ავტორი:

"ერთ-ერთ NGO-ს ხელმძღვანელს რომ გავყოლოდით, მაშინ გვეყოლებოდა ნამდვილად "რუსი ტურისტები" - კობახიძე

"ერთ-ერთ NGO-ს ხელმძღვანელს რომ გავყოლოდით, მაშინ გვეყოლებოდა ნამდვილად "რუსი ტურისტები" - კობახიძე

[რუსეთზე] დამოკიდებულების გარკვეული ხარისხი ყოველთვის იყო, მათ შორის წინა ხელისუფლების დროსაც, რაც შეეხება რაღაც მიზანშეუწონელ და დიდ ზრდას, ეს მონაცემები არ დასტურდება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ კვლევას.

მისივე თქმით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსი ტურისტები მოსახლეობის 10%-ს შეადგენენ, ტყუილია და ეს მონაცემები რეალურად 7%-ზე ნაკლებია.

„ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, საქართველოში მყოფი რუსი ტურისტების რაოდენობა მოსახლეობის 10% იყო, რაც ტყუილია. მთლიანობაში 6 თვის განმავლობაში საქართველოში დაახლოებით 240 ათასი რუსი ტურისტია შემოსული, რაც მოსახლეობის 7%-ზე ნაკლებია. აქედან საქართველოში დღეს მუდმივად იმყოფება, სავარაუდოდ, ამის მეათედი, რაც მოსახლეობის 1%-იც არაა. ასეთი არასწორი ინფორმაცია ხშირად ვრცელდება. მოვისმინეთ ასევე ერთ-ერთი NGO-ს ხელმძღვანელის განცხადება ტურისტებზე, თითქოს 10%-ია. მას რომ გავყოლოდით (გახსოვთ ამ ადამიანის შესრულებით ომის რიტორიკა), მაშინ გვეყოლებოდა ნამდვილად „რუსი ტურისტები“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძე გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თავმჯდომარის ეკა გიგაურის განცხადებას, რომ დასავლეთზე „ამდენი თავდასხმის შემდეგ მოლოდინი, რომ ინტეგრაციის კუთხით რაღაცას მივაღწიოთ, ძალიან დაბალია“.

მისი თქმით, გიგაურს ომისკენ მოწოდება ჰქონდა და მის ნებისმიერ განცხადებას ყველას უნდა გაემიჯნოს.

"გიგაურს რაც შეეხება, ეს არის ადამიანი, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი ყველგან ვერ იომებს და უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობების ფანჯარაო. ასეთ დროს თითის სხვებისკენ გაშვერა წარმოუდგენელია. გიგაურს ჰქონდა პირდაპირი მოწოდება ომისკენ. ყველა ხედავს, რას ემსახურება ეს ადამიანი, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ყველა გაემიჯნოს გიგაურის ნებისმიერ განცხადებას“,- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება, რუსეთთან სავიზო პოლიტიკის გამკაცრების შესახებ კითხვაზე კობახიძე ამბობს, რომ ის სავიზო პოლიტიკა, რაც რუსეთთან მიმართებით საქართველოში დღეს მოქმედებს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ წინა ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა.

„იმ პოლიტიკის შეცვლა, რომელიც ომის შემდეგ, ომის გამო ამოქმედდა, უბრალოდ ირაციონალურია. წინა ხელისუფლებამ, ჩვენი ომის, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აამოქმედა ის სავიზო რეჟიმი, რომელიც მოქმედებს დღემდე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება, რაც ძირითადად ფულადი გზავნილების მატებითაა განპირობებული.

ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" ახალი კვლევა - „საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე; რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა“ წარადგინა. კვლევის თანახმად, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 1.2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 2.5-ჯერ მეტია.