ავტორი:

"რაკეტების წვიმა" ისრაელის მიმართულებით, შეტევა "პალესტინის ისლამური ჯიჰადის მოძრაობამ" განახორციელა - რა გაფრთხილებას ავრცელებს ისრაელში საქართველოს საელჩო? (ვიდეო)

"რაკეტების წვიმა" ისრაელის მიმართულებით, შეტევა "პალესტინის ისლამური ჯიჰადის მოძრაობამ" განახორციელა - რა გაფრთხილებას ავრცელებს ისრაელში საქართველოს საელჩო? (ვიდეო)

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, "პალესტინის ისლამური ჯიჰადის მოძრაობამ" სამხრეთ ისრაელის მიმართულებით 80 რაკეტა გაისროლა. მათივე ცნობით, 46-მა რაკეტამ საზღვარი გადაკვეთა, რომელთაგან 33 საჰაერო თავდაცვითი სისტემა “რკინის გუმბათმა“ გააუვნებელყო. დანარჩენი ღია ადგილებში დაეცა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.

თელ-ავივის მუნიციპალიტეტი მოსახლეობისთვის ბომბების საწინააღმდეგო თავშესაფარს ხსნის. საჰაერო განგაშის ხმა ისმის ისრაელის ქალაქ სდეროთში, აშკელონში, ბათ-იამში, რიშონ-ლე-ციონში და ხოლონშიც.

"ჩვენ გავანადგურებთ მათ, ვინც გვემუქრება", - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

ამის პარალელურად, პალესტინური მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება ცნობები, რომ ისრაელი ღაზას სამხრეთით ობიექტებზე საჰაერო იერიშს ახორციელებს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა განაცხადა, რომ ისრაელის ძალების სამიზნე ისინი არიან, ვინც პასუხისმგებელია ვითარების გაუარესებაზე და არა ღაზა ან იქ მცხოვრებლები.

ნახეთ ვიდეოკადრები ღაზას სექტორიდან

  • ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

„6 აგვისტოს, შაბათს, 20:00 საათამდე იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები (ვადის გაგრძელების შემთხვევაში, დამატებით გაცნობებთ):

ღაზას სექტორთან 80კმ-ის რადიუსში მცხოვრებთათვის:

ნებადართულია ღონისძიებები და შეკრებები არა უმეტეს 10 ადამიანისა ღია სივრცეში და არა უმეტეს 50 ადამიანისა - დახურულ სივრცეში.

სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საბავშვო ბაღებში და საზაფხულო ბანაკებში არ განხორციელდება.

სამუშაო ადგილებზე ყოფნა მხოლოდ იმ დაწესებულებებშია ნებადართული, სადაც თავშესაფრებია.

უსაფრთხოების იგივე ნორმები მოქმედებს ცენტრალურ და დასავლეთ ნეგევის მიმდებარედ მცხოვრებთათვის. განსხვავდება მხოლოდ დახურულ სივრცეში შეკრების პირობა: ნებადართულია 100 ადამიანი.

შეცვლილია აფრენის და დაფრენის გრაფიკი ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტში.

საჯარო თავშესაფრები გახსნილია ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქებში - აშდოდი, შდეროთი, ბერშევა და ასევე, რამდენიმე ცენტრალურ ქალაქში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ და დაიცვათ აღნიშნული უსაფრთხოების ნორმები”, - ნათქვამია განცხადებაში.