ავტორი:

"საქართველოში 90 000-მდე რუსი, ბელარუსი და უკრაინის მოქალაქის შესვლამ ერთჯერადი დადებითი ეკონომიკური შოკი გამოიწვია" - Fitch Ratings

"საქართველოში 90 000-მდე რუსი, ბელარუსი და უკრაინის მოქალაქის შესვლამ ერთჯერადი დადებითი ეკონომიკური შოკი გამოიწვია" - Fitch Ratings

Fitch Ratings-მა საქართველოს გრძელვადიანი უცხოური ვალუტის ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი "BB“-ის დონეზე, ანუ "სტაბილური პერსპექტივით“ დაადასტურა. ამის შესახებ სარეიტინგო კომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ ანგარიშში წერია.

Fitch Ratings წერს, რომ "საქართველოს რეიტინგს სანდო და ეფექტური პოლიტიკის ჩარჩო, ასევე, "BB“ სარეიტინგო კატეგორიის ანალოგებთან შედარებით, უფრო ძლიერი მმართველობის ინდიკატორები უდევს საფუძვლად“.

Fitch Ratings-ის მონაცემებით, საქართველოში ფულადი გზავნილები მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, 2021 წლის პირველ ნახევართან შედარებით, 65%-ით, ხოლო მხოლოდ რუსეთიდან გზავნილები სამჯერ გაიზარდა. საგარეო ნაკადების მნიშვნელოვან ზრდას Fitch Ratings უკრაინაში რუსეთის შეჭრას უკავშირებს, რამაც "ჯერჯერობით დიდი დადებითი ეკონომიკური შოკი გამოიწვია, რადგან საქართველოში 90 000-მდე რუსი, ბელარუსი და უკრაინის მოქალაქე შევიდა“. Fitch მიიჩნევს, რომ ეს არის ერთჯერადი ეგზოგენური შოკი, ხოლო საგადამხდელო ბალანსზე და საგარეო ფინანსებზე მისი გრძელვადიანი გავლენა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ნათელი.

2022 წელს გაზრდილი ფულადი გზავნილები მიმდინარე საანგარიშო დეფიციტს მთლიანი შიდა პროდუქტის (პირველ კვარტალში - 13%; 2021 წელს - 9.8%), დაახლოებით, 5.1%-მდე შეამცირებს თუმცა ჯერ კიდევ ბევრად აღემატება ამჟამინდელი „BB“-ის საშუალო მაჩვენებელს, ანუ 3.5%-ს.

ივნისში სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის 280 მლნ დოლარის (2021 წლის მშპ-ს 1.5%) სარეზერვო შეთანხმების დამტკიცება, ასევე, დადებითად მოქმედებს ლიკვიდობის გარე რისკებზე, თუმცა ხელისუფლება ამჟამად მას პრევენციულ საშუალებად განიხილავს.

აღნიშნულ ინფორმაციას BPN ავრცელებს.