ავტორი:

გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მაქსიმალური ქულა დაიმსახურეს

გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მაქსიმალური ქულა დაიმსახურეს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. აბიტურიენტებმა დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაიგეს.

შოთა ბარამაშვილი ერთ-ერთია იმ აბიტურიენტებიდან, ვინც უმაღლესი 60 ქულიდან 60-ვე აიღეს. შოთამ თბილისის მე-10 საჯარო სკოლა დაამთავრა. მისი ისტორია გამორჩეულია იმითაც არის, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისთვის ემზადებოდა, როდესაც გამოცდის წინა დღეს, კოვიდი აღმოაჩნდა. ინერვიულა, დარდობდა, რომ მთელი შრომა წყალში არ ჩაჰყროდა, თუმცა კოვიდიც დაამარცხა და დამატებით გამოცდასაც დიდი წარმატებით გაუმკლავდა. შოთა მომავალი არქიტექტორია, ამ ეტაპზე კი მისი სამიზნე თავისუფალი უნივერსიტეტია. ამბობს, რომ მაქსიმალისტია, ამიტომაც მზად არის ნებისმიერ საკითხს ბოლომდე ჩაჰყვეს და მაქსიმალური შედეგიც დადოს.

მარიამ ცხვედიანი 52-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა. სამართალზე აბარებს და ამბობს, რომ კარგი შედეგის მიღწევაში ბევრი ფაქტორი დაეხმარა:

"მიუხედავად იმისა, რომ ეს წელი ძალიან შრომატევადი იყო და მეც მთელი ენერგია ჩავდე, ვფიქრობ, ჩემს წარმატებაში განსაკუთრებული როლი მიუძღვის მასწავლებელს, რომელთანაც ვემზადებოდი. მისი უზომოდ მადლიერი ვარ. გარდა ამისა, მაქსიმალური ქულის მიღებაში დასახული მიზნის მიღწევისკენ სწრაფვის სურვილი დამეხმარა და სულ ვცდილობდი, საკუთარ თავზე მემუშავა. ყველა საკითხს თანაბარ ყურადღებას ვუთმობდი. დედა მასწავლებელია და ჩემს წარმატებაში მასაც დიდი დამსახურება აქვს. მამხნევებდა და ყველანაირად მეხმარებოდა არა მარტო როგორც მშობელი, არამედ როგორც მასწავლებელი".

ინო ცერცვაძემ პირველი ექსპერიმენტული სკოლა დაამთავრა და მენეჯმენტის მიმართულებით სურს სწავლის გაგრძელება. მანაც გამოცდაში 60 ქულის მიღება შეძლო:

'შედეგის მისაღწევად ძალიან ბევრი ვიშრომე. თუმცა, მეცადინეობის პარალელურად, შესაძლებლობა მქონდა, რომ მეგობრებთან ერთადაც გამეტარებინა დრო. ვფიქრობ, რომ განტვირთვა აუცილებელია, მაგრამ შრომის გარეშე, წარმატებას ვერ მივაღწევდი".

გაიცანით სხვა მაღალქულიანი აბიტურიენტებიც