ავტორი:

"ჩემი პერსონაჟებისგან ძალიან განვსხვავდები - ლაპარაკი არ მიყვარს, ხალხმრავლობაც არ მსიამოვნებს... მყავს მეუღლე, რომელიც ფსიქოლოგია" - როგორია იუმორისტის ცხოვრება ეკრანს მიღმა?

"ჩემი პერსონაჟებისგან ძალიან განვსხვავდები - ლაპარაკი არ მიყვარს, ხალხმრავლობაც არ მსიამოვნებს... მყავს მეუღლე, რომელიც ფსიქოლოგია" - როგორია იუმორისტის ცხოვრება ეკრანს მიღმა?

ბავშვობიდან ოცნებობდა, ტელევიზორში მოვხვედრილიყო. ძალიან მოსწონდა 15 წლის წინ სატელევიზიო სივრცეში დაწყებული ახალი იუმორისტული გადაცემა "შაბათის შოუ" და მისი მსახიობების გვერდით ყოფნა უნდოდა.

"მათ შემაყვარეს ეს ჟანრი და მიმდინარეობა... და წლების მერე ამიხდა ეს ოცნება და ამ ჯგუფის წევრი აღმოვჩნდი,“ - გვეუბნება გივი პაპავა, დღეს უკვე "კომედი შოუ" მსახიობი.

"მაყურებელმა გამიცნო, ხალხის სიყვარული დავიმსახურე, რაც ბევრ რამეს ნიშნავს. ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს და ვარ ძალიან ბედნიერი. ჩემი პერსონაჟებით, იუმორით ვამხიარულებ ხალხს, რასაც ადამიანები მხოლოდ სიყვარულის სახით მიბრუნებენ უკან,“ - აღნიშნავს გივი. ის წარმოშობით იმერელია. დაიბადა და გაიზარდა ხონში. როგორც ამბობს, მოუსვენარი და ცელქი ბავშვი ყოფილა, ხუმრობა და იუმორი სულ ახასიათებდა... მეშვიდეკლასელი კი ხონის თეატრში მისულა, სადაც 2 წლის განმავლობაში სპეტაკებშიც მონაწილეობდა.

"ხონის თეატრი ტრადიციული და ცნობილია, იქ ბევრ კარგ მსახიობს აქვს კარიერა დაწყებული, მათ შორის, იპოლიტე ხვიჩიას. თეატრი მის სახელს ატარებს. იქ კარგი კლასი გავიარე, ბევრი რამ ვისწავლე და სცენაზე ასე ავიდგი ფეხი... მერე „კავეენ“-ის თამაში დავიწყე, სასკოლო ჩემპიონატი იყო და... მოგვიანებით ქუთაისის გუნდში „იშვიათი იმერლები“ მოვხვდი, საქართველოს ჩემპიონიც გავხდი და საბოლოოდ ასე აღმოვჩნდი "კომედიში" - გვიყვება იუმორისტი...

- სცენა ასე რომ გიზიდავდა, თეატრში ძალებიც მოგისინჯავს და გაგიმართლა კიდეც. „თეატრალურში“ რატომ არ ჩააბარე?

- სხვათა შორის, მინდოდა, "თეატრალურში" ჩაბარება. სკოლას რომ ვამთავრებდი, ამაზე ვფიქრობდი. მერე ისე მოხდა, რატომღაც გადავიფიქრე და „ტურიზმზე“ ჩავაბარე, მაგრამ მაინც იმ საქმეს გავყევი, რაც გულში მქონდა და მინდოდა, რომ მეკეთებინა. ამ სფეროში რაღაცისთვის მიმეღწია. ამასთან, ძირითადი პროფესიაც მაქვს, საქართველო ტურისტული ქვეყანაა და ალბათ ოდესმე საყვარელ საქმე რომ შევეშვები, ჩემს პროფესიას გავყვები.

- "ტურიზმზე" ჩაბარება ვინმემ გირჩია, თუ ეს დარგი შენი სურვილით აირჩიე?

- სკოლის პერიოდში ძალიან მიყვარდა ლაშქრობებზე მეგობრებთან ერთად წასვლა, საქართველოში სხვადასხვა ადგილების, მათ შორის, ისტორიული ადგილების დათვალიერება, კარვითაც დავდიოდით. ახლაც მიყვარს სხვადასხვა ადგილების დალაშქვრა და პროფესიის არჩევა ამ ყველაფერმა განაპირობა.

- მოკლედ, მოხვდი კომედიური ჟანრის პოპულარულ მსახიობებში...

