ავტორი:

"რამდენჯერ უნდა გაწირონ თავი ჩვენმა ბიჭებმა მათ გამო? არადა ჩვენ გვეძახიან ხამებს" - უკონტროლო საკურორტო სეზონი აფხაზეთში: რაზე საყვედურობენ აფხაზები რუსებს?

"რამდენჯერ უნდა გაწირონ თავი ჩვენმა ბიჭებმა მათ გამო? არადა ჩვენ გვეძახიან ხამებს" - უკონტროლო საკურორტო სეზონი აფხაზეთში: რაზე საყვედურობენ აფხაზები რუსებს?

ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტული სეზონი, როგორც რუსეთიდან შემოსული დამსვენებლების, ასევე ადგილობრივების უკმაყოფილების ფონზე მიმდინარეობს... რუსი ტურისტები მათ დამოკიდებულებას აპროტესტებენ, თემა ძველია - მათ მიაჩნიათ, რომ აფხაზებს არ სურთ პროგრესი, დრესკოდს უწესებენ ზღვისპირა ქალაქებში ჩასულ ტურისტებს, მათი ქცევების გაკონტროლებას მკაცრად ითხოვენ და ეს მაშინ, როდესაც ოცდაათი წელია, რეგიონში, მომსახურების ხარისხი არ იცვლება, ფასები კი, ყოველწლიურად იზრდება.

თავის მხრივ პრეტენზიები აქვთ აფხაზებსაც. მათი თქმით, არაერთი გაფრთხილების, მინიშნებისა და ამა თუ იმ ადგილებში ბანერების განთავსების მიუხედავად, ვერაფერს გახდნენ და რუს დამსვენებლებს ქალაქის ქუჩებში საცურაო კოსტიუმებით გადაადგილება ვერ მოაშლევინეს.

"ისინი თითქმის არასდროს ითვალისწინებენ შენიშვნას სამოსზე და ზედმეტად თამამად შემოსილები შედიან აფხაზურ სალოცავებში. თუმცა, შენიშვნის მიცემისას, საქმეში მათი მეგობარი მამაკაცი, ქმარი ან უბრალოდ ჯგუფის წევრი კაცი ერთვება და "ქალის მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებას" აპროტესტებს... საბოლოოდ ყველაფერი სრულდება კამათით და მათი მხრიდან ფრაზით - არასდროს არაფერი გეშველებათ, ყოველთვის ქვის ხანაში იცხოვრებთ, რადგან ცივილიზაცია თქვენთვის მიუღებელიაო", - წერენ აფხაზები სოციალურ ქსელებში.

თუმცა, სხვების თქმით, აფხაზეთში ერთადერთი სტაბილური შემოსავალი, რუსეთიდან შემოსული ტურისტების ნაკადია და ყველაფერი უნდა იღონონ, რომ მათ რეგიონის მიმართ ინტერესი არ დაკარგონ...

ყველაზე მეტი, რის გამოც აფხაზები ზაფხულის სეზონს შიშით ელოდებიან, არის კრიმინალური და ავტოსაგზაო შემთხვევების მომატება, რეგიონში უკონტროლოდ შემოსული ნარკოტიკი, "თეთრი სიკვდილი", ნარკო და ალკოდამოკიდებულთა რაოდენობის ზრდა.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც ადგილობრივები მოუგვარებელ პრობლემად მიიჩნევენ, ნასვამი და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანების ზღვაში შესვლაა. რუსი დამსვენებლები ნებისმიერ დროსა და ამინდში, შტორმისა და უამინდობის დროს შედიან წყალში.

აფხაზური საინფორმაციო სააგენტო "Апсныпресс"-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა აფხაზეთის სტუმრებს სთხოვეს, დაიცვან წყალთან ქცევის წესები, რადგან ბოლო დღეებს განმავლობაში, მაშველებმა და ადგილობრივებმა მოსალოდნელი ტრაგედიის არაერთი შემთხვევა აღკვეთეს.

მისივე ცნობით, 19 ივლისს, რუსეთის მოქალაქეებმა, წარმოშობით ომსკელმა ცოლ-ქმარმა, გვარად ფიზიკოვებმა, აგუძერასა და გულრიფშის რაიონებში, სახიფათო ტერიტორიაზე შეცურეს. ამასთან, როგორც ირკვევა, ორივე მათგანი ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო და უკან გამოსვლა გაუჭირდათ...

"ამის მიუხედავად, მათ წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილზე მისულ დამხმარე ძალას. მაშველების თქმით კი, მათ ნაპირზე გამოცურვის შანსი ძალიან მცირე ჰქონდათ..." - წერს გამოცემა.

ადგილობრივები ყოველ ასეთ შემთხვევას მწვავედ აკრიტიკებენ, რადგან მათი თქმით, მაშველები კაპიკებზე მუშაობენ და მსგავს შემთხვევებში, თავის გაწირვა უწევთ.

"წლებია ამ თემაზე ვსაუბრობთ და ვერ შევაგნებინეთ. ამიტომ, არსებობს ერთი გამოსავალი - დაე, ჩაიძირონ. რამდენჯერ უნდა გაწირონ ჩვენმა ბიჭებმა ამ ლოთი იდიოტების გამო თავი?.. შარშან დედა-შვილი დაიხრჩო, ცოლ-ქმარი, მეგობრები, და-ძმა... სადმე ხომ უნდა გაჩერდნენ და მიხვდნენ, რომ მთვრალები და ნარკოტიკებით გაბრუებულები, თან შტორმის დროს ზღვაში არ შეცვივდნენ? თუ არადა, კი ბატონო, გზაც ჰქონიათ", - წერს ადგილობრივი რევა ჯიქია.

"ჩვენ გვეძახიან პაპუასებს და ხამებს. ამაზე მეტი უნახაობა რა გინდა, შტორმის დროს ზღვაში რომ შედიან. 4 წლის წინ, ჩემი მეგობრის საოჯახო სასტუმროს დამსვენებელი იხრჩობოდა. ძლივს გადავარჩინეთ, ბეწვზე მივუსწარით, მთელი ღამე ვუთენეთ, რადგან კომაში იყო. ცოლმა კი, დილით აგდებულად მოგვიგდო - მიტოვებული ადგილი რომ არ იყოს, სახიფათო ზონები გამოყოფილი უნდა გქონდეთო... არადა, მთვრალი იყო, ისიც და მისი ქმარიც, ეს გადარჩა", - წერს ლევონ ოგანესიანი.