ახალციხეში ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა დაახლოებით 30 წლის წინ დაწყებულ მამის საქმიანობას ახალი სიცოცხლე შესძინა და ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვებისგან უნიკალური დიზაინით დამზადებული სამკაულების ბიზნესი თანამედროვე მოთხოვნებს მოარგო. დღეს მიერ ძვირფასი ქვებისგან დამზადებული სამკაულების გაყიდვები თვეში 15 000 ლარს აღწევს.
30 წლის გიორგი ხითარიშვილმა მეუღლესთან თათია გაჩეჩილაძესთან ერთად ერთი წლის წინ კომპანია My Stones დააფუძნა, რომლის მთავარი მიზანიც ოჯახური ტრადიციის გაგრძელება და მომხმარებლამდე ავთენტური პროდუქციის მიტანაა, რაც, როგორც თავად განმარტავენ დღეს პრობლემას წარმოადგენს.
1990-იან წლებში გიორგის მამას საქართველოში ძვირფასი ქვები ჩამოჰქონდა, რომელთა შეძენაც თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე მისსავე მაღაზიაში იყო შესაძლებელი. ქვები მას უკრაინაში თავის პარტნიორებთან მიჰქონდა, მათ საამქროში სამკაულებს ამზადებდა და შემდეგ უკან ბრუნდებოდა საქართველოში. როგორც გიორგი ხითარიშვილი იხსენებს, 2 000-წლამდე საქმიანობის გაჩერება მოუწიათ, შემდეგ მხოლოდ ძვირფასი ქვების რეალიზაციით იყვნენ დაკავებულები, დაახლოებით ერთი წლის წინ კი მეუღლის, თათიას ინიციატივით საოჯახო ბიზნესი თანამედროვე მოთხოვნებს მოარგეს და სრულად განაახლეს.
„ალბათ დაახლოებით 30 წლის სამყოფი ქვები გვექნება, რომელთა ღირებულებაც ევროპაში ჩვენს ფასებს 15-ჯერ აღემატება. ჩვენ პროდუქციას შედარებით ხელმისაწვდომ ფასსაც ვამზადებთ იმიტომ, რომ ძვირფასი ქვების მარაგი უკვე გვაქვს და შესყიდვა აღარ გვიწევს, თუ განსაკუთრებული შემთხვევა არ გვაქვს. ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა კარგად გაგვიცნოს და იცოდეს, რომ სამკაულებს მხოლოდ ბუნებრივი ქვებისგან ვამზადებთ და არა შეღებილისგან, რაც ბაზარზე დიდი რაოდენობით გვხვდება და არაპროფესიონალისთვის მისი ამოცნობა რთულია,“ - განმარტავს My Stones-ის დამფუძნებელი გიორგი ხითარიშვილი.
როგორც თავად გვიამბობს, მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ დაარსებიდან პირველ წელს, როცა ფაქტობრივად, სტარტაპის მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, 100 000 ლარზე მეტის ღირებულების შეკვეთები გააფორმეს. ახლანდელი მდგომარეობით კი თვეში შეკვეთების ჯამური მოცულობა 8 000 ლარიდან 14 000 ლარამდეა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელს მიეწოდებოდეს სწორი ინფორმაცია და მაქსიმალურად მის კმაყოფილებაზე ვართ ორიენტირებულები. „ფეისბუქის“ მეშვეობით საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას ბაზარზე არსებული შეღებილი, ყალბი ქვების შესახებ, რომელთაც ისე ყიდიან, როგორც ბუნებრივს,“ - აღნიშნა გიორგი ხითარიშვილმა.
ერთწლიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ, გადაწყდა, რომ თბილისის რომელიმე დიდ მოლში My Stones-ის სტენდი უნდა გახსნილიყო, რაც, როგორც გიორგი ხითარიშვილი განმარტავს, შეიძლება მხოლოდ სურვილად დარჩენილიყო, რომ არა „საქართველოს ბანკის“ 14 000-ლარიანი დაფინანსება. როდესაც კომპანიის დამფუძნებლები სტენდისთვის საჭირო ფინანსების მოძიებაზე მუშაობას საბოლოოდ დაასრულებენ, მის ნახვას მომხმარებელი საბურთალოს „სითი მოლში“ შეძლებს.
სამკაულების დიზაინზე გიორგის მეუღლე თათია მუშაობს, მის იდეებს კი გიორგის მამის პარტნიორი ტექნიკოსი ახორციელებს, ხოლო ასტროლოგი, რომელთანაც თანამშრომლობენ, მომხმარებლებს სურვილისამებრ მათთვის შესაბამის ქვებს ურჩევს. My Stone-ის მცირე გუნდი გეგმავს, ჩვენს ქვეყანაში ძვირფას და ნახევრადძვირფას ქვებთან დაკავშირებით ცნობიერება აამაღლოს და ამასთანავე, მომხმარებელს ისინი ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზოს.
მისი თქმით, ყველაზე მოთხოვნადი ქვები თავიანთი ენერგეტიკის მიხედვით არის: ქრიზოპრაზი - წარმატება, ციტრინი - ფინანსები, ვარდისფერი კვარცი - სიყვარული, გიშერი, ობსიდიანი - ავი თვალისგან დაცვა, აქატი - ჯანმრთელობა.
„ჩვენ მაქსიმალურად ვერგებით მომხმარებლის მოთხოვნებს. თითოეულ ქვას მისი თვისებებიდან და პირადი რუკიდან გამომდინარე ვურჩევთ და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას. დიზაინში შეგვაქვს როგორც ქართული, ისე უცხოური ელემენტები, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მაინც მომხმარებლის გემოვნებაზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, რომ მალე ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება, ჩვენი ნამუშევრები უკვე ადგილზე ნახოს და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება,“ - განმარტა თათია გაჩეჩილაძემ.
My Stones-ის ნამუშევრებისა და ძვირფასი ქვების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება მათი „ფეისბუქ“ გვერდის მეშვეობით არის შესაძლებელი.
R