ავტორი:

"დაღესტნელი პაციენტები მიყვებოდნენ, ომი რომ დაიწყო, რუსებმა ჩვენგან თითქმის მთელი რესპუბლიკის კაცები წაიყვანესო" - რას ჰყვება რუსეთიდან დაბრუნებული ქართველი მედიკოსი?

"დაღესტნელი პაციენტები მიყვებოდნენ, ომი რომ დაიწყო, რუსებმა ჩვენგან თითქმის მთელი რესპუბლიკის კაცები წაიყვანესო" - რას ჰყვება რუსეთიდან დაბრუნებული ქართველი მედიკოსი?

"ლარსის საზღვართან 12-კილომეტრიანი რიგში ვიდექით. ქართველებიც იყვნენ, მაგრამ სამჯერ მეტი რუსი და ცოტა ნაკლები სომხები მოდიოდნენ. კოვიდ-პანდემიის გამო სამ წელზე მეტია სახლში არ ჩამოვსულვართ და მე და ჩემს ოჯახს, ერთი სული გვქონდა აქაურობა გვენახა... ლამის ვინანეთ წამოსვლა. ასაკოვანი დედა მოგვყავდა, რომელსაც მუხლები და ხერხემალი აწუხებს. მოსკოვის შემდეგ, სულ რამდენიმე საათიან შესვენებებს ვაკეთებდით, მხოლოდ ვლადიკავკაზში დავრჩით ერთი ღამე და დილით ადრე გავაგრძელეთ გზა" - ასე იხსენებს საქართველოში ჩამოსვლას ქართველი ემიგრანტი ქეთი დოჩია.

მისი თქმით, ის მოსკოვის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს და თავად ნახა, ბოლო თვეების განმავლობაში, როგორ ცდილობს უამრავი ადამიანი რუსეთიდან საქართველოში, ან სხვა ქვეყნებში წასვლას. ზოგი რამდენიმე თვით, წლით, ან სულაც სამუდამოდ.

- თანამშრომელი მიყვებოდა შვილებზე. ერთ-ერთს სომეხი ცოლი ჰყავს, ჩვენ ვურჩიეთ, სომხეთში წასვლა დროებით მაინც, მაგრამ თავად საქართველო არჩიეს, გავარკვიეთ და იქ უკეთესი პირობებიაო... არც სომეხი რძალია იყო წინააღმდეგი, რაც ძალიან გამიკვირდა.

მოსკოვი დიდი ქალაქია და შეზღუდვები, სანქციების კვალი, თუ დახურულ ბრენდული მაღაზიებს არ ჩავთვლით, ჯერჯერობით არ იგრძნობა. რაღაცების შექმნას თავადაც ცდილობენ, მაგრამ ცხადია, თავადაც იციან, რომ ეს ის არ იქნება, რაც დასავლეთიდან შემოდიოდა. არიან პროგრესულად მოაზროვნეებიც, ვინც ამ ომს და ზოგადად, პუტინის პოლიტიკას ეწინააღმდეგება, მაგრამ ზოგი კრემლის პოლიტიკას უჭერს მხარს. ყველა ასაკის და პოლიტიკური გემოვნების ადამიანია ჩემს პაციენტებში, ზოგი წლებია ჩემთან დადის და ლამის ოჯახიანად ვიცნობ. როდესაც ამ თემაზე საუბარს იწყებენ, ზოგი აღშფოთებულია, რა ელის რუსეთს, ნაცისტურ გერმანიას ვემსგავსებით და ჩვენს გარშემო წრე ვიწროვდება, ნეტაც გამასწრებინა აქედანო, ამბობენ. თუმცა, ზოგი ამბობს, ყოჩაღ ჩვენს პრეზიდენტსო... სულ რაღაც წამებში დაასწრო, თორემ უკრაინა, ნატოს, ამერიკის წაქეზებით თავს დაგვესხმოდა და ჩვენს ხალხს ამოჟლეტდაო.

მათ ვერაფრით დააჯერებ, რომ სამხედრო სამსახურში წასულ კონტრაქტორებს კაპიკებს უხდიან. კონტრაქტორების ძალიან დიდი ნაწილი ძირითადად დაღესტნელები არიან. პაციენტები მყავს დაღესტნელები და მიამბეს, უკრაინის ომი რომ დაიწყო, რესპუბლიკა ლამის დაცარიელდაო. ახლა არ ვიცი რა ხდება და პირველ ჯერზე კონტრაქტორები, ვითომ გამოცდილი, გაწვრთნილი ძალა წაიყვანეს, წვევამდელები არ წაუყვანიათო... ომის პირველივე დღეებში გრუზ-200-ები რომ წამოვიდა, დაღესტანში მგონი, ოჯახი არ დარჩა, ვისაც ეს წყეული მანქანა არ მიადგაო...

ამას წინათ, ერთი ბიჭი ჩამოსულა, კონტუზია მიიღო და მერე შვებულებაში გაუშვიათ, ეტყობა, ჩააწყო, თორემ ისე არავინ გაუშვებდა. გვიყვებოდა, რუსული სამთავრობო არხები რასაც ჰყვებიან 20 %-იც არ არის სიმართლე, რაც იქ ხდება, იმის მეათედსაც არ აჩვენებენო. ეგ ჩვენც კი ვიცით, მაგრამ ამ ხალხს რას შეაგნებინებ, პენსიას აგროვებენ და პუტინის ან თავდაცვის ფონდში რიცხავენ, მას უფრო სჭირდებაო. რამდენიმემ ბინა სახელმწიფოს, ან პრეზიდენტს დაუტოვა ანდერძად, მაშინ როდესაც მათი შვილები და შვილიშვილები ქირით ან ძალიან ვიწროდ ცხოვრობენ.

ოპოზიციური არხები დახურეს. "ეხო მოსკვის" ვუსმენდი ომის პირველ დღეებში და პუტინის მომხრე პაციენტები ზიზღით მიმითითებდნენ, გამორთეთ ეს მასონების დაფინანსებული ნაგავიო... რომ იგებდნენ ქართველი ვიყავი, ჯერ ცხვირს მიბზუებდნენ, თქვენს კარგად აგირიეს დასავლეთში გონება, მაგრამ ამ ბოლო დროს ცოტა აზრზე მოდიხართ, ამიტომ წლის ბოლისთვის ჩვენი ხელისუფლება, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს და საჰაერო მიმოსვლასაც აღადგენსო.

- ამბობდნენ, რომ იმ ორგანიზაციების თანამშრომლებს, რომლებიც სანქციის პირობებში დაიხურა, კომპენსაციას მისცემდნენ, ასეა?

- არა, რა თქმა უნდა. ახლა რუსეთში ხელფასი აქვს მხოლოდ ექიმებს, პოლიციას და პედაგოგებს, ჩემი სიძე ერთ-ერთ დიდ კორპორაციაში მუშაობდა, ეს კომპანია, დასავლეთიდან შემოსული საქონლის სერტიფიცირებას ახდენდა, მთელ რუსეთში ჰქონდა ფილიალები და ბიუროები. სანქციების ფარგლებში დაიხურა. ასობით ადამიანს, იანვრიდან ხელფასი არ აუღიათ. სადაც მოსკოვის ცენტრალური ოფისის თანამშრომლებს არ მისცეთ, ცხადია, არც სხვას გადაუხდიდნენ. ამ ბოლოს ადგილობრივ ბაზარზე უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ბელარუსის საქონელი შემოდის. ამიტომ ცდილობს ბევრი გაქცევას...