ავტორი:

"ქვეყანა დასავლეთის მტკიცე მოკავშირის პოზიციიდან ანტაგონისტურ, პროკრემლურ რეჟიმზე გადავიდა" - რას წერს Foreign Policy საქართველოსა და ქვეყნის ხელისუფლების შესახებ

"ქვეყანა დასავლეთის მტკიცე მოკავშირის პოზიციიდან ანტაგონისტურ, პროკრემლურ რეჟიმზე გადავიდა" - რას წერს Foreign Policy საქართველოსა და ქვეყნის ხელისუფლების შესახებ

გამოცემა Foreign Policy საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ლაპარაკია საქართველოს პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე.სტატიის ავტორი უილ კეტკარტი წერს, რომ ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკა ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

"როდესაც საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ცოტა ხნის წინ თავს დაესხა აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს, ეს იყო უახლესი ნიშანი იმისა, რომ ქვეყანა დასავლეთის მტკიცე მოკავშირის პოზიციიდან რამდენიმე თვეში ანტაგონისტურ პროკრემლურ რეჟიმზე გადავიდა, რაც ძირს უთხრის და ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების მცდელობებს", - ვკითხულობთ სტატიაში.

პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ "4 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის 48 წევრმა გაავრცელა განცხადება და დაგმო მმართველი გუნდის, "ქართული ოცნების“ ცრუ განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეები ცდილობენ რუსეთთან ომში ჩაბმა აიძულონ."

"პარლამენტარებმა მიმართეს მმართველ პარტიას, შეწყვიტოს "ცილისმწამებლური და დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების - აშშ-სა და ევროკავშირის“ წინააღმდეგ.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს რუსულ გეზში დამნაშავე მილიარდერი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც დააფუძნა "ქართული ოცნება" და აგრძელებს მასზე გავლენის მოხდენას", - წერს სტატიის ავტორი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ 1990-იან წლებში ივანიშვილმა ქონება რუსეთში დააგროვა და ის თავისი სიმდიდრის დიდ ნაწილს ოფშორულ კომპანიებში ინახავს, მის შესახებ საუბარია პანამისა და პანდორას დოკუმენტებში და Suisse Secrets-ში. 2012 წელს მან დააარსა "ქართული ოცნება," რომელმაც იმავე წელს დაამარცხა მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მას შემდეგ ხელისუფლების სათავეშია, მიუხედავად პოლიტიკიდან მისი ე.წ. წასვლისა. 2013 წელს და ასევე 2021 წელს.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ქართველ ხალხს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით მმართველი გუნდისგან განსხვავებული პოზიცია აქვს.

"ქართველების 80 პროცენტზე მეტს კვლავ სურს ევროკავშირში გაწევრება, ხოლო 70 პროცენტზე მეტს სურს ნატოში შესვლა. დაახლოებით 120 000 ქართველი გამოვიდა ქუჩაში 20 ივნისს, რათა ეჩვენებინა მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრების თვალსაზრისით და ისინი მთავრობის კურსის შეცვლას ითხოვდნენ.

ცოტა ხნის შემდეგ, ევროკომისიამ უარი თქვა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, მანამდე სანამ ქვეყანა არ განახორციელებს რეფორმების 12-პუნქტიან ჩამონათვალს, რომელთა შორისაც შედის "დეოლიგარქიზაცია." - წერს გამოცემა.

  • ატლანტიკური საბჭოს კავკასიის მკვლევარი ეთო ბუზიაშვილი Foreign Policy-სთან ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა, რათა საქართველო ევროპულ ინსტიტუტებთან არ დაახლოებულიყო.

"როგორც ჩანს, დემოკრატიის უკანდახევა, სასამართლო სისტემის წარუმატებელი რეფორმები, პოლიტიკური დევნა, თავდასხმა თავისუფალ მედიაზე და დემოკრატიის მომხრე აქტივისტებზე, თავდასხმა სიტყვის თავისუფლებაზე განხორციელდა განზრახ, რათა ხელი შეეშალა საქართველოსთვის არ გამხდარიყო დასავლური ინსტიტუტების ნაწილი. ეს არის ის, რისი ხილვაც რუსეთს სურს საქართელოში“, - ამბობს ბუზიაშვილი.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" მიერ დემოკრატიის დემონტაჟი განსაკუთრებით თვალშისაცემია სასამართლო სისტემაში, რომლის დამოუკიდებლობაც მთლიანად განადგურებულია. "ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის 2021 წლის ანგარიშის თანახმად, წინა ორ წელიწადში "ქართულმა ოცნებამ" ოცი მოსამართლე უზენაესი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დანიშნა ისეთი მეთოდებით, რომლებსაც კეთილსინდისიერებასთან, ობიექტურობასა და სანდოობასთან საერთო არაფერი აქვს", - ვკითხულობთ სტატიაში.