ავტორი:

"აჭარა ტექსტილის” საწარმოდან, 25-მდე თანამშრომელი კლინიკაში გადაიყვანეს

"აჭარა ტექსტილის” საწარმოდან, 25-მდე თანამშრომელი კლინიკაში გადაიყვანეს

"აჭარა ტექსტილის” საწარმოდან, 25-მდე თანამშრომელი ქობულეთის კლინიკებში არიან გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, "აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლებმა ბუნებრივი აირის ინტოქსიკაცია მიიღეს.

როგორც ქობულეთის კლინიკაში "ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და მსუბუქი მიმდინარეობისაა. მათივე თქმით, ნაწილის სამედიცინო შემოწმება ამ დრომდე მიმდინარეობს.

საწარმოს დირექტორის, დავით ჯაიანის განცხადებით, საწარმოს გაზი არ მიეწოდება და შესაბამისად, არ იცის, რას შეიძლებოდა გამოეწვია დასაქმებულების ინტოქსიკაცია. მისი თქმით, ამას სამედიცინო დაწესებულება გაარკვევს.

"ვფიქრობ, რომ პანიკური შიში აქვთ. ტერიტორიაზე "სოკარ გაზი” გამოვიძახეთ, რათა დასაქმებულები დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ გაზი საწარმოს არ მიეწოდება.

დღეს ისინი შეუძლოდ გახდნენ და მათი გადაყვანა მოხდა. სამზარეულოში, გაზი სხვა მხრიდან შედის და წარმოების პროცესში ეს ხელის შემშლელი არ არის, წარმოებას გაზი არ მიეწოდება. ტერიტორიაზე სუნი არ არის.

კლინიკაში, შეიძლება ათზე მეტია გადაყვანილი, ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. საწარმოში 200- მდე დასაქმებულია.

ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს, თუ რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია.

გაზი საწარმოს არ მოეწოდება, გადაკეტილია, შესაბამისად საწარმოში გაზის სუნი არ უნდა იყოს“, - აცხადებს დავით ჯაიანი.

ცნობისთვის, აჭარა ტექსტის საწარმოს ტერიტორიაზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან და ფაქტს სწავლობენ. საწარმოში სამუშაოები შეჩერებულია.