ავტორი:

ვინ იყო "ძმაბიჭებში დაჩაგრული" სიმონა დოლიძე - ამბავი გურული ფირალისა

ვინ იყო "ძმაბიჭებში დაჩაგრული" სიმონა დოლიძე - ამბავი გურული ფირალისა
  • ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ: ალექსანდრე იმედაშვილი, მელქისედეკ (სიმონ) ბურჭულაძე, თეოფილე ანდგულაძე და სიმონა დოლიძე

"ძმაბიჭებში დაჩაგრული

მე ვარ სიმონა დოლიძე,

ექვსი წელი შემისრულდა,

არ მიძინია ლოგინზე.

უბედურად დადგა ჩემთვის

ათას ცხრაას თერთმეტი წელი,

გამიწყდა იმედის ძაფი,

აწ სიცოცხლეს აღარ ველი!"

ეს სიმღერა ბავშვობიდან მახსოვს. მაშინ პირველად გავიგე სიტყვა ფირალი. 10-12 წლისა რობინ ჰუდის პიროვნებით ვიყავი გატაცებული, მასზე შექმნილ ათასგვარ ლიტერატურას ვკითხულობდი, კინოთეატრ "კოსმოსსა" და "გაზაფხულში" "რობინ ჰუდის თავგადასავალი" ეროლ ფლინის მონაწილეობით რამდენჯერმე მქონდა ნანახი. უფროსებისგან კი გაგონილი მქონდა, რომ გურული ფირალები, რობინ ჰუდისა და არსენა ოძელაშვილის მსგავსად, კეთილშობილი ყაჩაღები იყვნენ, რომლებიც "მდიდარს ართმევდნენ, ღარიბს აძლევდნენ".

  • ერთი ასეთი ფირალია უკვე ლეგენდად ქცეული სიმონა დოლიძე.

ის დაიბადა 1885 წელს სოფელ ამაღლებაში, ღარიბი გლეხის ოჯახში. სიმონას მამა წლების განმავლობაში მუშაობდა ბათუმის ნავსადგურში მტვირთავთა ათისთავად. სოფლის ორკლასიანი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ბათუმში სიმონაც გაემგზავრა - მამის მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ მის ადგილას დაიწყო მუშაობა. სხვა ფირალების მსგავსად, მარქსისტულ ლიტერატურას სიმონა დოლიძე ბათუმში გაეცნო და რევოლუციურ საქმიანობაში ჩაება. რევოლუციის დამარცხების შემდეგ პოლიცია დასდევდა, ამიტომ ტყეში ფირალად გავარდა და წითელ პარტიზანებს შეუერთდა.

"პოლიციამ შემიძულა,

ოცი წლის რომ შევიქენი,

ხალხი ჩემგან იტანჯოდა,

მაგრამ კარგიც ბევრი ვქენი".

სიმონას ძმის, სამუელ დოლიძის გადმოცემით, "ახალთაობის დროს რუსის ჯარი შემოვიდა და ოზურგეთი დაწვეს. ჯარი სოფლებში გეიფანტა. მაშინ აქანა საწინააღმდეგო რაზმები იყო შემდგარი, მას მერე სიმონა დევნილი შეიქნა. ორგანიზაციაში გადაიყვანეს ამხანაგებმა, სახლში მუშაობას თავი დაანება და სხვა საქმეებზე მუშაობდა".

კომიტეტის დავალებით მან მრავალი ტერორისტული აქტი და დავალება შეასრულა, მონაწილეობდა რკინიგზის ლიანდაგების აყრაში, აყაჩაღებდა ბანკებს, ფოსტებსა და მატარებლებს.

როდესაც დოლიძე მოკლეს, ერთი გაზეთი მის შესახებ წერდა:

"მოკლულია აბრაგი დოლიძე, რომელსაც რამდენიმე ცარცვა, მკვლელობა და მატარებლების აკლების მიზნით რკინიგზის ლიანდაგის გაფუჭება ბრალდება".

სიმონა დოლიძემ სიცოცხლეს გამოასალმა მრავალი ჯაშუში და ბერ-ხუცესი, არა მარტო გურიაში, არამედ რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ადგილებში.

