ავტორი:

"იმას მივაღწიეთ, რომ შვებულებაში გასარუჯად წასული "ოცნების" წევრები პარლამენტში უკან შემოვყარეთ" - ვაშაძე

"იმას მივაღწიეთ, რომ შვებულებაში გასარუჯად წასული "ოცნების" წევრები პარლამენტში უკან შემოვყარეთ" - ვაშაძე

ჩვენ იმას მივაღწიეთ, რომ შვებულებაში გასარუჯად წასული „ქართული ოცნების“ წევრები პარლამენტში უკან შემოვყარეთ და ახლა ერთმანეთს მაინც ელაპარაკებიან იმისთვის, რომ თქვენ კადრები გადაიღოთ, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ იმ სამუშაო პროცესთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე მიმდინარეობს.

კითხვაზე, რატომ არ ჯდება ოპოზიცია მაგიდასთან „ქართულ ოცნებასთან“, ვაშაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური მხარეები ერთად უნდა დასხდნენ პარლამენტის კომიტეტებსა და სესიებზე, რომელსაც საბოტაჟი და ბოიკოტი თავად „ქართულმა ოცნებამ“ გამოუცხადა.

„ნუ დაგვავიწყდება, დღეს პარლამენტში რომ ვდგავართ, რიგგარეშე სესია მოწვეულად ითვლება, რომელსაც საბოტაჟს ჯერ კიდევ ამ ქვეყნის მმართველი „ქართული ოცნება“ უცხადებს. როცა კონსტიტუციაზე საუბრობენ, სამწუხაროდ, კონსტიტუცია თავზე გადაგვახიეს, როცა სხდომათა დარბაზში შესვლაზე უარი თქვეს. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს არის საქმე ლაპარაკის ნაცვლად.

ერთი გადაწყვეტილება და პწკარი მაინც მითხარით, რომელიც უკვე დაწერეს. 17 სამუშაო შეხვედრა გაიმართაო - არც ერთ ადამიანს არ ვიცნობ, რომელიც ამ 17 შეხვედრაზე იყო. ისეთი ინტენსიური გრაფიკი მაინც უნდა ჰქონდეთ, როგორიც ჩვენ გვქონდა. გასარუჯად წასულ „ქართული ოცნების“ წევრებს ვიღაცამ მათრახი გადასცხო, პარლამენტში უნდა შევარდეთ და ხალხს მაინც აჩვენოთ, რომ ვითომ საქმეს აკეთებთო", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით საპარლამენტო ოპოზიცია მათ მიერ ფორმირებულ სამუშაო ჯგუფებში მუშაობას განაგრძობს.

პარლამენტში სამუშაო ჯგუფმა მედიის საკითხებზე გამართა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობენ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დღესვე, სამუშაო ჯგუფების ფორმატში, გაიმართება შეხვედრა გენდერის საკითხებზე, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და მართლმსაჯულების საკითხებზე.