ავტორი:

"დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავა ცალკე გაიყვანა, სადაც მკვლელობის ფაქტი მოხდა - ერთი-ერთზე იყვნენ, ჩვენებებით არ ჩანს, რომ იქ ვინმე იმყოფებოდა" - ადვოკატი

"დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავა ცალკე გაიყვანა, სადაც მკვლელობის ფაქტი მოხდა - ერთი-ერთზე იყვნენ, ჩვენებებით არ ჩანს, რომ იქ ვინმე იმყოფებოდა" - ადვოკატი

"ჯიჯეიშვილმა კუკავა ცალკე გაიყვანა, სადაც მკვლელობის ფაქტი მოხდა - გამოდის, ერთი-ერთზე იყვნენ, ჩვენებებით არ ჩანს თუ იქ ვინმე იმყოფებოდა", - ამის შესახებ ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე, ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ასლანიძის ადვოკატმა, ალექსანდრე ასაკიშვილმა განაცხადა.

უფლებადამცველის განცხადებით, რამდენიმე პირი ჩვენებაში ამბობს, რომ პირველი დაპირისპირება მირიან კუკავასა და გიორგი ხორავას შორის მოხდა.

მოგვიანებით კი, მკვლელობაში ბრალდებულმა, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავა ცალკე გაიყვანა, სადაც მკვლელობის ფაქტი მოხდა.

"გასაშველებლად გარეთ არავინ ყოფილა. ერთი-ერთზე იყვნენ, ასე გამოდის“, - განაცხადა ადვოკატმა.

  • როგორც ირაკლი ასლანიძის ადვოკატმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სასამართლო სხდომაზე, ის მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთი ღონისძიების გარეშე გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.

მისი თმით, ირაკლი ასლანიძე ჩვენებაში ამბობს, რომ ის გარეთ ხმაურზე გამოვიდა, გასაშველებლად ჩაერია და შედეგად, სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო.

"შუამდგომლობა იქნება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღკვეთი ღონისძიების გარეშე გაათავისუფლოს, ვინაიდან უსამართლოდ დაკავებულია.

საქმის მასალებიდან გამომდინარე, არც ერთი ჩვენება არ არის, არავინ ხელს არ ადებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, რომ იგი საზოგადოებისადმი უპატივცემულობას, ან აგრესიას გამოხატავდა. ანალოგურ ფაქტს ადგილი არ ჰქონია,“ - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, შემთხვევა ცხვარიჭამიაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის - ქეთათო არაბულის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. თავად ჯიჯეიშვილი კი მიმალვაში თითქმის ერთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა, მის დასაკავებლად სამართალდამცავები სამძებრო მოქმედებებს ახორციელებდნენ.