ავტორი:

"გადავწყვიტეთ, საზოგადოებას ვუთხრათ მეტი სიმართლე... რევოლუციური სცენარის ამოქმედება 3 წლის წინ დაიწყო" - "ოცნებიდან" წასული დეპუტატების მორიგი განცხადება

"გადავწყვიტეთ, საზოგადოებას ვუთხრათ მეტი სიმართლე... რევოლუციური სცენარის ამოქმედება 3 წლის წინ დაიწყო" - "ოცნებიდან" წასული დეპუტატების მორიგი განცხადება

უკრაინაში მიმდინარე ომისთვის სამზადისი დაახლოებით 3 წლის წინ დაიწყო - ზუსტად იგივე დროს დაიწყო მზადება საქართველოში ხელისუფლების ცვლილებისთვის და ხელისუფლებაში ისეთი ადამიანების მოსაყვანად, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას მარტივად მოაწერდნენ ხელს,- ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის - "ხალხის ძალის" განცხადებაშია აღნიშნული.

მოძრაობის წევრების განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იმთავითვე არ ჰქონდა ომში ჩართვის იმედი და "სწორედ ამიტომ ცდილობდა საელჩო საპარლამენტო არჩევნებამდე და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სრული დაჟინებით ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობისა“ და მისი სატელიტების მოყვანას“.

"რადგან ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებზე ელჩის დუმილით პასუხი მივიღეთ, ამ ეტაპზე, აქ ვფიქრობდით გაჩერებას. თუმცა, ამერიკის ელჩის მიერ „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოლიგარქ დავით კეზერაშვილის კუთვნილ ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემული ინტერვიუ ჩვენთვის ერთგვარ ბოლო წვეთად იქცა.

გადავწყვიტეთ, საზოგადოებას ვუთხრათ მეტი სიმართლე იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ქართული პოლიტიკის კულისებში გასული სამი წლის განმავლობაში ვითარდებოდა. საქმე ეხება ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მცდელობას, რომელიც საელჩოს კოორდინაციით წარიმართებოდა და რომელზეც საზოგადოებას მხოლოდ ზედაპირული ინფორმაცია აქვს.

თავისთავად ის ფაქტი, რომ ელჩი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ოლიგარქი ლიდერების კუთვნილ მედიასაშუალებებს სტუმრობს, რომლებიც საქართველოში პოლარიზაციის, სიცრუისა და სიძულვილის მთავარი წყაროს ფუნქციას ასრულებენ, უკვე ყველაფერზე მეტყველებს. „ნაციონალური მოძრაობისგან“ თავისუფალ მედიას ელჩი მხოლოდ ერთხელ ესტუმრა და იქაც იმ ჟურნალისტს მისცა ინტერვიუ, რომელიც საელჩოს განსაკუთრებით ხშირი სტუმარი და რადიკალური ოპოზიციის თავგადაკლული მხარდამჭერი იყო.

ვხედავთ, რომ ელჩი კრიტიკულ მედიასა და კრიტიკულ კითხვებს გაურბის. "ფორმულაში" სტუმრობა ადასტურებს, რომ ელჩი მხოლოდ მის მიერ კონტროლირებად მედიაში და წინასწარ შეთანხმებული კითხვებით გრძნობს კომფორტულად თავს. გარდა ამისა, ეს ფაქტი საელჩოს პოლიტიკურ გემოვნებაზეც ნათლად მეტყველებს.

ინტერვიუში ვერ მოვისმინეთ ჟურნალისტის ვერცერთი კრიტიკული კითხვა თუ ჩაკითხვა, რაც საზოგადოებას საინტერესო საკითხების შესახებ სიმართლეს გააგებინებდა. ნუთუ, ეს არის ამერიკული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების სტანდარტი? ამ ფონზე, ჩვენთვის, საბოლოოდ სარწმუნო გახდა ერთ-ერთი ქართველი ექსპერტის დასკვნა იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების მიერ შვეიცარიაში სტატიების გამოქვეყნების მცდელობა სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე იბლოკებოდა და კვლავაც იბლოკება.

საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" საელჩოს გარეშე ერთ ნაბიჯსაც არ დგამდნენ და ახლა უკვე ცხადია, რომ მაშინდელი მედიამონოპოლიის უკანაც საელჩოს ხელწერა იყო. ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების ასეთი დაბალი სტანდარტი და ჩვენი ქვეყნისთვის უფრო ხარისხიანი დემოკრატია და მედია გვინდა.

„ფორმულასთვის“ მიცემულმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა, რომ საელჩო არათუ დღემდე ჩადენილ ცოდვებზე გაჩერებას არ აპირებს, არამედ, პირიქით, საქართველოს ხელისუფლებაზე შეტევის მიტანას მომავალში ახალი ენერგიით გეგმავს.

პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ კელი დეგნანმა ჩვენს შეკითხვებს და მათთან დაკავშირებულ ფაქტებს კიდევ ერთხელ სიყალბე უწოდა. რასაკვირველია, „ფორმულას“ ჟურნალისტს ერთხელაც არ მოსვლია აზრად, ელჩისთვის კრიტიკული შეკითხვა შეებრუნებინა და ეკითხა, ჩვენს მიერ დასმული რომელი შეკითხვა ან ჩვენს მიერ ნახსენები რომელი ფაქტი იყო ყალბი: გიგაურის, ლომჯარიას, მარგველაშვილის, უსუფაშვილის, ჭიაბერაშვილის, მშვილდაძის, სანაიას, გოგოტიშვილის, პოდოლიაკის, დანილოვის განცხადებები, მოსამართლის დაბარება, მისთვის ანგარიშის მოთხოვნა და ვიზიტიდან მისი მოხსნა, „ენჯეოების“ მიერ მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნა, თუ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის გამართვა? ამ ფაქტებიდან ელჩმა მხოლოდ ერთის - ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის უარყოფა სცადა და იქაც გაირკვა, რომ ჩვენი ვარაუდი მათ შორის შეხვედრის გამართვის შესახებ სრულიად საფუძვლიანი იყო.

უნდა ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შინაარსზე საუბარს ელჩი ამ შემთხვევაშიც გაექცა. ჩვენ ამერიკის ელჩს დავუსვით ძალიან კონკრეტული შეკითხვა - გამოთქვა თუ არა შეხვედრაზე ელჩმა უკმაყოფილება მთავრობის პოლიტიკით ომთან დაკავშირებით, მოსთხოვა თუ არა ამ ნიადაგზე ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნება და მოსთხოვა თუ არა მას რუსეთისთვის სანქციების დაწესება. გასაკვირი არაა, რომ ამ კითხვების დასმა ელჩისთვის ჟურნალისტს ერთხელაც არ უცდია. ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, ელჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს იყო პირადი შეხვედრა, რომელიც საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას შეეხებოდა და რომელზეც ბიძინა ივანიშვილის პირად ფინანსებზე საუბარი არ ჰქონიათ. ამერიკის ელჩმა ბიძინა ივანიშვილთან სამსაათიანი „პირადი“ შეხვედრა სტრატეგიული პარტნიორობის განსახილველად რომ მოითხოვა, ეს, ალბათ, პატარა ბავშვისთვისაც ღიმილისმომგვრელია. ფაქტია, რომ როდესაც ელჩი შეხვედრის რეალური შინაარსის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს, მას რაღაც აქვს დასამალი.

იქვე ამერიკის ელჩმა თქვა, ჩვენ ყველა პარტნიორს ვთხოვთ, უკრაინას მაქსიმალურად დაეხმარონ და იქვე აღნიშნა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ომში გაიმარჯვოსო. მანამდე ელჩს ნათქვამი აქვს, ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, საქართველო და უკრაინა ერთად იდგნენ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგო. ამგვარი განცხადებები ჩვენს ეჭვებს მეორე ფრონტის ინტერესთან დაკავშირებით დამატებით აღრმავებს, რაზეც საკუთარ დასკვნას საზოგადოებაც გამოიტანს. საზოგადოება კიდევ ერთხელ ხდება იმის მოწმე, რომ ამერიკის ელჩი ზოგადი ფრაზებით ერთს ამბობს და სინამდვილეში, სრულიად სხვა რამეს აკეთებს. როდესაც ზოგადი ფრაზები ქმედებებს არ შეესატყვისება, საზოგადოებას ლოგიკური დასკვნის გამოტანა მარტივად შეუძლია.

