ჩინეთის მომავალი პირველი ლედი მეუღლეს დაჩრდილავს

ჩინეთის მომავალი პირველი ლედი მეუღლეს დაჩრდილავს

ჩინეთის ისტორიაში პირველად, სახელმწიფოს მეთაურის ცოლმა, შესაძლოა, მეუღლე დაჩრდილოს. 2012 წლიდან ჩინეთის კომუნისტურ პარტიას სი ძინპინი უხელმძღვანელებს. პოლიტიკოსის მეუღლე ჩინეთში ცნობილი მომღერალი პენ ლიუანია. ეს მოვლენა ჩინეთისთვის უჩვეულოა, რადგან ამ ქვეყანაში პოლიტიკური ლიდერების პირადი ცხოვრება, ჩვეულებისამებრ, გასაიდუმლოებულია.

მეუღლის კარიერული წინსვლისთვის მომღერალს სიმღერაზე უარის თქმა მოუწევს. ინტერნეტში პენ ლიუანის შესახებ ყველა სახის ინფორმაციას ნელ-ნელა შლიან. ის ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში მუშაობს, სადაც ცოტა ხნის წინ სასცენო სამუშაოს ჩამოაშორეს და ადმინისტრაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ბოლო დროს მომღერალი საზოგადოების წინაშეც იშვიათად ჩნდება.

ოქტომბერში პენ ლიუანის მიმართ საზოგადოების ინტერესი გაიზარდა, რაც მისი მეუღლის ცენტრალურ სამხედრო კომისიაში გაწევრიანებასთან იყო დაკავშირებული. ამ კომისიაში გაწევრიანებამ სი ძინპინი სანატრელ თანამდებობასთან კიდევ უფრო დააახლოვა.

ჩინეთში პოლიტიკოსების მეუღლეებს ეჭვის თვალით მაო ძედუნის დროიდან უყურებენ. მისი მეუღლე ძიან ცინი სახელმწიფოს მართვაში აქტიურად მონაწილეობდა. კონკრეტულად, მაოს მოწინააღმდეგებს უთვალთვალებდა. ბოლოს მან ძალაუფლების ხელში აღებაც სცადა. მაო ძედუნის გარდაცვალების შემდეგ ის დააპატიმრეს.

საფრანგეთისა და აშშ-ისგან განსხვავებით, სადაც პირველი ქალბატონები კარლა ბრუნი და მიშელ ობამა ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან, მიუ იუნცინი - მმართველი პარტიისა და სახელმწიფოს ლიდერის ხუ ძინტაოს მეუღლე, ტელეკამერების წინ მხოლოდ სახელმწიფო ვიზიტების დროს, თავის "კოლეგებთან" შეხვედრებზე ჩნდება.

სი ძინპინი 54 წლისაა, მეუღლეზე ის 10 წლით უფროსია. 1986 წელს ისინი ერთმანეთს საერთო მეგობარმა გააცნო. მაშინ სი სიამენის ვიცე-მერად მუშაობდა. ისინი უკვე 23 წელია ცოლ-ქმარი არიან, მათ ერთი ქალიშვილი ჰყავთ.

"როდესაც მათ ერთმანეთი გაიცნეს, პენს მომავალი მეუღლე არ მოეწონა. ეს კაცი მას უხეშ მდაბიოდ და ძველმოდურად მოეჩვენა", - ნათქვამია 2007 წელს ერთ-ერთ ჩინურ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში. სტატიის ავტორი წერდა, რომ მუსიკაზე  საუბრებით ბოლოს სიმ მაინც მოხიბლა პენი. "პენი ამბობდა: განცვიფრებული ვიყავი და ვფიქრობდი, ნუთუ ეს ის ადამიანია, ვისაც ვეძებდი? ის უბრალოა, მაგრამ ამავდროულად ძალიან ჭკვიანი", - წერდა გაზეთი.

"როგორც სახელმწიფო მოხელე, ის ყოველთვის დაკავებულია, მაგრამ როდესაც მასთან ჩავდივარ, ის ყველა საქმიან შეხვედრას გვედრზე დებს, რათა დრო ჩემთან გაატაროს. ყოველთვის, როდესაც ერთად ვართ, ვცდილობთ, ერთმანეთს არაფერი ვაწყენინოთ და ერთად ყოფნით დავტკბეთ", - აცხადებდა პენი. 2001 წელს ერთერთ ჩინურ გაზეთში პენი ამბობდა, რომ გაუმართლა ასეთი გამგებიანი მეუღლე რომ შეხვდა.

მოგვიანებით მსგავსი სტატიები ინტერნეტიდან გააქრეს, რაც სახელმწიფო ცენზურაზე მიუთითებს.

დღეს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული პირველი დედი საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მეუღლე, ყოფილი მოდელი კარლა ბრუნია. მართალია, მან სამოდელო კარიერა დაასრულა, მაგრამ მისი წარსული დღემდე ტაბლოიდებისა და კრიტიკოსების განხილვის საგანია. ამბობენ, რომ მან საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზიც კი დაჩრდილა.

მომზადებულია rus.newsru.ua-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა