ავტორი:

"არ მგონია შეკვეთა რუსეთიდან მოდიოდეს, უფრო შინაურების ნამუშევარს ჰგავს" - აფხაზეთში რუსი ბიზნესმენის მკვლელობის მონაწილე რამინ ხმაილი მოკლეს: რა ვერსიები ვრცელდება მომხდარზე?

"არ მგონია შეკვეთა რუსეთიდან მოდიოდეს, უფრო შინაურების ნამუშევარს ჰგავს" - აფხაზეთში რუსი ბიზნესმენის მკვლელობის მონაწილე რამინ ხმაილი მოკლეს: რა ვერსიები ვრცელდება მომხდარზე?

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ბიზნესმენის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ე.წ. კრიმინალური სამყაროს წევრი რამინ ხმაილი, იგივე "მასიკი" მოკლეს. ის გვიან ღამით, სოხუმში საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, "მასიკს", სავარაუდოდ, დაქირავებული მკვლელი ჩაუსაფრდა და ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გაუხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია DNAbkhazia ტელეგრამ არხზე ვრცელდება...

გავრცელებული ცნობების თანახმად, დაჭრილია მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი ადამიანი.

"ძალოვანი უწყებები მომხდარზე ოფიციალურ განცხადებას არ ავრცელებენ..." - წერს ekhokavkaza.com.

მისივე ცნობით, მასიკ ხმაილი რუსი ბიზნესმენის სერგეი კლემენტოვიჩისა და მისი მეგობარი ქალის, ოქსანა სკარედნოვას მკვლელობის მონაწილეა. მას საკმაოდ მდიდარი კრიმინალური წარსული აქვს. "მასიკს" რუსი ბიზნესმენის მკვლელობის საქმეზე სასჯელის ზომად 13-წლიანი მკაცრი რეჟიმის კოლონია შეუფარდეს, თუმცა 2019 წელს, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ციხიდან გარკვეული ვადით გაათავისუფლეს.

მაშინ აფხაზები სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ "მასიკმა" საქმეში თავისი გავლენიანი სანაცნობო ჩარია, რადგან მისი "ხელმარჯვეობის, მოხერხებულობისა და რისკიანობის შესახებ კრიმინალური სამყაროსთვის კარგად იყო ცნობილი". ამასთან, თუ "მასიკი" თავს დაუფასებლად და მეგობრებისგან მიტოვებულად იგრძნობდა და ხმას ამოიღებდა, შესაძლო იყო იმ ადამიანების ვინაობაც დაეკონკრეტებინა, ვინც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა საქმეში ფიგურირებდნენ.

ცნობისთვის, სერგეი კლემენტოვიჩს აფხაზეთში ჯართის გადამამუშავებელი კომპანია Petroleum-Abkhazia ჰქონდა. თუმცა, როგორც ცნობილია, მას რეგიონში ჩასვლისთანავე პრობლემები შეექმნა - უცნობი პირები ანონიმურად უკავშირდებოდნენ და ბიზნესისთვის თავის დანებებას ურჩევდნენ.

შემდეგ ადგილობრივი მედია წერდა, რომ მკვლელობის შემკვეთი აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატი ნოდიკ კვიცინია იყო, რომლის დავალებითაც "მასიკმა" და ბიგვავამ (პირი, რომელიც მკვლელობის საქმეში ფიგურირებს) რუსი ბიზნესმენი გაიტაცეს. კვიცინიას ძმა, აფხაზეთში მაშინდელი ე.წ. მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე იყო.

სერგეი კლემენტოვიჩი

აფხაზი დეპუტატისა და რუსი ბიზნესმენის დაპირისპირების მიზეზი გაგრის რაიონის დაბა კოლხიდაში 3,5 ჰექტარი მიწა გახდა, რომელიც კვიცინიამ კლემენტოვიჩს საიდუმლოდ ორ მილიონ დოლარად მიჰყიდა, თუმცა ყიდვა-გაყიდვის ოფიციალური ხელშეკრულება 1 500 რუბლზე იყო გაფორმებული, კლემანტოვიჩმა კვიცინიას მხოლოდ 580 ათასი დოლარი გადაუხადა, დანარჩენზე კი უარი უთხრა.

როგორც გაირკვა, ამის გამო, კვიციანია და მისი გავლენანი ძმა რუს ბიზნესმენს ურეკავდნენ და სიკვდილით ემუქრებოდნენ, თუმცა იმის იმედით, რომ კლემენტოვიჩს აფხაზეთში განლაგებულ რუსეთის სასაზღვრო ძალების მეთაურობასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, მეტიც, მათი მფარველობით სარგებლობდა და კვიცინიების მუქარა არაფრად ჩააგდო. მოთმინებადაკარგულმა ნოდიკ კვიცინიამ მასიკსა და ბიგვავას მისი გატაცების ორგანიზება დაავალა.

"საქმეში ასევე იყვნენ ახრა გოპია და ასლან წვიჟბაც, რომლებმაც გატაცებულები სოფელ აძიუბჟაში გადაიყვანეს... შესაბამისად, 2012 წელს "მასიკმა" და ოჩამჩირელმა ბიგვავამ ის პარტნიორ სკარედნოვასთან ერთად, იარაღის მუქარით გაიტაცეს... ერთი წლის განმავლობაში მათ შესახებ არავინ არაფერი იცოდა, 2013 წლის 14 ოქტომბერს კი, რუსი ბიზნესმენისა და მისი მეგობარი ქალის ცხედრებს ე.წ. სამართალდამცველებმა, მიტოვებული სოფელ აძიუბჟაში, ძველ ჭაში მიაგნეს" - წერს ekhokavkaza.com.

აფხაზეთი პატარა რეგიონია, კვიცინიასა და კლემენტოვიჩს შორის კონფლიქტის შესახებ ბევრისთვის იყო ცნობილი, თუმცა კვიცინია მომხდართან დაკავშირებით, ირონიულ განცხადებებს აკეთებდა.

"სასამართლოს მტკიცებულებები არ აქვს, დამიდიოდნენ, რომ მე მოვკალი და ჩავჯდებიო" - განაცხადა მან და ზედმეტი ხმაურის თავიდან ასაცილებლად, დეპუტატის მანდატი მოიხსნა.

როგორც ჩანს, ძმებს კვიცინიებს მტრები ჰყავდათ და საქმეც გაიხსნა. "მასიკი" და ბიგვავა დააკავეს. აფხაზეთის სასამართლომ ისინი ორი პირის გატაცებაში, მათ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობაში დაადანაშაულა... 2017 წელს დააკავეს ნოდიკ კვიცინიაც.

"აფხაზეთში ასეთი მიდგომა აპრობირებულია - ჯერ ჩამოდიან ფულიანი კაცები, ხარბდებიან ჩვენს საინვესტიციო გარემოს, ბიზნესი იაფად კეთების შესაძლებლობას, თუმცა შემდეგ მათ ადგილობრივი კრიმინალები ურეკავენ და უსაფრთხოების გარანტიის სანაცვლოდ, წილში ჩაჯდომას სთხოვენ. როგორც ჩანს, ამ მოცემულობას ვერც კლემენტოვიჩმა და მისმა პარტნიორმა აუარეს გვერდი. მათ კრიმინალების რჩევა არ გაითვალისწინეს და მათთან წინააღმდეგობას შეეწირნენ კიდეც..." - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი იასონ აფხაზი.

"საინტერესოა, ვინ მოიშორა "მასიკი" და რა საქმისთვის. არ მგონია ეს შეკვეთა რუსეთიდან მოდიოდეს, უფრო შინაურების ნამუშევარს ჰგავს. შესაძლოა, ავადმყოფი ქილერი, რომელიც თავისუფლებით ტკბებოდა და ნარკოტიკებით მკურნალობდა" - წერს მზიკა მუკბა.