როგორც მოგეხსენებათ, უკრაინაში მიმდინარე ომისთვის სამზადისი დაახლოებით სამი წლის წინ დაიწყო. ერთი მხრივ, რუსეთი ემზადებოდა სამხედრო ინტერვენციისთვის და ახორციელებდა სამხედრო ძალების მობილიზებას, ხოლო, მეორე მხრივ, მიმდინარეობდა უკრაინის ინტენსიური შეიარაღება და მომზადება სამხედრო კონფლიქტისათვის.

ზუსტად იგივე დროს, სამი წლის წინ, დაიწყო მზადება საქართველოში ხელისუფლების ცვლილებისთვის და ხელისუფლებაში ისეთი ადამიანების მოსაყვანად, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას მარტივად მოაწერდნენ ხელს. ლოგიკურია, რომ ომის სცენარში საქართველოს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეეძლო. მეორე ფრონტი და საქართველოში ათეულობით ათასი რუსი სამხედროს, აგრეთვე შესაბამისი ტექნიკისა და აღჭურვილობის მოცდენა რუსეთს შეუქმნიდა მნიშვნელოვან სირთულეებს უკრაინის ფრონტზე. გარდა ამისა, მეორე ფრონტი ორმაგად დააზიანებდა რუსეთის საერთაშორისო იმიჯს, რაც ევროპას უკრაინის ფრონტისთვის დახმარების გაწევის ენთუზიაზმს კიდევ უფრო დიდი ხნით შეუნარჩუნებდა.

დიდ მოთამაშეს საქართველო რომ მეორე ფრონტად უნდა, ამაში ის, გარკვეული თვალსაზრისით, შეიძლება ვერც გაამტყუნო. დიდი მოთამაშე პროცესებს გლობალური გადმოსახედიდან უყურებს და პატარა ქვეყნის ინტერესები მის მხედველობაში ამ გადმოსახედიდან, სამწუხაროდ, ვერც კი ხვდება. თუმცა, ბუნებრივია, ნებისმიერი პატრიოტულად მომართული ხელისუფლება, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის გადარჩენაზე უნდა ზრუნავდეს და შესაბამის საფრთხეებს ქვეყანას როგორც მტრებისგან, ისე მეგობრებისგან უნდა არიდებდეს. რაც მთავარია, როდესაც ვიღაცას ქვეყნის ომში ჩართვა სურს, კეთილი უნდა ინებოს და საზოგადოებას ეს ღიად უნდა უთხრას, რათა შესაბამისი გადაწყვეტილება ხალხის ნების წინააღმდეგ არ იქნეს მიღებული. ხალხის გვერდის ავლით ამგვარი გადაწყვეტილების მიღება უხეშად ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც ათწლეულების მანძილზე დასავლური სამყაროს ქვაკუთხედი იყო. როდესაც ხალხის ძალის გეშინია და ამიტომ მას სიმართლეს უმალავ, აშკარაა, რომ ამ ხალხისთვის შენ სიკეთე არ გინდა.

გასული სამი წლის განმავლობაში, საზოგადოება აკვირდებოდა ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მცდელობას, რომელიც საელჩოდან იყო სრულად კოორდინირებული. ამ მცდელობის მთავარი მიზანი ხელისუფლებაში უსამშობლო და პატრიოტიზმისგან დაცლილი ადამიანების მოყვანა იყო, რომლებიც თვალდახუჭული მოაწერდნენ ხელს ომს, როგორი გამანადგურებელიც არ უნდა ყოფილიყო ის საქართველოსთვის.

„ქართული ოცნების“ მიმართ საელჩოს იმთავითვე არ ჰქონდა ომში ჩართვის იმედი, რადგან ზუსტად იცოდნენ, რომ პატრიოტული გრძნობები მის ლიდერებს საკუთარი ქვეყნის განადგურებაზე წასვლის შესაძლებლობას არ მისცემდა. შეუძლებელია ქვეყანა ოდნავ მაინც გიყვარდეს და ისეთ ომში შეხვიდე, რომელშიც ის სრული განადგურებისთვის არის განწირული. ბუნებრივია, ამ ყველაფერზე „ქართული ოცნების“ ლიდერები არაფრის ფასად არ წავიდოდნენ, უსამშობლო „ნაციონალები“ კი საქართველოს მეორე ფრონტად ისე აქცევდნენ, რომ ომის შესაძლო შედეგებზე კითხვასაც კი არ დასვამდნენ. სწორედ ამიტომ ცდილობდა საელჩო საპარლამენტო არჩევნებამდე და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სრული დაჟინებით ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობისა“ და მისი სატელიტების მოყვანას.

