ავტორი:

დღის ფოტო სამებიდან: ბათუმის ტრაგედიისას დაზარალებულმა რამაზ დავლაძემ გუდაურში დაღუპულთა ოჯახებსა და შს მინისტრს მიუსამძიმრა

დღის ფოტო სამებიდან: ბათუმის ტრაგედიისას დაზარალებულმა რამაზ დავლაძემ გუდაურში დაღუპულთა ოჯახებსა და შს მინისტრს მიუსამძიმრა

გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო რამაზ დავლაძე, რომელსაც გასულ წელს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად მეუღლე, ორი შვილი და ძმა დაეღუპა.

დავლაძემ სამების ტაძარში შინაგან საქმეთა მინისტრს და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, თანამშრომლებს მიუსამძიმრა.

"თბილისში ჩამოვედი, მადლობა მინდა გადავუხადო მათ და უკანასკნელ გზაზე გავაცილო", - ამბობს ის.

ცნობისთვის მაშველები, რომლებიც გუდაურში ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ, ბათუმში კორპუსი ჩამონგრევის დროს სამაშველო საქმიანობაში მონაწილეობდნენ.

  • შეგახსენებთ, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი ორი პირის სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.

დაიღუპა ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე პირი, რომელთა შორის ეკიპაჟის 4 წევრი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსია. ამასთან გარდაიცვალა უცხოელი პარაპლანისტიც. გადარჩა მხოლოდ ქართველი პარაპლანისტი.

რაც შეეხება ბათუმში მომხდარ ტრაგედიას, შეგახსენებთ, რომ გასული წლის 8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის რამაზ დავლაძის ოჯახის ოთხი წევრი. მან ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე და ძმა დაკარგა.