"რაც ყაჩაღათ გადავედი,

სულ ვიცოცხლე ექვსი წელი,

მოღალატე-გაიძვერა

მოვაშორე ხალხსა ბევრი".

მან მოკლა საკუთარი სოფლის ორი მამასახლისი - ჯერ წეროძე და შემდეგ მის მაგივრად დანიშნული კეკელიძე. როგორც ამბობენ, წეროძის გამო საზოგადოებას უზარმაზარი გადასახადი შეაწერეს.

კეკელიძემ კი სიმონას ცოლი დაიბარა, ქმრის გაცემა მოსთხოვა და თან შეურაცხყოფაც მიაყენა: სახეში სილა გაარტყა. ეს რომ გაიგო დოლიძემ, დღეობიდან დაბრუნებულ კეკელიძეს გზაში დახვდა და მოკლა. მის თანმხლებ მცველებს კი დაუყვირა, წადითო. ხელისუფლებას რომ მისი ეშინოდა, ამაზე ერთი ფაქტი მეტყველებს: ერთხელ ამაღლების მამასახლისს გაეგო, რომ სიმონა საკუთარ სახლში დაბრუნებულა. წამოიყვანა "სტრაჟნიკები" და მიადგა ჭიშკარს. სიმონამ ისინი დაინახა, გადმოიღო თოფი და ფანჯრიდან მამასახლისს დაუმიზნა, მაგრამ შემდეგ სროლა გადაიფიქრა, სოფელს დააწიოკებენო. მამასახლისმაც ვერ გაბედა ეზოში შესვლა, მხოლოდ სიმონას დედას დაუძახა: - სიმონას გადაეცი, თავს გაუფრთხილდეს, თავს ნუ მომაკლიებსო, და ამ სიტყვებით დატოვა იქაურობა. მამასახლისის სიმხდალეზე სიმონა დოლიძემ თურმე მთელი დღე იცინა...

პოლიცია მას ყველგან დაეძებდა. სოფელში იგზავნებოდა ეგზეკუცია, ხალხს ახდევინებდნენ ჯარიმებს. ამის გამო ბევრი ტერორისტის მსგავსად, დოლიძემ გადაწყვიტა დაეტოვებინა გურია და ბათუმისკენ გასწია. მას თან ახლდა მისი სახლიკაცი ანდრო დოლიძე (ლექსის მიხედვით კი "ჩემი ანდრო ბიძაშვილი") და მელქისედეკ ბურჭულაძე. მელქისედეკ ბურჭულაძე ცნობილი წითელრაზმელი იყო. ის ბავშვობიდან თბილისში მუშაობდა მღებავად. 1907 წელს ბურჭულაძე სხვა ტერორისტებთან ერთად თბილისში ავჭალის ქუჩაზე მსხვილ ტერორისტულ აქტში მონაწილეობდა. იგი დააპატიმრეს, მაგრამ 1908 წელს მეტეხის ციხიდან გაიქცა. ამის შემდეგ კი გურიაში საქმიანობდა, შემდეგ ისევ თბილისში დაბრუნდა, სადაც 1918 წელს ინგლისელებმა მოკლეს.

ნატანებში ისინი დასასვენებლად ერთ ნალიაში დაიმალნენ. სიმონას იმ დროს თურმე ფეხები აწუხებდა ("ცოტა მუხლი მე მტკივოდა"), ანდრო დოლიძე კი საჭმლის მოსატანად გაგზავნეს.

"ჯაფარიძე ურადნიკსა

თქვენ იცნობდით გურიაში,

ამ ჩემს ანდროს შეხვთენოდა

სტრაჟნიკებით მერიაში.

მაშინვე მათ მოახსენა,

ყაჩაღი მყავს ყანაშიო,

ეხლა არის ნალიაში

ვერ გადიან დღე კარშიო".