  • როგორც უკვე აღვნიშნეთ, რევოლუციური სცენარის ამოქმედება ჯერ კიდევ სამი წლის წინ დაიწყო. ყველას კარგად ახსოვს, როგორ ამოუგრიხა საელჩომ ხელისუფლებას 2020 წელს ხელი და როგორ აიძულა, ერთი მხრივ, უგულავა და ოქრუაშვილი ციხიდან გამოეშვა.

ხოლო, მეორე მხრივ, საარჩევნო სისტემა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების სასარგებლოდ შეეცვალა. ხელისუფლება იძულებული გახდა, დათანხმებოდა 120/30 სისტემას ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერით, რომელიც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების შანსებს ერთიორად ზრდიდა. თუმცა, მტკივნეული ტაქტიკური დათმობების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ბრძოლა მოიგო და საპარლამენტო არჩევნებში 90 მანდატი მოიპოვა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებამ სუფთად ჩაატარა და ეუთო/ოდირისა და სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მისი არალეგიტიმურად ცნობისათვის საბაბიც კი არ დაუტოვა. თუმცა, მოხდა გაუგონარი რამ, საერთაშორისო მისიების დასკვნების წინააღმდეგ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, რადიკალურმა ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა. საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ოპოზიცია „ქართულ ოცნებასთან“ არჩევნების შესახებ დებატებს მუდმივად გაურბოდა, მანამდე კი მათ 200 საარჩევნო უბნის გადათვლაზეც თქვეს უარი. ყველაფრის მიზეზი კი ის იყო, რომ სინამდვილეში ოპოზიციას არჩევნების შესახებ სათქმელი და დასამტკიცებელი არც არაფერი ჰქონდა. ამის მიუხედავად, საელჩომ თავისივე ფავორიტი რადიკალური ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შეყვანა „ვერაფრით მოახერხა“. ნათელაშვილის „ფანჩატური“, რომელიც საზოგადოების უდიდეს ნაწილს სასაცილოდ არ ყოფნიდა, მაშინ სწორედ საელჩოს რევოლუციური სცენარის აღსასრულებლად შეიქმნა.

ოპოზიციის მტკიცება არჩევნების გაყალბების შესახებ ხმების პარალელური დათვლის (ე.წ. პივიტის) შედეგებზე იყო აგებული, რომლის გაყალბება საელჩომ, ყველანაირი ლოგიკით, არჩევნებამდე დაგეგმა. ამერიკული დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის - „სამართლიანი არჩევნების“ მაშინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა კიდეც, რომ ინფორმაცია ცდომილების შესახებ USAID-ის თანამშრომლებს ნოემბერში უკვე ჰქონდათ. თუმცა, აღნიშნული ცდომილება მხოლოდ 11 დეკემბერს იქნა აღიარებული.

არსებითად სწორედ გაყალბებულ პარალელურ ხმის დათვლას დააფუძნა ოპოზიციამ პარლამენტში არშესვლა, რაც ამერიკის საელჩომ მყისიერად „პოლიტიკურ კრიზისად“ გააფორმა და ხელისუფლებისგან ამ კრიზისის დაძლევა მოითხოვა. საკმარისი იყო, საელჩოს დაედასტურებინა მარტივი ჭეშმარიტება, რომ ოპოზიციის პარლამენტში არშესვლა ავტომატურად პოლიტიკურ კრიზისს არ ნიშნავს და ოპოზიციაც საბოტაჟს მაშინვე შეწყვეტდა. თუმცა, ამის სანაცვლოდ, დაიწყო კიდევ ერთი თავსმოხვეული მოლაპარაკებები, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების გაფორმებით დასრულდა. 19 აპრილის შეთანხმების თავს მოხვევით, საელჩომ ჩვენი სახელმწიფო გარკვეულწილად გაიყვანა კონსტიტუციური ჩარჩოდან, რაც, სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისადმი მის უდიერ დამოკიდებულებაზე მეტყველებს“,- ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.