ავტორი:

"ერთი კვირის წინ პირველი შვილი გააჩინა" - 27 წლის ქალი მშობიარობის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა: რას აცხადებს მისი და?

"ერთი კვირის წინ პირველი შვილი გააჩინა" - 27 წლის ქალი მშობიარობის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა: რას აცხადებს მისი და?

გუშინ ახალქალაქის ჰოსპიტალში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი 27 წლის მზისა ზაზაძეა.

გარდაცვლილის დის თქმით, მზისამ ერთი კვირის წინ იმშობიარა. მშობიარობას თან გართულებები მოჰყვა, რის გამოც მისი კლინიკაში სასწრაფოდ გადაყვანა გახდა საჭირო.

"ბევრი დეტალი არ ვიცი ჯერ, მაგრამ ერთი კვირის წინ პირველი შვილი გააჩინა. როგორც ჩანს, რაღაც გართულებები იყო. გაირკვევა ყველაფერი, იმედი მაქვს. ბავშვი თავს კარგად გრძნობს", - უთხრა ambebi.ge -ს გარდაცვლილის დამ.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა იმ სამედიცინო დაწესებულებამ, სადაც ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

ახალქალაქის ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტებით, პაციენტი მძიმე მდგომარეობაში, 6 აგვისტოს შეიყვანეს.

"გვსურს, გამოვხატოთ მწუხარება პაციენტის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახს. 6 აგვისტოს შემოიყვანეს საავადმყოფოში რთული სამედიცინო ჩვენებით. კლინიკაში შემოყვანისთანავე, ძალიან მალე, დაფიქსირდა გულის გაჩერება. ღამის განმავლობაში რამდენჯერმე განმეორდა გულის გაჩერება და ყველა შემთხვევა იყო აღმოფხვრილი რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად.

ყველაფრის მიუხედავად მისი მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე. რამდენჯერმე იყო გამოძახებული რეფერალის ბრიგადა, მაგრამ პაციენტის თბილისში გადაყვანა ვერ მოხერხდა მისი არასტაბილური მდგომარეობის, ჰემოდინამიკოს გამო. პაციენტის მართვის პროცესში იყვნენ ჩართულები ყველა დარგის, როგორც ადგილობრივი, ისე თბილისიდან მოწვეული სპეციალისტები. მიუხედავად ყველა კლინიკური ჩარევის, ინტენსიური მკურნალობისა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა პაციენტის ფიზიკური პარამეტრების გაუმჯობესება. პაციენტი დღეს, 7 აგვისტოს გარდაიცვალა” - აცხადებენ კლინიკაში.