- 2016 წელს "კავეენ"-ში საქართველოს ჩემპიონატი ტარდებოდა. როგორც გითხარით, „იშვიათ იმერლებში“ ვიყავი. სანამ ფინალი დაიწყებოდა, სადღაც 10 წუთით ადრე, ალეკო მალხაზიშვილმა მე და ჩემს მეგობარს, თემო ნიქაბაძეს გვითხრა, რომ სტაჟირებაზე და გამოსაცდელი ვადით ჩვენი აყვანა უნდოდა. თან, საქართველოს ჩემპიონები გავხდით და საუკეთესო მოთამაშეები გამოსაცდელი ვადით აგვიყვანეს. ეგ პერიოდი კარგად გავიარეთ, მაქსიმალურად ყველაფერი გამოვავლინეთ და "კომედი ჯგუფის“ წევრები გავხდით. როცა ასეთი გამოცდილი, ნიჭიერი და პოპულარული ადამიანები შესაძლებლობას გაძლევენ ოცნება აიხდინო, წამითაც არ უნდა დაფიქრდე. მერე კი მაქსიმალურად უნდა იყო მობილიზებული, დაამტკიცო, რომ მათთან ერთად გააგრძელო შემდეგ საქმე - გაამხიარულო ხალხი.

- რა მოგიტანა ამ საქმემ, გარდა იმისა, რომ პოპულარული გახდი?

- ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი ხალხი სიყვარულია. სადაც შევდივარ, ყველა ღიმილით მიყურებს. რა ამის პასუხია და ყოფილა შემთხვევა და პანაშვიდზე, სამძიმარზე მივსულვარ და ჩემთვის მანიც ღიმილით შემოუხედავთ. ვიღაცას თუ შენი ერთი დანახვაც გაამხიარულებს და დღეს გაულამაზებს, ამაზე მეტი ადამიანს რა უნდა უნდოდეს?! რთულია ხალხის სიყვარულის დამსახურება და როდესაც ამას ყოველ 2 ნაბიჯზე ვგრძნობ, ეს ამბავი მიხარია.

- ადამიანების უმეტესობას მსახიობები ცხოვრებაშიც ისეთივე ჰგონია, როგორსაც ეკრანზე, ამა თუ იმ როლში უყურებენ...

- კი, უმეტესობას ჰგონია, რომ რეალურად როგორი პერსონაჟსაც ვთამაშობ, ცხოვრებაშიც ისეთივე ვარ. არადა, ცხოვრებაში იმ პერსონაჟებისგან ძალიან განვსხვავდები. ლაპარაკი არ მიყვარს, ჩემთვის ვარ, ხალხმრავლობაც არ მსიამოვნებს... არადა, სადღაც რომ მოვხვდები, მეუბნებიან, - მოდი, რა გაგვაცინე? ამ დროს 50 კაცი გიყურებს... ეს არ მსიამოვნებს, მაგრამ 2-3 ჭიქას რომ დავლევ, უკვე ჩემით „მეხსნება“... ბევრჯერ ყოფილა ასეთიც, სადღაც მივსულვარ და ორმეტრიან ხალხს უთქვამს, თამადა უნდა იყო და დალიოო... არა, რას ამბობთ, თამადობა არა-მეთქი. მაგრამ მათიც მესმის, ხომ ვამბობ, თავიანთი შეხედულება აქვთ, ასე აღიქვამენ...

- როცა ადამიანი ოცნებას აიხდენს, ცხოვრების რაღაც საფეხურზე ადის, ითვლება, რომ წარმატებულია. რას ფიქრობ, წარმატებული ხარ.

- კი, წარმატებული ვარ. მე და ჩემმა მეგობარმა, თემო ნიქაბაძემ ბევრი ვიშრომეთ, როგორც გითხარით, სკოლის პერიოდში „კავეენ“-ს ვთამაშობდით. მერე „ფეისბუქზე“ ვიდეოების დადება დავიწყეთ, რასაც მოჰყვა ქუთაისის სახელით „კავეენ“-ის თამაში. 4-5 წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ ამ ყველაფრისთვის მიგვეღწია. მერე იყო ის გამოსაცდელი პერიოდი, რაც გავიარეთ და „კომედიშიც“ მოვხვდით. მიმაჩნია, რომ მე და ჩემმა მეგობარმა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ამისთვის მიგვეღწია... მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მუდმივად ბევრი შრომა გვიწევს, რომ თავი დავიმკვიდროთ.

- მოკლედ, შრომა და მიზანმიმართულობაა შენი წარმატების ფორმულა, ხომ?..

- ნუ, ნიჭიც თავისას შვრება, რომელიც ადამიანმა უნდა გამოიყენოს. ბევრი ნიჭიერი მინახავს, რომ ჰგონია, თავისით მოვა ყველაფერი, რადგან ნიჭი აქვს. ბევრი უნდა იშრომო, თავისით არაფერი მოდის.

- ქალის, მამაკაცის, პატარ ბიჭის როლები, ბევრი რამ გითამაშია - მგონი, ყველა პერსონაჟის შექმნა შეგიძლია...

