ავტორი:

"მინდა, ვნახო პუტინი ჰააგაში, რომელიც ორივე ქვეყნის ხალხის დანგრეულ ცხოვრებაზე აგებს პასუხს" - კრემლის პროპაგანდისტის ქალიშვილი ომის იდეთ შეპყრობილი მამების წინააღმდეგ

"მინდა, ვნახო პუტინი ჰააგაში, რომელიც ორივე ქვეყნის ხალხის დანგრეულ ცხოვრებაზე აგებს პასუხს" - კრემლის პროპაგანდისტის ქალიშვილი ომის იდეთ შეპყრობილი მამების წინააღმდეგ

ცნობილი რუსი მსახიობი ვლადიმერ მაშკოვი ცნობილია, როგორც პუტინის რეჟიმის დიდი მხარდამჭერი. ის რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კრემლის პროპაგანდისტად იქცა, თუმცა განსხვავებულ პოზიციაზეა მისი ქალიშვილი მარია მაშკოვა, რომელიც ასევე მსახიობია. ის უკრაინაში გაჩაღებულ ომს ღიად აკრიტიკებს. მან ამ ცოტა ხნის წინ "ინსტაგრამის" საკუთარ ანგარიშზე გამოაქვეყნა ვიდეო არქივიდან, რომელიც ასახავს მის კიევში ყოფნას და დაწერა, - რუსეთი კვლავაც ხოცავს მშვიდობიან მოქალაქეებს ისე, რომ ჩვენ გვიყვება ვითომ "ნაცისტების" სამხედრო ბაზებს ბომბავს...

"ყოველ დილით ვნახულობ ახალ ამბებს იმ იმედით, რომ ომის დასრულების ამბავს გავიგებ, მაგრამ ეს საშინელება არადა არ მთავრდება... მინდა, ვნახო პუტინი ჰააგაში, რომელიც ორივე ქვეყნის ხალხის დანგრეულ ცხოვრებაზე აგებს პასუხს... უკრაინელებო, თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ. მთელი მსოფლიო დაგეხმარებათ დანგრეული ქალაქების აშენებაში! თქვენ ძლიერები და თავისუფლები ხართ! ჩვენ კი გიყურებთ თქვენ და ვისწავლით... დიდ ხანს, მძიმედ და მტკივნეულად..." - ვკითხულობთ მარიას პოსტში.

ამ ორიოდე დღის წინ მარიამ DDT-ს სიმღერის ვიდეოდან ფრაგმენტი გაავრცელა და დაწერა: "წადით ყველანი ტრ..ში თქვენი ომით, მამებო. ჩვენ გავიმარჯვებთ, სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს".

მოგვიანებით მარიამ განმარტა, - ამ მიმართვაში პირადად მამაჩემი არ მიგულისხმიაო.

"ასე მივმართე ომის იდეით შეპყრობილ ყველა მამას, რომლებიც შვილებს სხვის მიწაზე აგზავნიან, ვითომ საკუთარი მიწის დასაცავად. საშინლად მტკივნეულია, რომ მამაჩემიც, როგორც სხვა ბევრი მამა, შეპყრობილია იმპერიის იდეითა და, საბჭოთა კავშირის, საკუთარი შვილების თავისუფალი მომავლის ხარჯზე, დაბრუნების სურვილით", - დაწერა მარიამ "ინსტაგრამში".

იხილეთ ასევე: