ავტორი:

რუსეთის ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი სოხუმში და ბჟანია-ანქვაბის საიდუმლო რუსული გეგმები - რა ელის ბიჭვინთის აგარაკებს, სოფელი აიბგას და "ენგურჰესს"?

რუსეთის ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი სოხუმში და ბჟანია-ანქვაბის საიდუმლო რუსული გეგმები - რა ელის ბიჭვინთის აგარაკებს, სოფელი აიბგას და "ენგურჰესს"?

ოკუპირებულ აფხაზეთში იმაზე ცხელი ზაფხული აქვთ, ვიდრე შორიდან ჩანს... როგორც ადგილობრივები ამბობენ, სიტუაცია ისე სწრაფად იცვლება, რომ შესაძლოა, მიმდინარე პროცესები კიდევ ერთი პოლიტიკური ცვლილების წინაპირობა გახდეს. აფხაზური მედია წერს, რომ ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და მისი გუნდის მიმართ დამოკიდებულება ყოველდღიურად იცვლება.

დღეს, 12 აგვისტოს სოხუმში, "სამუშაო ვიზიტით" ჩავიდა რუსეთის ეკონომიკის მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი, რომელმაც აფხაზ "კოლეგასთან" ერთად ის ობიექტები მოინახულა, რომელიც აფხაზეთში რუსეთის მიერ საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ფულით გაარემონტეს ან ააშენეს. მათგან ერთ-ერთია, ახალ ათონში აშენებული სკოლა.

რუსი მინისტრის ცნობით, გასულ კვირას ხელი მოეწერა "მთავრობათაშორის შეთანხმებას, რაც ორი ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაში ახალი ფურცელია. რეშეტნიკოვი, სოხუმის აეროპორტის ტერიტორიასაც ეწვია და ჩასატარებელ სამუშაოებს გაეცნო. ბჟანია მოსახლეობას აქტიურად ჰპირდება, რომ "სოხუმის უფუნქციო აეროპორტი 2024 წელს რუსული ინვესტიციით მუშაობას დაიწყებს", რაც ადგილობრივებს ნაკლებად სჯერათ.

რეშეტნიკოვ-ბჟანიას შეხვედრა

"ცალკეულ საკითხებზე უკვე აღარ ვმუშაობთ - კომპლექსურად ვუდგებით პროექტებს. აღდგენის ეტაპიდან გადავდივართ განვითარების ეტაპზე”, - განაცხადა ადგილობრივ მედიასთან მაქსიმ რეშეტნიკოვმა.

აფხაზური მედიის ცნობით, მხარეებმა აფხაზეთის საკურორტო ქალაქებში წყალმომარაგების, კანალიზაციის საკითხები განიხილეს, რომლის განვითარებასაც, ინვესტიციები სჭირდება. აფხაზური მედიის თანახმად, რეშეტნიკივს და მის აფხაზ "კოლეგას", ასევე ასლან ბჟანიას, არცერთი სიტყვა არ დასცდენიათ "ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკებზე", რომლის გარშემოც მღელვარება არ წყდება.

"საზოგადოება ხელმძღვანელობის ყველა ვიზიტს რუსეთში და რუსი ჩინოსნების აფხაზეთში ჩამოსვლას, ეჭვის თვალით უყურებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ხვალ-ზეგ კიდევ ერთი ობიექტის რუსეთისთვის ჩუქების შესახებ გახდება ცნობილი..." - წერენ აფხაზები სოციალურ ქსელებში.

