ავტორი:

"გიდმა აგვიხსნა, ეს ვიტრინა რუსმა ტურისტებმა გაგვიტეხესო... სამწუხაროდ, თან გაქცეულან" - რა მოხდა წინანდლის მუზეუმში და როგორია მუზეუმის ოფიციალური პასუხი

"გიდმა აგვიხსნა, ეს ვიტრინა რუსმა ტურისტებმა გაგვიტეხესო... სამწუხაროდ, თან გაქცეულან" -  რა მოხდა წინანდლის მუზეუმში და როგორია მუზეუმის ოფიციალური პასუხი

13 აგვისტოს, წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში რუსი ტურისტების დაუდევრობას ექსცესი მოჰყვა. როგორც დამთვალიერებელი მაკა მარშანია გვიყვება, ინციდენტის შემდეგ, რუსი ტურისტები გაიქცნენ და მათ მომხდარზე პასუხი არ უგიათ.

"მე და ჩემი მეუღლე წინანდალში ვისვენებდით და ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დათვალიერება გადავწყვიტეთ. ჩვენ ცენტრალური შესასვლელიდან არ შევსულვართ, "რედისონიდან“ ჩავედით და პირველი, რაც თვალში მომხვდა, ის იყო, რომ ნებისმიერი ზედა ოთახიდან მისაწვდომი იყო მუზეუმში შესვლა, არანაირი კონტროლი არ იყო. მოხდა ისე, რომ რამდენიმე ოთახში მოხდა სხვა ჯგუფებთან კვეთა, რომელთაც გიდი ჰყავდათ, ანუ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გიდს და ჯგუფს შეუერთდეს. გიდი ხომ ვერ გაარჩევს, ვინ ქუჩიდან შევიდა და ვინ ტურისტულ ჯგუფშია? მეორე დღეს, წამოსვლის წინ დრო გვქონდა და ისევ მივედით მუზეუმში, გადავწყვიტეთ ფასიანი სერვისებით გვესარგებლა - "რედისონის“ ენოთეკაში ვიყიდეთ ბილეთები და შეგვეძლო მუზეუმში გიდის მომსახურებითაც გვესარგებლა. ადმინისტრატორს ვუჩვენეთ ბილეთი და, რა თქმა უნდა, ქვემოთ, პირველ ოთახში გაგვიშვა. ჩვენც შევუერთდით ქართულენოვან ჯგუფს.

კაბინეტის ოთახის ზღურბლთან ვხედავ, წვრილი მაღალი მაგიდაა, რომელზეც მხოლოდ ხავერდის ბორდოსფერი ქსოვილი დევს. არადა, წინა დღით ვნახე, იმ ადგილას ოქროსფერი ჯიბის საათი, ულამაზესი და თითქოს მომინანქრებული პერანგის საკინძეები და ნინო ჭავჭავაძის უნაზესი მარაო იდო. რასაკვირველია, ნივთები მოვიკითხე. მუზეუმის გიდმა აგვიხსნა, ეს ვიტრინა გუშინ რუსმა ტურისტებმა გაგვიტეხესო. წარმოიდგინეთ, იქ რა აღშფოთება იქნებოდა დამთვალიერებლების მხრიდან. მოგეხსენებათ, ოთახში ბარიერის სახით დამაგრებულია მსხვილი გამყოფი თოკები, რაც იმის მაჩვენებელია, რომ იმის იქით შესვლა და ნივთებთან მიკარება არ შეიძლება. ეს ნივთები თოკიდან 20სმ-ზე იდო მინის ვიტრინაში. როგორც გიდმა გვიამბო, ამ თოკზე რუს ტურისტებს ბავშვი დაუსვამთ და ქანაობდა, მერე ის უკან გადავარდნილა და ვიტრინა ჩამსხვრეულა. მანვე დაამატა, - ისეთი ზრიალი იყო, გვეგონა, შენობა ჩამოიქცაო. მუზეუმის თანამშრომლებს, პირველ რიგში, მთელი ყურადღება ექსპონატებზე გადაუტანიათ და, სამწუხაროდ, რუსი ტურისტების ოჯახი გაქცეულა. ამაზეც აღვშფოთდით ყველანი, იმ შენობიდან ჭიშკრამდე ორი წყება დაცვა დგას და როგორ უნდა გაქცეულიყვნენ, ბოლოს და ბოლოს ვინმეს დაერეკა დაცვისთვის და ეთქვა, - დააკავეთო. მუზეუმის მთელი ტერიტორია გადაკეტილია, გასასვლელის გარდა, ვერსაიდან გაიქცეოდნენ. ისიც თქვეს, რამე რომ ვთქვათ, - აქეთ არ მოგვდგნენ რუსებიო. ბავშვი რომ დასვეს თოკზე და აქანავებენ, ვიღაცას ხომ უნდა მიეცა შენიშვნა? ან ჯგუფი რომ გამოდის ოთახიდან, უკან ხომ უნდა მოიხედო, ვინმე დარჩა, თუ - არა. ექსპონატები არ დაკარგულა, მაგრამ დაზიანებულა. ნინოს მარაო უნატიფესი და უნაზესია, სპილოს ძვლის, სიფრიფანა, უთხელესი ფირფიტაა და გვითხრეს, რომ გატყდა. ყველაზე ძალიან მიდგომამ გამაგიჟა, ახლაც მე-19 საუკუნე ხომ არაა, რატომ უნდა ვეფეროთ ყველას? რუსი ტურისტი ჩვენს საგანძურს ანადგურებს და პასუხი რატომ არ უნდა მოვთხოვოთ? რატომ ვაძლევთ ამდენის უფლებას? ამ ფაქტით ისეთი გაოგნებული და აღშფოთებული ვიყავი, რაც იქ დასვენებით სიამოვნება მივიღე, იმ ერთ დღეს ჩამშხამდა“, - გვიყვება მაკა მარშანია.

  • აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წინანდლის მუზეუმი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს:

"გვსურს ოფიციალური განმარტება გავაკეთოთ წინანდლის მამულში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ მუზეუმში, მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით.წინანდლის მუზეუმს ყოველწლიურად 100 ათასზე მეტი დამთვალიერებელი სტუმრობს. ჩვენ მიერ მუზეუმის მართვის 15-წლიანი ისტორიის განმავლობაში რაიმე მსგავს ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

სამწუხაროდ, ერთ-ერთი დამთვალიერებელი, კერძოდ კი, მშობლებთან ერთად მუზეუმის დასათვალიერებლად მოსული ბავშვი, უხერხულად მიეყრდნო ალექსანდრე ჭავჭავაძის ოთახის დამცავ ბარიერს, წონასწორობა დაკარგა და დაეჯახა ოთახში მდგარ ვიტრინას, რის შედეგადაც დაზიანდა ანა ბაგრატიონის ნაქონი მარაო.

პირველადი დათვალიერების შედეგად ვიმედოვნებთ, რომ მარაოს დაზიანებული მალები აღდგენას ექვემდებარება.მუზეუმში მუდმივად მიმდინარეობს ვიდეომონიტორინგი, შესაბამისად, აღნიშნული ინციდენტი დაფიქსირებულია მუზეუმის ვიდეოკამერების საშუალებით.

ინციდენტის შემდეგ მუზეუმმა მიმართა კანონით გათვალისწინებულ პროცედურას. პროცედურით გათვალისწინებული ყველა ეტაპის გავლის შემდეგ ნივთი გადაეგზავნება რესტავრატორს და სულ მალე ანა ბაგრატიონის მარაო დაუბრუნდება საგამოფენო სივრცეს.