ავტორი:

"ეს კამპანია შეკვეთილი იყო დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან. ფაქტებიც მქონდა და ბიძინას დავუდე..." - როდის და რატომ დაიწყო ბიძინა ივანიშვილსა და გია ხუხაშვილს შორის დაპირისპირება?

"ეს კამპანია შეკვეთილი იყო დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან. ფაქტებიც მქონდა და ბიძინას დავუდე..." -  როდის და რატომ დაიწყო ბიძინა ივანიშვილსა და გია ხუხაშვილს შორის დაპირისპირება?

ექსპერტმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "ლანჩთაიმში" ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობებზე ილაპარაკა.

"დაშორების შემდეგ კიდევ მქონდა კომუნიკაცია. ჩემი წამოსვლა მისთვის მტკივნეული იყო, რომ ბოლომდე ცდილობდა შევენარჩუნებინე. ბოლოს კატეგორიულად რომ ვუთხარი არა, ამის შემდეგ, ჩვენი ერთ-ერთი საერთო მეგობრის პირით შემომითვალა და ჩამიყვანა მეუღლესთან ერთად ურეკში. იქ კიდევ შეეცადა ჩემ მოთაფვლას და კონკრეტულ რაღაცას მთავაზობდა და მე კატეგორიული უარი ვუთხარი. მერე ბევრმა თქვა, რომ ვითომ გამომაგდო. ნორმალურად დავშორდით, მაგრამ მერე, რომ მივხვდი საით მიდიოდა ყველაფერი, სისტემის თავშეკავებული კრიტიკა დავიწყე. ვცდილობდი გამოსწორების გარკვეული დერეფანი დამეტოვებინა და ამის ილუზია დღემდე მაქვს.

კრიტიკაზე თავიდან რეაქცია არ ჰქონია. 2018 წელს ემას ეთერის შემდეგ გამწვავდა სიტუაცია. საპრეზიდენტო არჩევნებამდე დავიწყეთ ერთმანეთში კომუნიკაცია. იმედი მქონდა, რომ ქვეყნის შემობრუნების წყალგამყოფი გამხდარიყო. ვხედავდი რომ ბიძინას ჰქონდა პრობლემები სალომესთან დაკავშირებით და ვთავაზობდი გეგმას, რომ ეს პროცესი ნორმალურად გაევლო, რაც ქვეყნისთვისაც კარგი იქნებოდა.

თითქოს მომყვებოდა, მაგრამ რაღაც მომენტში მე რაღაც მკვახედ მივწერე და იმანაც მკვახედ მიპასუხა. გავბრაზდი და შემდეგ ემასთან ვთქვი, რომ ბიძინა დამთავრდა, ლიდერი აღარ არის და მას აღარ აქვს არანაირი პოზიტიური რესურსი. მან ჩათვალა, რომ მე წითელი ხაზი გადავკვეთე და ალბათ გახსოვთ, მისი ორი ინტერვიუ, სადაც "ტკბილად“ მომიხსენია. პირადად მე დღესაც არ მაქვს მის მიმართ არანაირი ნეგატიური გრძნობა, პირიქით, ყველაფერი კარგი მახსენდება. საზოგადოებრივში კი მე ვთვლი, რომ სერიოზულად დააზიანა ქვეყანა.

ჩემი მეუღლე ძალიან მწვავედ აღიქვამს უსამართლო კრიტიკას ჩემს მისამართით. ჩემს მიმართ გაისმოდა ცილისწამება, რუხი კარდინალი, ბიზნესები... ეს კამპანია შეკვეთილი იყო დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან. ფაქტებიც მქონდა და ბიძინას დავუდე, სერიოზული საუბარი შედგა. გვარსა და სახელს არ ვიტყვი, მაგრამ ის ადამიანი დღე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის ჩინოსანია, ვინც ეს სიბინძურე შეუკვეთა თავის დროზე.

ბიძინას დამოკიდებულება ამაში ჩანდა. მეუბნებოდა, რომ ჩემს გარდა არავინ ჰყავდა და მე ვიყავი მისი უახლოესი მეგობარი და... ასეთ რაღაცას ძალიან ისე შეხედა, იბრძვის, რა მეთოდებითაც შეუძლია. ადამიანიო, რომელიც ამ მეთოდებით იბრძვის, ჩემთვის უბრალოდ არ არსებობს. მისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი აღმოჩნდა, ესეც გახდა, ალბათ ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც დავიწყე მისგან დისტანცირება", - განაცხადა ხუხაშვილმა.

იხილეთ ასევე: