ავტორი:

"ამბობდნენ, რომ რამდენიმე ბინა ჰქონდა რუსეთში... იცოდა, რომ მის უწყებაში შემოწმებაზე შედიოდნენ და გაასწრო" - სად გაქრა აფხაზეთის ე.წ. მთავარი სანიტარი?

"ამბობდნენ, რომ რამდენიმე ბინა ჰქონდა რუსეთში... იცოდა, რომ მის უწყებაში შემოწმებაზე შედიოდნენ და გაასწრო" - სად გაქრა აფხაზეთის ე.წ. მთავარი სანიტარი?

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. მთავარი ექიმი ლუდმილა სკორიკი გაუჩინარდა. ადგილობრივები მასთან დაკავშირებას 25 ივლისის შემდეგ ცდილობენ, მაგრამ უშედეგოდ. სკორიკი ჯერ ზარებს არ პასუხობდა, შემდეგ კი ტელეფონი გამორთო... ის არ პასუხობს არც ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილ მესიჯებს. აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო "სამსახურებრივ შემოწმებას" ახორციელებს.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, ის, რომ სკორიკი სამსახურში არ გამოცხადებულა და არც კავშირზე გამოსულა, ადგილობრივებმა 5 აგვისტოს შენიშნეს, როდესაც "ჯანდაცვის მინისტრის" მოადგილეს ედუარდ ბუთბას კორონავირუსის ხელახალი გავრცელების გამო მასთან გარკვეული საკითხები უნდა გაევლო და სხდომა მოეწვია. ის სხდომაზე არ გამოცხადდა, რაც აქამდე არ გაუკეთებია...

ამის შემდეგ სკორიკის ადგილსამყოფლის მოკვლევით ჟურნალისტებიც დაინტერესდნენ.

აფხაზი სოციალური ქსელის მომხმარებლები თემის გარშემო მსჯელობისას, წერენ, რომ ერთ-ერთი ვერსიით, სკორიკმა ქვეყნიდან ძალიან დიდი თანხა გაიტანა და გაქრა... სხვა ვერსიით, შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდეს...

"ჩვენ ვმკითხაობთ, ის უწყება კი, ვინც ამ საკითხზე უნდა მუშაობდეს, გამოძიებას უნდა ატარებდეს, დუმს..." - წერს გამოცემა.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, ის კიდევ ერთხელ შეეცადა სკორიკთან დაკავშირებას.

"მას ტელეფონი გამორთული აქვს. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური დამეი კალანძია გამოცემას ატყობინებს, რომ მთავარი სანიტარული ექიმი, სკორიკი, მართლაც არ გამოჩენილა 25 ივლისის შემდეგ, ისე, რომ მას არავითარი შეტყობინება არ დაუტოვებია სამსახურში, არც არავისთვის, იმის შესახებ, რომ სამსახურში არ გამოცხადდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მწვავეა.

ამასთან, ჯანდაცვის სამსახური ახორციელებს შესაბამისი მოკვლევას და მიღებული იქნება შესაბამისი ცნობები..." _ წერს გამოცემა, რომლის ცნობითაც, მთავარი სანიტარული ექიმის მოვალეობას ახლა ასლან ავიძბა ასრულებს.

გამოცემის ცნობით, ე.წ. გენერალური პროკურატურა სკორიკის გაქრობასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

ადგილობრივი პუბლიცისტი, ნუგზარ აგრბა ამბობს, რომ პირველ რიგში სკორიკზე ძებნა უნდა გამოცხადდეს. "აუცილებელია, გაირკვეს, გადაკვეთა თუ არა მან საზღვარი 25 ივლისის შემდეგ და ამის გარკვევა მარტივია, თან ბევრ კითხვაზე გასცემდა პასუხს" - აცხადებს აგრბა.

სკორიკის გაუჩინარებას, აფხაზები სოციალურ ქსელებშიც გამოეხმაურნენ. ნაწილის თქმით, მისი არც თუ კეთილსინდისიერი საქმიანობის შესახებ ეჭვები ისედაც არსებობდა, თუმცა ეს აფხაზეთში ჩვეულებრივი ამბავია, რადგან "ყველა საჯარო პირი ცდილობს არსებული პოზიცია, იმდენი ხნის განმავლობაში და ისე გამოიყენოს, როგორც ამის შესაძლებლობა აქვს".

"ფულს აგროვებს ყველა, იქამდე, ვიდრე მას თანამდებობიდან გაათავისუფლებდნენ, თუმცა, ქვეყნიდან ფულით გაქცევის პრეცედენტი აფხაზეთისთვისაც კი უჩვეულოა..." - წერენ ისინი.

"ამდენი თანხა ირიცხებოდა მის ბიუჯეტში, ვირუსთან საბრძოლველად და კატასტროფა ხდებოდა ყველა სამედიცინო პუნქტში... ყველა გამწვავებულ შემთხვევაზე ხელებს იბანდა, ან საქართველოში გზავნიდა, ან საიქიოში და ამბობდა, რომ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მდგომარეობა შეიქმნა. სამაგიეროდ, თავად შეიქმნა ძალიან კარგი პირობები. ამბობდნენ, რომ რამდენიმე ბინა ჰქონდა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში. იცოდა, რომ მის უწყებაში ჯანდაცვის სამსახური შედიოდა და გაასწრო. ოღონდ, შეგახსენებთ, რომ ის საქმეში მარტო იქნებოდა და ასე ჯადოქარივით არ აორთქლდებოდა..." - წერს ადგილობრივი კარმენ დარსალია.