ადგილობრივი ოპოზიციის მოსაზრებით, პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ლეგიტიმაცია დაკარგა. მათ შორის, იმის გამოც, რომ ბიჭვინთის აგარაკი და 184 ჰა მიწის ნაკვეთი ხალხისგან მალულად რუსეთს გადასცა. ამის შესახებ აქტიურად წერს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ადგურ არძინბაც, რომლის მოსაზრებითაც, ბჟანიამ და მისმა გუნდმა "ლეგიტიმურობა დაკარგეს, რადგან ერთ დანაშაულს, მეორეს ამატებენ..." ტელეგრამარხ" "რესპუბლიკასთან”ინტერვიუში არძინბა აცხადებს, რომ პრეზიდენტისადმი ნდობა ყოველდღიურად მცირდება, რადგან "დაპირებული რეფორმების განხორციელების ნაცვლად, ხელისუფლება საკუთარი, კომერციული ინტერესების მოგვარებაზეა კონცენტრირებული".

ადგურ არძინბა

პოლიტიკოსის თქმით, ამჯერად საკალმახე მეურნეობის ჯერი დადგა - "პრეზიდენტის" ოჯახის წევრებისა და მისი ახლო გარემოცვის ინტერესშია, შავ მდინარეზე, ყველაზე დიდი საკალმახე მეურნეობის "დენაციონალიზაცია" და კერძო პირებისთვის გადაცემა.

ekhokavkaza.com - ის ცნობით, იმის კვალდაკვალ, რომ სოციალურ ქსელში არ წყდება "ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების" გასხვისების, ასევე "ენგურჰესის" რუსული ენერგოსისტემისთვის გადაცემის გარშემო მსჯელობა, თანდათან ირკვევა ასლან ბჟანიას "წინასაარჩევნო დაპირებების" კულუარული დეტალები. ამას ემატება, კრასნოდარის მხარისთვის სოფელ აიბგას გადაცემა, სადაც თავად ე.წ. პრეზიდენტის მეგობრები ცხოვრობენ, რომლებიც მას ძვირფასი საჩუქრებით ანებივრებენ.

"ეჭვი არ არის, რომ პანდორას ყუთი გახსნილია და ასლან ბჟანიას დასაკარგი არაფერი აქვს. მან უკვე უკვდავყო თავისი სახელი, როგორც ჰეროსტრატემ..." - წერს გამოცემის ჟურნალისტი და ბლოგერი იზიდა ჭანია.

მისივე მოსაზრებით, უკვე გასაგებია, რომ ასლან ბჟანია და მისი გარემოცვა, სრულიად საიდუმლოდ იძლევიან მნიშვნელოვანი ობიექტების გასხვისების პირობებს, შემდეგ კი, ამის თაობაზე ინფორმაციას საზოგადოება შემთხვევით იგებს. "მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის მორიგი გულუხვობის შესახებ გავრცელდა ცნობები, ჩინოსნებმა დაიწყეს ახსნა-განმარტებები, თუ რა სარგებელს მოუტანს ის სახელმწიფოს და ხალხს... ამას წინათ, ერთ-ერთ "ტელეგრამარხზე" გავრცელდა დოკუმენტი, ქალაქის ტიპის დასახლება "სირიუსის" კრასნოდარის მხარის შემადგენლობაში შესვლის შესახებ... შესაბამისად, ირკვევა, რომ არსებობს პროექტი, რომლის თანახმადაც, აფხაზური სოფელ აიბგას ხარჯზე რუსეთის ამ ფედერალური ტერიტორიის საზღვრები 225 ჰექტრით უნდა გაფართოვდეს.

ინტერნეტში გავრცელებული მასალების მიხედვით, ქვეყნის ხელმძღვანელობამ საზღვრის დემარკაციის საკითხის განხილვა უკვე დაიწყო, ოღონდ, "არგუმენტები", მორიგი საჩუქრის მომგებიანობაზე ან იძულებით ნაბიჯის სარგებელზე, ჩვენთვის ჯერჯერობით არავის წარმოუდგენია, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ის ბიჭვინთის გასხვისების გასამართლებლად წარმოდგენილი არგუმენტებისგან, არაფრით განსხვავდება", - ირონიულად წერს იზიდა ჭანია.

