ავტორი:

ქართველის მოიერიშეები უკრაინაში რუსულ ტანკებზე დაიწყებენ ნადირობას?

ქართველის მოიერიშეები უკრაინაში რუსულ ტანკებზე დაიწყებენ ნადირობას?

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ხუთი თვე გავიდა და ამ ომს ისეთი პირი უჩანს, მალე არ დამთავრდება, შესაბამისად, გაგრძელდება უკრაინისთვის დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური დახმარება, რომელიც უკვე შეიარაღების ახალ სახეობებს გულისხმობს, მათ შორის, სავარაუდოდ, პილოტირებულ საბრძოლო ავიაციასაც, რათა უკრაინელებმა უკეთ დაიცვან თავი რუსი ოკუპანტების მიერ მათი ქალაქებისკენ გაშვებული ფრთოსანი რაკეტებისა და ბომბდამშენებისგან.

თვეების განმავლობაში პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია ყველანაირად არიდებდა თავს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების თემას. თეთრმა სახლმა განვითარების საშუალება არ მისცა უკრაინელებისთვის პოლონელების "მიგ-29" ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების გადაცემისა და ვარშავისთვის საკომპენსაციოდ ამერიკული F-16 -ების მიწოდების იდეას. არა იმიტომ, რომ პოლონეთისთვის F-16-ები ენანება (თანაც ვარშავა მათ ყიდვას აპირებდა), არამედ იმიტომ, რომ პუტინის ზედმეტად გაღიზიანებასა და რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობის უკიდურესად დაძაბვას ერიდებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამერიკელების მიცემული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, "ჰაიმარსებიდან" გაშვებული მართვადი რაკეტებით უკრაინელები რუს დამპყრობლებს წარმატებით უფეთქებენ იარაღის საწყობებსა და მართვის პუნქტებს, რითაც არათუ აღიზიანებენ, არამედ აცოფებენ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, თვითმფრინავების გადაცემა რაღას "დააშავებდა"?!

გასაგებია, რომ საბრძოლო ავიაციის ლოჯისტიკური უზრუნველყოფა, მით უმეტეს - ნატოს სტანდარტის თვითმფრინავებისა და საავიაციო შეიარაღების, უკრაინელებს ძალიან გაუჭირდებათ იმ გარემოების გათვალისწინებითაც, რომ რუსული ფრთოსანი "კალიბრები" უკრაინის ყველა აეროდრომს სწვდება, მაგრამ როდისმე ხომ მაინც უნდა დაიძრას ეს პროცესი? და აი, კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტში უკრაინელი მფრინავების ამერიკულ საბრძოლო თვითმფრინავებზე გადამზადებისთვის 100 მლნ დოლარის გამოყოფას. მართალია, ეს ახლო პერსპექტივა არ არის, მაგრამ ყინული დაიძრა, ე.ი. ამერიკაში სჯერათ, რომ უკრაინა რუსეთთან ომს არ წააგებს.

თავად უკრაინელი სამხედრო მფრინავებიც უკვე მსჯელობენ, რომელ ამერიკულ თუ ევროპულ გამანადგურებელზე ჯობს სწავლის დაწყება - F-16-ზე, F-15-ზე, F/A-18-ზე თუ "გრიპენზე", "რაფალზე" ან "ტაიფუნზე"? თუმცა ურიცხვ რუსულ ტანკთან საბრძოლველად ყველაზე კარგი საშუალება ნატომ პირველი ცივი ომის დროს გამოძებნა - შეჯავშნული რეაქტიული მოიერიშე თვითმფრინავი A-10A Thunderbolt II, რომელსაც თავისი მძლავრი, სწრაფსმსროლელი ავტომატური ქვემეხით, უმართავი და მართვადი საავიაციო ბომბებითა და რაკეტებით საბჭოთა ჯავშანსატანკო "არმადები" უნდა გაენადგურებინა, თუკი კომუნისტები მათ დასავლეთ ევროპისკენ, ლა მანშისკენ დაძრავდნენ. გააგრძელეთ კითხვა