ანდრო დოლიძემ გასცა ფირალები და ჯარიკაცებმა პროპორშჩიკ ჯაფარიძის მეთაურობით ნალიას ალყა შემოარტყეს. თურმე ბურჭულაძე ნერვიულობდა და დოლიძეს უთხრა - ადგილი გამოვიცვალოთო, მაგრამ ამ დროს გამოჩნდა ანდრო დოლიძე, რომელმაც ფირალებს სადილი მოუტანა.

"კვირას, 25 სექტემბერს, დღით 2 საათზე, სადგურ ნატანების მახლობლათ სასიმინდეში თავი შეუფარებიათ ორ უცნობს, როგორც უფიქრიათ, ისინი ყაჩაღები უნდა ყოფილიყვნენ. ეს ამბავი გაუგია ადგილობრივ ადმინისტრაციას და დარაჯთა რაზმი გაუგზავნია უცნობების შესაპყრობათ. დარაჯებს ალყა შემოურტყიათ სასიმინდესათვის და მათ მოთხოვნაზე "დაგვნებდითო", უცნობებს სროლით უპასუხნიათ. თავის მხრივ, დარაჯებსაც აუტეხიათ სროლა. ერთი უცნობთაგანი გადმომხტარა სასიმინდიდან და გაქცევა დაუპირებია, მაგრამ ის დარაჯებს მოუკლავთ. მოკლული, როგორც ამბობენ უნდა იყოს ამაღლების საზოგადოების მცხოვრები ყაჩაღი სიმონ დოლიძე და მეორეს ვინაობა გაურკვეველია. დარაჯების მხრით მოკლულია პროპორჩიკი ჯაფარიძე", წერდა "კოლხიდა" 1911, #147.

'სტრაჟნიკების" დანახვაზე სიმონამ თურმე ხელი დაავლო რევოლვერს, მაგრამ მის სახლიკაცს ის იქამდე დაუშლია. ნალიიდან პირველი სიმონა დოლიძე გადმოხტა, მას მიჰყვა ბურჭულაძე. ბურჭულაძემ მოახერხა გაქცევა, სიმონა ორივე ფეხში დაიჭრა, მაგრამ შეძლო ჯაფარიძის მოკვლა.

"ერთი ტყვია გავისროლე,

თან გემოზე გავიცინე;

ჯაფარიძე ურიადნიკი

ამ ჩემს გვერდში მივიწვინე..."

გადმოცემით, დაჭრილ სიმონა დოლიძეს მაუზერი თავდამსხმელებისთვის გადაუგდია. ჯაფარიძეს ეს რომ დაუნახავს, ბურჭულაძისთვის თავი დაუნებებია და მაუზერისკენ გამოექანა, სიმონას ის მეორე მაუზერით მოუკლავს. ცნობილია, რომ სიმონა დოლიძე ორ მაუზერს ატარებდა - კონდახიანს, რომელიც თოფის მაგივრობას უწევდა და მეორე უკონდახოს. ასევე ხმარობდა თოფსა და რევოლვერს...

გადმოცემის მიხედვით, სიმონა ყოფილა საშუალო ტანის, მსუქანი, სქელი. ლამაზი სახის, თეთრფეროვანი და ჭრელთვალება. თანამედროვენი მას ახასიათებდნენ, როგორც უაღრესად გულკეთილ, თავმდაბალ, "საწყალი გულის" პატრონს, "არაფერი გლახა მისგან არ წარმოდგებოდა, გაჯავრება რომ სდომებოდა, მაინც ლმობიერი სახე ჰქონდა". მაგრამ თურმე უსამართლობას რომ ნახავდა, პასუხის გაუცემლად არ დატოვებდა. არავინ იცის, ამ ლმობიერი სახის პატრონმა ზუსტად რამდენი ადამიანი გაისტუმრა საიქიოს. მისი პორტრეტის განსხვავებული ნიშან-თვისებები ლექსშია წარმოდგენილი:

"მინდოდა, რომ დავსთხოვოდი,

ღვინით და ოტკით თრობასა,

დავლევდი, ის მე მავნებდა - გზებში ავსტეხთი სროლასა..."

ირაკლი მახარაძე

ჟურნალ "ისტორიანის" არქივიდან