ავტორი:

პეტიცია უკრაინაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ - როგორია ზელენსკის პასუხი მოთხოვნაზე, რომელსაც უკრაინის 25 000 მოქალაქე აწერს ხელს

პეტიცია უკრაინაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ - როგორია ზელენსკის პასუხი მოთხოვნაზე, რომელსაც უკრაინის 25 000 მოქალაქე აწერს ხელს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პასუხობს პეტიციას უკრაინაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის მხარდაჭერის შესახებ. პეტიციას, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე 3 ივლისს გამოქვეყნა, უკრაინის 25 000 მოქალაქე აწერს ხელს.

  • ზელენსკის განცხადებით, ქორწინების შესახებ უკრაინის კონსტიტუციაში ჩაწერილია დეფინიცია, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი, ხოლო კონსიტიტუცია არ შეიძლება შეიცვალოს ომის განმავლობაში.

ამასთანავე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, განიხილოს პეტიციაში წამოჭრილი საკითხი.

"უკრაინის კონსტიტუცია არ შეიძლება შეიცვალოს ომის, ასევე საგანგებო მდგომარეობის დროს (უკრაინის კონსტიტუციის 157-ე მუხლი). უკრაინის კონსტიტუციის 116-ე მუხლის შესაბამისად, მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად, ზომებს უკრაინის მინისტრთა კაბინეტი იღებს.

ამის გათვალისწინებით, უკრაინის პრემიერ-მინისტრს ვთხოვე, განიხილოს ელექტრონულ პეტიციაში წამოჭრილი საკითხი და მაცნობოს შესაბამისი შედეგების შესახებ“, - აღნიშნულია ზელენსკის განცხადებაში.

  • პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ თანამედროვე მსოფლიოში დემოკრატიული საზოგადოების ხარისხი ნაწილობრივ იმითაც იზომება, თუ როგორ იცავს სახელმწიფო ყველა მოქალაქის უფლებას.

პეტიციის ინიციატორი, რომლითაც ზელენსკის ერთნაირსქესიანთა ქორწინების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, 24 წლის ანასტასია სოვენკოა, ინგლისურის მასწავლებელი ზაპოროჟიედან, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც ბისექსუალი.