ავტორი:

"თუ ადამიანს სურს, სიცოცხლით გარისკოს, შეუძლია აქ წავიდეს... აქვთ ამბიცია, რომ მათ ველურ ტრადიციებს მოვერგოთ" - აფხაზეთი რუსი ტურისტების კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა

"თუ ადამიანს სურს, სიცოცხლით გარისკოს, შეუძლია აქ წავიდეს... აქვთ ამბიცია, რომ მათ ველურ ტრადიციებს მოვერგოთ" - აფხაზეთი რუსი ტურისტების კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა

ყოველ წელს ტურისტულ სეზონზე ოკუპირებულ აფხაზეთის მოსახლეობა რუსი დამსვენებლების კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა.

"ერთი და იგივე პრობლემები, გაზრდილი ფასები და აგრესია, ამბიციები, რომ ისინი სამოთხეში ცხოვრობენ და მათ ველურ ტრადიციებს ყველა უნდა მოერგოს..." - ამბობენ ისინი.

რუსული გამოცემები ყოველწლიურად აქვეყნებენ დამსვენებლების განწყობებს აფხაზური კურორტების შესახებ...

ngs.ru-ს ცნობით, ისინი ესაუბრნენ იმ ადამიანებს, ვინც უკვე იყო აფხაზეთში, ან ახლაც იქ არის...

"მკითხველების ნაწილი კომენტარებში წერს, რომ კრასნოდარის მხარის კურორტებთან შედარებით, ფასები, ბუნება და ზღვა ბევრად უკეთესია... სხვების თქმით, იქ ერთხელ იყვნენ, ინანეს და მეტჯერ წასვლის სურვილი არ აქვთ..." - წერს გამოცემა.

"აფხაზეთი თავის ავთენტურობით საინტერესოა, ოღონდ მათთვის ვინც, ყველაფერს არის შეჩვეული, უპრეტენზიოა და ფულიც გადასაყრელი აქვს... ოღონდ ეს ჩვენთვის არ არის, იქ დასვენება ველური ბუნების მოყვარულებს ვურჩევდი" - წერს სამარელი ივან კისელევი.

კიდევ ერთი მათგანი იგორ სოლონიცინი მიიჩნევს, რომ აფხაზეთში ივნისის ბოლოსა და ივლისის დასაწყისში ისვენებდა. ის ამბობს, რომ იქ ადლერიდან ჯობია გაფრენა, ვიდრე 2,5 დღე-ღამის განმავლობაში გზაში იყო...

"ფასი, იგივეა, თუმცა, თავად აფხაზეთში ე.წ. მაღალი კლასის კვების ობიექტებსა და სასტუმროების გარდა, თითქმის ვერსად გაატარებთ პლასტიკურ ბარათს. პრობლემაა ფულის გადაცვლა, კერძოდ დოლარიდან რუბლზე, ყველგან ცდილობენ, მოგატყუონ ან ისეთ ფასში გიცვლიან, რომ ზარალში ხარ....

ახლა ჩამოგითვლით ადგილებს, რომლებიც მოვინახულეთ - რიწა, ახალი ათონი, ბიჭვინთა, გაგრა, სოხუმი, ალპური მდელოები... ექსკურსიები ყველგან ძვირია, ყველგან აგრესიულად, აგდებულად შეგვხდნენ. რამის გაკრიტიკებისთანავე თავს გვესხმოდნენ - გვეუბნებიან, ყელში ამოვიდა თქვენი დამცირება, იმიტომ გვაკრიტიკებთ, რომ გინდათ ყველაფერი რუსეთს გადავცეთო, თუ არ მოგწონთ, ნუ ჩამოდიხართო... ერთი გასვლა, თავის კვებით, ტრანსპორტით ლამის ასი ათასი რუბლი გვიჯდებოდა. ჩემი დასკვნაა - აფხაზეთში წასვლა არის ფულის ზედმეტი ხარჯვა, მით უფრო, რომ ვერ დაისვენებ.

ადგილობრივების დამოკიდებულება მკაფიოდ უსიამოვნოა. ინფრასტრუქტურა ნულზე აქვთ... რამდენიმე ადგილას ჩემმა მეუღლემ მომსახურება დაუწუნა და პირდაპირ უთხრეს, ოკუპანტებს ტყუილად არ გეძახიანო... ასე რომ, თუ ადამიანს სურს სიცოცხლით და ჯანმრთელობით გარისკოს შეუძლია, აფხაზეთში წავიდეს..." - წერს სოლონიცინი.

რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქის, ნატალია სალნიკოვას თქმით, დედამისი და მისი მეგობარი ისე მოატყუეს, რომ იქ ჩასვლის სურვილი არასდროს გაუჩნდებათ...

"მარტში, აფხაზეთში დაჯავშნეს Холодная речка-ში ნომერი. თანხა გადაიხადეს და თითქოს, ყველაფერი სამართლებრივად გააფორმეს. თუმცა ერთი თვის შემდეგ გაარკვიეს, რომ ამ პანსიონატმა სახელი შეიცვალა, მხოლოდ Речка დაიტოვა. დეტალების დასაზუსტებლად გადავრეკეთ და სრულიად სხვა ადმინისტრატორმა გვიპასუხა, ხელმძღვანელობა შეიცვალა, ის ჯავშანი დაივიწყეთ, თანხაც ანულირებულია და ყველაფერი ხელახლა უნდა გაიაროთო... საუბარია 100 ათას რუბლზე, ორი კვირის თანხაზე. მას შემდეგ კიდევ ერთხელ შეიცვალა, ახლა იგივე მისამართით, ოღონდ პანსიონატ Нарт-ის სახელით" - იხსენებს სალნიკოვა.

კიდევ ერთი დამსვენებელი ალექსანდრა ჩურიკოვა ამბობს, რომ ადგილობრივებს აღებინებდათ მათი ჩაცმულობა, წარამარა შენიშვნას აძლევდნენ მათ ხმაურზე, ქცევაზე და ახსენებდნენ, რომ აფხაზეთში არიან და არა სადღაც ტუნდრაში

თუმცა, ზოგი ირწმუნება, რომ ზოგიერთი დამსვენებელი თავად ეძებს პრობლემას და როდესაც ამ განწყობით სადმე ჩადის, ნაკლს ყველგან იპოვის.

"არ დაგვავიწყდეს, რომ იმ ქვეყანაზე ვსაუბრობთ, სადაც 30 წელია არც ომია და არც მშვიდობა... თავიანთი წინაპირობების, პლუს მენტალობის კვალობაზე, ძალიან კარგად არის ყველაფერი. თქვენც ტრანსპორტსა და ქუჩაში ნუ ივლით საცურაო კოსტიუმით, პატივი ეცით მათ ადათს..." - წერს კიდევ ერთი რუსი ინტერნეტმომხმარებელი.

"რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი აფხაზეთიდან, ვინანე და მეტჯერ მსგავს სისულელეს არ გავაკეთებ. ძლივს მოპოვებული შვებულება ჩავიშხამე და ამ კრიზისის დროს მოგროვებული თანხა წყალში გადავყარე... ორჯერ მეტად არის ფასები გაზრდილი. ბარათით ვერსად ვერ გადაიხდი, ქეშად უნდა გქონდეს ფული. ხურდის დაბრუნებაზე შეგარცხვენენ, არასდროს აქვთ წვრილი ფული და სულ ცდილობენ ნამუსზე შეგაგდონ და თანხა დაგატოვებინონ..." - წერს ეკატერინბურგელი იანა პაკულევა.

მთავარი ფოტო: 93.RU