ავტორი:

მარიამ გურგენიშვილის „მარგალიტები“ „საბას“ ფინალში და ავტორის შთაბეჭდილებები

მარიამ გურგენიშვილის „მარგალიტები“ „საბას“ ფინალში და ავტორის შთაბეჭდილებები

ლიტერატურული პრემია „საბას“ ფინალისტებს შორის ახალი ავტორის მარიამ გურგენიშვილის „მარგალიტებიც“ მოხვდა, რომელიც საუკეთესო ლიტერატურული დებიუტის ნომინაციაშია წარდგენილი. წიგნი უკვე ბესტსელერებს შორისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას თანამედროვე ქართული ლიტერატურის მკითხველი უკვე იცნობს.

„მარგალიტები“ მოგვითხრობს 15 წლის მარგოსა და მისი გარშემომყოფების ცხოვრების შესახებ, რომელიც პატარა სასწაულებითა და უამრავი ოცნებით არის სავსე. მოვლენები 90-იანი წლების თბილისში ვითარდება, როცა ადამიანებს ელემენტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მძიმე შრომა უწევთ, ამ დროს კი მარგო ანანასებსა და ნათელ მომავალზე ოცნებობს.

წიგნის ავტორი, 26 წლის მარიამ გურგენიშვილი გვიზიარებს თავის ემოციებს ფინალისტად დასახელების შემდეგ და „მარგალიტების“ შესახებ მკითხველისთვის საინტერესო კითხვებს პასუხობს.

„მარგალიტები“, როგორც დებიუტანტი, „საბას“ ფინალისტებს შორის მოხვდა, რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

ყველამ, ვისაც ლიტერატურა უყვარს და აინტერესებს საქართველოში, იცის რა საოცარი დაფასებაა „საბას“ ფინალისტებს შორის მოხვედრა და მეც, ცხადია, საოცრად ბედნიერი და მადლიერი ვარ. ბავშვობიდან წერაზე ვოცნებობ და ამ დღეს ვერასდროს წარმოვიდგენდი-მეთქი რომ ვთქვა, ალბათ არ იქნება მართალი, მაგრამ რატომღაც ძალიან შორეულ, ბედნიერ მომავალში, აი, "ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად" ნაწილში მეგულებოდა ხოლმე ეს მომენტი - ზღაპრის თვალუწვდენელ, ართქმულ, არნანახ ბოლოში. მიხარია, რომ სიბერემდე არ მომიწია მოცდა და უკვე ფინალისტი ვარ.

როდის დაიწერა „მარგალიტები“? როგორ იქმნებოდა მისი მთავარი პერსონაჟი მარგო და სხვა პერსონაჟები? არსებობდნენ თუ არა ისინი რეალურად თქვენ გარშემო?

„მარგალიტების“ წერა 2020 წლის აპრილის მიწურულს დავიწყე და იმავე წლის 19 აგვისტოს დავასრულე. ვგულისხმობ პირველ მონახაზს. რედაქტირების პროცესში გარკვეული სცენები უფრო განვავრცე, ზოგი შევცვალე, თავიდან დავწერე, თუმცა ნაწარმოების ბირთვი ოთხ თვეში შეიქმნა. ჩემი მუშაობის პროცესი ასეთია - სანამ გმირს არ ვხედავ, წერას ვერ ვიწყებ. მარგოს და ანას გმირებს გონებაში ძალიან ცხადად ვხედავდი, რადგან ორივე ჩემი ხასიათის შტრიხებიდანაა შექმნილი. რაც შეეხება მარგალიტა ბებოს, ის ჩემს დიდ ბებიდაზე, ციალა ბებოზე, სვანეთის უბნის ნამდვილ მატრიარქზეა დაფუძნებული, თუმცა წერის პროცესში ბევრი რამ მასშიც შევცვალე. დანარჩენი პერსონაჟებიც ძირითადად ჩემ ირგვლივ მყოფი ადამიანების თვისებებიდან, ხუშტურებიდან და ხასიათიდან გამოიძერწნენ, ცხადია, ცვლილებებით.

დღევანდელი გადმოსახედიდან რამდენად მძიმე და განსხვავებული იყო მაშინდელი მოზარდების ცხოვრება? როგორ ეცადეთ, მთელი სიმძაფრით გადმოგეცათ იგი?

