ავტორი:

"მედვედევმა, წოდებით რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და სტატუსით ლენჩმა, გამოაქვეყნა პოსტი, სადაც უკრაინის შემდეგ საქართველოს ოკუპაციას აანონსებს" - რომან გოცირიძე

"მედვედევმა, წოდებით რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და სტატუსით ლენჩმა, გამოაქვეყნა პოსტი, სადაც უკრაინის შემდეგ საქართველოს ოკუპაციას აანონსებს" - რომან გოცირიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე ეხმიანება რუსეთის ექსპრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის მიერ რუსულ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელიც მედვედვემა მალევე წაშალა.

"დიმიტრი მედვედევმა, წოდებით რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და სტატუსით ლენჩმა და ღრმა ალკოჰოლიკმა, გამოაქვეყნა პოსტი, სადაც საქართველოს და ყაზახეთს ხელოვნურად შექმნილ სახელმწიფოებს უწოდებს და უკრაინის შემდეგ ამ ქვეყნების ოკუპაციას აანონსებს, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის აღსადგენად სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიერთებას. როგორც ჩანს, ეს ტექსტი კრემლში მზად ჰქონდათ წინასწარ, ისევე როგორც პუტინის მიერ შეთხზული უკრაინის ისტორია, რომელსაც კიევის აღებისთანავე გამოაქვეყნებდნენ. ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რა ისტორიულ როლს თამაშობს უკრაინა და მისი გმირი ხალხი მსოფლიოს წინაშე. პოლონეთის პრეზიდენტმა დღეს პირდაპირ განაცხადა, რომ უკრაინის დაცემის შემდეგ პოლონეთის და ბალტიის ქვეყნების რიგიც დადგებაო. როცა ამას ნატოს წევრი ქვეყანა ამბობს, რა საფრთხეები უდგათ ჩვენს მსგავს ქვეყნებს, ძნელი მისახვედრი არაა. საქართველოს გადარჩენა უკრაინის გამარჯვებაშია, ამიტომაა მისი მხარდაჭერა თითოელი ქართველის ვალი. p.s. ლენჩმა და ღრმა ალკოჰოლიკმა დიმიტრი მედვედევმა გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში ეს პოსტი წაშალა. ვნახოთ, რას იტყვის, სიმთვრალეს მიაწერს თუ იტყვის, რუსული სოციალური ქსელის გვერდი გამიტეხესო", - წერს "ფეისბუქში" გოცირიძე და შესაბამის "სქრინშოტებსაც" აქვეყნებს.

ინფორმაციისთვის, რუსულ სოციალურ ქსელ VKontakte-ში 2 აგვისტოს გაჩნდა დმიტრი მედვედევის პოსტი იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს და ყაზახეთში რუსების გენოციდი მოეწყო. პოსტი რამდენიმე წუთში გაქრა, თუმცა მისი ე.წ. სქრინშოტები ჟურნალისტმა, ქსენია სობჩაკმა გაავრცელა. მოგვიანებით რუსულ მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ დიმიტრი მედვედევის გვერდი სოციალურ ქსელ „VKontakte“-ში გატეხეს.