მისივე თქმით, ოდნავ უფრო ადრე, გავრცელდა ცნობები საკალმახე მეურნეობის ლიკვიდაციის შესახებ. ამის თაობაზე ჰკითხეს ასლან ბჟანიასაც, როგორც ჟურნალისტი წერს ის დაიბნა და შეეცადა ამ გადაწყვეტილებისთვის გამართლება მოეძებნა. "თქვა, რომ 2010 წლიდან 2015 წლამდე ამ საწარმოს განვითარებისთვის 90 მილიონ რუბლზე მეტი გამოიყო საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ ჰქონია, მან ეს შეადარა რძის წარმოების პროექტს, რომლისთვისაც ასევ გამოყო ინვესტიცია, მაგრამ საწარმო არ მუშაობს. აქ ბჟანია გაჩერდა და სწორადაც მოიქცა, რადგან თუ საინვესტიციო ფულის არაეფექტიანად გამოყენებაზე ვილაპარაკებთ, სულელიც კი მიხვდება, რომ ლოგიკური საკალმახე მეურნეობის, რძის ფერმერისა და ა.შ. პროექტების მოშორება კი არ არის, არამედ იმ პრობლემის აღიარება, რომ მსგავსი პროექტების უკან დგას ალექსანდრე ანქვაბი, რომელმაც დაამტკიცა, რომ პროექტის მიზანშეწონილობისა და ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის შეფასება მისი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის", - წერს ჭანია.

იზიდა ჭანია

ჟურნალისტი, სამი ათეული წლის განმავლობაში სხვადასხვა ხელმძღვანელობის პირობებში "ინვესტორისთვის" მიყიდული და იჯარით გაცემული ობიექტებიდან მიღებული სარგებლის გაანალიზების შედეგად, ასკვნის, რომ სინამდვილეში რეგიონში არანაირი ინვესტიცია არ განხორციელებულა. "მეტიც, არაერთხელ "ინვესტორმა“ ობიექტის ძალიან პირობითი ღირებულებაც კი არ გადაიხადა... ცალ-ცალკე გაყიდული თითოეული ობიექტის "ეფექტიანობაზე“ რომ არ ვისაუბრო, განვაზოგადებ - სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია აფხაზეთში 2004 წელს შესაბამისი კანონის მიღების შემდეგ დაიწყო და ამ დროიდან 2016 წლამდე გაიყიდა რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 140 ობიექტი, ამისგან შემოსულმა თანხამ კი დაახლოებით 700 მილიონი რუბლი შეადგინა. ეს საკმაოდ მოძველებული მონაცემებია, მაგრამ სხვა ოფიციალური მონაცემები არ არსებობს - მოკლედ, გაყიდეს და დაივიწყეს...

ასევე, არ არსებობს ანალიტიკური ანგარიშები სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების გაყიდვის ეფექტიანობის შესახებ... რაც, ყოველგვარი სტატისტიკის გარეშეა ცნობილი ისაა, რომ ყოველი ტრანზაქციის შემდეგ ქვეყანაში ძვირადღირებული მანქანების რაოდენობა იზრდება...

ვიდრე ბჟანია და მისი გარემოცვა განაგრძობენ თავიანთ სრულიად გიჟურ გულუხვობას ზოგიერთი უცნობი და დაუდასტურებელი ეკონომიკური მოლოდინებით, ნება მომეცით შეგახსენოთ, ასლან ბჟანიას მაინინგპროექტი, რომელმაც დაანგრია აფხაზეთის ენერგეტიკა...

დასასრულს ეკონომისტ ხათუნა შატიპის სიტყვებს მოვიშველიებ, რასაც კომენტარი არ სჭირდება: 2022 წელს აღმასრულებელი ხელისუფლების შემოსავალი, ქვეყნის შემოსავალს 500 მილიონი რუბლით აჭარბებს. ამ მონაცემების შემდეგ კი, აშკარაა, რომ ჩვენი პრეზიდენტის და მისი გარემოცვის პროგნოზების ნდობა ქვეყნისთვის საშიშია", - წერს ჭანია.