მე ზოგადად იმ ტიპის ბავშვი ვიყავი, დიდებთან ურთიერთობა რომ უფრო მოსწონს, ვიდრე თანატოლებთან, ამიტომ დედაჩემთან და მის მეგობრებთან ჭორაობას ბევრი არაფერი მერჩივნა. ბუნებრივია, ხშირად იხსენებდნენ თავიანთ ახალგაზრდობას, სტუდენტობის წლებს, რომლებიც 90-იანებს დაემთხვა და მეც ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მათთან ერთად ვიღვიძებდი და ვიძინებდი ლამფის შუქზე, მეც მათთან ერთად მციოდა და მტკიოდა. ალბათ იმანაც იმოქმედა, რომ კახეთში 2000-ინების დასაწყისშიც იშვიათად გვქონდა ელექტროენერგია და დაწყებით კლასებში მე თვითონაც ხშირად მიწევდა ლამფის შუქზე მეცადინეობა და დავალებების წერა. ეს პერიოდი ჩემი ბავშვობიდან ძალიან ცხადად მახსოვს და მიყვარს, ამიტომ გადავწყვიტე ერთი ასეთი ლამფა ჩემს პირველ წიგნშიც ამენთო. რაც შეეხება მოზარდების ცხოვრებას, იმ პერიოდში და ახლა, საბედნიეროდ, ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა, თუნდაც უფრო მეტი შესაძლებლობა და თავისუფლება გვაქვს გოგოებს საკუთარი ნიჭი და ამბიცია გამოვავლინოთ. მოგეხსენებათ, ჯერ დაბადებულებიც არ ვართ, რომ ჩვენი მშობლები უკვე ვარდისფერ ან ცისფერ ბუშტებს და ზინზილაკებს ჰკიდებენ ჩვენს ოთახებში და ჩვენი სქესიდან გამომდინარე, ამავე ფერებში გვიმზადებენ საბნებსა თუ პირველ ტანსაცმელს. მოგვწონს თუ არა, ჩვენი პირველი ამოსუნთქვიდან უკვე იყოფა ჩვენი ცხოვრება ამ ვარდისფერ და ცისფერ ხაზებად, ფაქტობრივად, ვეღარც იშლება და თითქმის უწყვეტად გრძელდება. ცისფერ ზოლში დგომას სხვა წესები აქვს, ვარდისფერ ზოლში დგომას - სხვა, და ამ წესებს ჩვენი ცხოვრების პირველივე წლებში გვახვევს საზოგადოება თავს. 90-იანებში გოგოების და ბიჭების ცხოვრებისეული გამოცდილებები კიდევ უფრო მკვეთრად გამიჯნული და პოლარიზებული იყო, ვიდრე ახლა, და კიდევ უფრო ხუთავდნენ ვარდისფერი ბაფთებით გოგონებს, ვიდრე ახლა. მიხარია, რომ ნელ-ნელა ეს ყველაფერი იცვლება, რომ შეგვიძლია თმა გავიშალოთ და რაც გვეკუთვნის, ის მოვითხოვოთ.

გვიამბეთ ცოტა რამ თქვენ შესახებ, ვინ არის „მარგალიტების“ ავტორი, რას საქმიანობს წერის გარდა?

ახლახან შემისრულდა 26 წელი, უკვე მეოთხედ საუკუნეს გადავაბიჯე, თუმცა ბევრი მეუბნება, რომ არ მეტყობა და დღემდე მეკითხებიან, რომელ კლასში ვარ. ალბათ ამ ბოლო დროს ამიტომაც ვცდილობ, დილაობით არ დავიზარო და „პომადა“ წავითხაპნო ასაკის შესაფერებლად. დაბადებით დავიბადე ვარდებისა და ახლად გამოღვიძებული კოღოების თვეში, მაისის მიწურულს. ბუნებრივია, ყოველ დაბადების დღეს ვხვდებოდი მარწყვის ტორტებით, კოღოს ნაკბენებით, მამაჩემის ძმაკაცების სადღეგრძელოებისა და უშველებელი ყანწების ფონზე, როგორც კახელებს შეგვეფერება.

საქმიანობას რაც შეეხება, განათლებით იურისტი ვარ, ხოლო ამჟამად დროებით ადმინისტრაციული ხასიათის სამუშაოს ვასრულებ. წერა და მწერლობა კი ყოველთვის იყო ჩემი ოცნება, ბავშვობიდან ვწერ და მომავალშიც ამ საქმეს მოვიაზრებ ჩემს კარიერად.

R