- ყველასი არა, - მქონია შემთხვევა, ამა თუ იმ როლის თამაშისას უხერხულ სიტუაციაში ვყოფილვარ, რადგანაც ვერ მომირგია. ქალის როლს რაც შეეხება, წულუკიანსაც ვაკეთებდი და ტიკარაძესაც. არ გამჭირვებია, მაგრამ მეტად კაცის როლის თამაში მომწონს, ბიჭის, ბავშვის... ერთი ეპიზოდი მახსენდება, როცა რაღაც ვერ მოვირგე, ქართლელი უნდა ვყოფილიყავი... არის როცა რაღაცას ვერ ვირგებთ და მერე ჩანაცვლება ხდება. შეიძლება ის ფორმა გიხდებოდეს, მაგრამ მხოლოდ ფორმაც არ არის...

- ოჯახი როგორ გაფასებს?

- მოსწონთ, მაგრამ უთქვამთ, რომ ამაზე არ გაგვეცინაო. კარგია, როცა მეუბნებიან, რომ რაღაც არ მოეწონათ. ე.ი. იმ კონკრეტულ მომენტში რაღაც გამოსასწორებელია. სათქმელი ჯობია, პირდაპირ მითხრან, ვიდრე შეფარვით.

- დაცინვის, ან ბულინგის ობიექტი ხომ არ ყოფილხარ და როგორი რეაქცია გაქვს მაგ დროს?

- ბულინგის ობიექტი არც ბავშვობაში ვყოფილვარ და არც დიდობაში. ერთადერთი ჩემს სიდაბლეს აღნიშნავენ ხოლმე, რაზეც არასდროს გავბრაზებულვარ. პირიქით, ამაზე თვითონაც ვღადაობ ამა თუ იმ ვიდეოსა თუ სკეტჩში. თვითკრიტიკული იუმორი მიყვარს. თუ ვინმეს სიდაბლე მინუსად მიაჩნია, რა გითხრათ? ვიღაც ორმეტრიანია, ვიღაც - ერთმეტრიანი. ძალიანაც მომწონს ტანდაბალი რომ ვარ, რომ შეხედავ ადამიანს და გაგეცინება, თან, იუმორის სფეროში გარეგნობაც ხომ თავის საქმეს აკეთებს. რაღაც დამახასიათებელი უნდა გქონდეს ან ფიზიკურად, ან ლაპარაკის მანერით, რომ ადამიანს დაამახსოვრდე. პანდემიის პერიოდში პირბადით, ქუდით ქუჩაში ვყოფილვარ და მაინც ვუცნივართ. ასე რომ, საკუთარ თავზე თვითონ უნდა შეგვეძლოს ხუმრობა. ჩემთვის საკუთარი თავი მისაღებია ისეთი, როგორიც ვარ. თუ ვინმესთვის მიუღებელი ვარ, ეს მისი პრობლემაა.

- საკუთარ ოჯახი გაგვაცანი.

- მყავს მეუღლე და ორი შვილი. უფროსი ბიჭი 2 წლის და 6 თვისაა, მეორე გოგონაა და ჯერ ერთი თვისაა. მოკლედ, მე, მეუღლე და ორი ბავშვი ვცხოვრობთ ბედნიერად და გემრიელად...

- მზრუნველი ადამიანი ხარ ოჯახის წევრების მიმართ?

- კი, ვცდილობ, მაგრამ დროის საკითხია, ტელევიზიაში ისეთი გრაფიკი გვაქვს, მთელი დღე დაკავებული ვარ. თუ თავისუფალი დრო მაქვს, მინდა, რომ ავანაზღაურო და მთლიანად ოჯახს დავუთმო. რამდენად გამომდის, ეს ოჯახის წევრების შესაფასებელია... მეუღლე პროფესიით ფსიქოლოგია, ამჟამად არ მუშაობს, პატარები რომ გვყავს, ცდილობს, სახლში იყოს და შვილებზე იზრუნოს. სექტემბრიდან ალბათ გავა სამსახურში. საკუთარ სახლი სამი წლის წინ შევიძინე, როცა დავოჯახდი. გადავწყვიტეთ ცალკე გადავსულიყავით და დამოუკიდებლად გვეცხოვრა.

- შენ მაყურებელს რას ეტყვი?

- მოიწყონ კარგი შვებულება, ნაყოფიერად დაისვენონ, ოჯახის წევრებთან, საყვარელ ადამიანებთან, მეგობრებთან, ბებიებთან, ბაბუებთან ერთად გაატარონ. მნიშვნელობა არ აქვს, მთაში იქნებიან თუ ზღვაში, ნებისმიერი წუთი გამოიყენონ იმისათვის, რომ სექტემბრიდან ახალ სეზონზე სავსე დასვენებულები შეუდგნენ საქმეს და ახალ-ახალი რაღაცები გააკეთონ საკუთარ პროფესიაში. გული მწყდება, ქუჩაში მოღუშულები, მოწყენილები და დაფიქრებულები რომ დადიან. რაც არ უნდა პრობლემა გვქონდეს, ერთმანეთს უნდა გავუღიმოთ. ეს რაღაც მომენტში ერთმანეთზე ზრუნვას ნიშნავს. ზრუნვა კიდევ სიკეთეა. ბევრი ღიმილი, ბევრი პოზიტივი და სიყვარულია საჭირო.