"კონტექსტში ეს იკითხება. იკითხება საკუთარი პირადი პრობლემებიც. ელჩთან შეხვედრა დაადასტურა, მაგრამ ძალიან ცუდ კონტექსტში. თუ დაადასტურა, მაშინ უნდა ეთქვა მთავარი: რაზე იყო იქ საუბარი, იყო თუ არა საქართველოს ომში ჩართვაზე საუბარი, რა ბრალდებებსაც ამერიკის ელჩს უყენებდნენ. ამაზე არაფერი თქვა, რითაც, ფაქტობრივად, ის შეთქმულების თეორია დაადასტურა, რასაც ეს "სამეული“ ავითარებს,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, "ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა. ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა შედგა. როგორც ივანიშვილი განმარტავს, შეხვედრა ელჩის თხოვნით, 21 მარტს გაიმართა და ის "დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.

ამასთან, საუბრობს, რეგიონში არსებული პოლიტიკურ ვითარებაზეც და აღნიშნავს, რომ დღეს, როცა ომის საფრთხე განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, ყურადღება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს. გარდა ამისა, როგორც ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, "გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია - მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა“.

ივანიშვილი განცხადებაში, როგორც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, ისე უშუალოდ მასსა და შვეიცარიულ ბანკს შორის მიმდინარე დავასაც აფასებს და აღნიშნავს, რომ "არც იმას აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე გეგმავდა შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას“.