ავტორი:

"უკრაინელი ტყვეების ნაწილი გადაიყვანეს იმ ადგილას, სადაც დღეს დარტყმა განხორციელდა" - რუსების მორიგი პროვოკაცია და უკრაინის პასუხი

"უკრაინელი ტყვეების ნაწილი გადაიყვანეს იმ ადგილას, სადაც დღეს დარტყმა განხორციელდა" - რუსების მორიგი პროვოკაცია და უკრაინის პასუხი

ელენოვკის კოლონიაზე დარტყმა რუსული საოკუპაციო ჯარების უკიდურესად ცინიკური პროვოკაციაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტელეგრამში“ განაცხადა.

"ადგილი აქვს სიზუსტით დაგეგმილ თავდასხმას კოლონიაზე, რომელიც განახორციელა რუსულმა ჯარმა. ელენოვკაში არ არის ოპერატიული სამხედრო სამიზნე უკრაინული ჯარისთვის. უფრო მეტიც, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს აქვთ ყველა ინსტრუმენტი ობიექტების ზუსტი იდენტიფიკაციისთვის, რომელთა განადგურებაც უნდა მოხდეს - საბრძოლო მასალების საწყობების, ოპერატიულ-ტაქტიკური შტაბების, საწვავის ბაზების“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

ის ამასთანავე, აღნიშნავს, რომ რუსი პროპაგანდისტების მხრიდან საინფორმაციო კამპანიის მასშტაბი და სიჩქარე მეტყველებს იმაზე, რომ ეს იყო სწორედაც რომ დაგეგმილი და დაორგანიზებული აქცია.

"ჩვენ ვიცით, რომ ტყვეების ნაწილი დანაშაულამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიყვანეს ბარაკებში, რომლებზეც შემდეგ დარტყმა განხორციელდა. ეს არის კლასიკური, ცინიკური და კარგად მოფიქრებული „ცრუ დროშის“ ოპერაცია“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

ამავდროულად, ის ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ფედერაციის ეს პროვოკაცია იყო ორგანიზებული იმისათვის, რომ დამალულიყო დიდი რაოდენობით მტკიცებულებები რუსული ომის დანაშაულებისა და წამების მასშტაბების შესახებ, ჩაშლილიყო გაცვლითი ხელშეკრულებები, მომხდარიყო უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და კონკრეტული სახეობის უცხოური რეაქტიული იარაღის დისკრედიტაცია, რომელიც „შიშის ზარს სცემს რუს ოკუპანტებს“.

პოდოლიაკის განცხადებით, აღნიშნულ დანაშაულს გენერალური პროკურორის ოფისი და საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფები გამოიძიებენ.

პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ტაქტიკური მარცხის მოახლოებასთან ერთად ის მიმართავს სულ უფრო მეტ "კაციჭამია პროვოკაციებს".

"ამასთან, მოვითხოვთ დაუყოვნებლივ და მკაცრ რეაქციას გაეროსგან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან - რუსეთი უნდა გაირიცხოს ნებისმიერი საერთაშორისო ინსტიტუტიდან“,- განაცხადა პოდოლიაკმა.